ყველგან 3-4 კომპანიაა და ბაზარს ისე აკონტროლებენ, რომ სავაჭრო ობიექტებში ერთნაირი ფასებია
ქეთო გოგოხია
23.05.2022

მონოპოლიასთან ერთად, ქართულ ბაზარზე დიდი ოლიგოპოლიაა, რასაც ფინანსური ბაზრის მკვლევარები ადასტურებენ. საწვავის ბაზარზე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, ფაქტობრივად, მოხსნილია. აშკარაა, რომ 3-4 კომპანიის კარნახით დგინდება ფასები და  ეს ეხება საბითუმო ბაზრებს, ასავე _ საცალო ქსელებსაც. ანალოგიური მდგომარეობაა ფარმაცევტულ სექტორში, ასევე _ ქათმის გაყინული ხორცისა და მარცვლეულის ბაზარზე, თითქმის  ყველა სეგმენტში, სადაც ბაზრები ნაკლებად დივერსიფიცირებულია და შემომტანი კომპანიების რაოდენობა მცირეა. აუცილებელია, ქვეყანაში ოლიგოპოლიურ რისკებზე თამამად დაიწყოს საუბარი და მთავრობამ ამ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებაზე სწრაფი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან მომხმარებელი ძალიან ზარალდება. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ადასტურებს, რომ, საწვავისა და ფარმაცევტული ბიზნესის შემდეგ, გაყინული ქათმის ხორცის ბაზარი ერთ-ერთი პირველია, სადაც ოლიგოპოლია მაღალ დონეზეა და ამ მხრივ სიტუაცია წლების განმავლობაში უცვლელია.

„დავიწყოთ ქათმის ფარშით. ესაა ნედლეული, რაც  დიდი მოცულობით შემოდის, რაოდენობრივად არის 1700 ტონიდან 2200 ტონამდე თვეში. ქათმის ფარში, ძირითადად, გამოიყენება ძეხვის წარმოებაში, ამიტომ ამ კუთხით მართლაც არსებობს, მაქსიმუმ, ხუთამდე შემომტანი კომპანია, რომლებსაც ბაზარი აქვთ გადანაწილებული. ამ ბიზნესში შესვლა დღეს ძალიან რთულია, კონკურენცია არ არსებობს. მაქვს ინფორმაცია და დანამდვილებით შემიძლია დავადასტურო ოლიგოპოლია ამ ბაზარზე. სულ 3-4 კომპანიაა, რომელთაც იმდენად ზუსტად აქვთ გადანაწილებული ადგილობრივი ბაზარი, ერთმანეთის კლიენტებს, ფაქტობრივად, არ ეხებიან. შედეგად, ძეხვის საამქროები  მუდმივად ერთი და იმავე კომპანიებისგან მარაგდებიან. 

ახალი ოპერატორი ბიზნესს იშვიათად ემატება, თუმცა რაც არ უნდა ვიძახოთ,  ხორცის ბიზნესში ოლიგოპოლია რთულად დასადგენია. როგორც კი შემოიტანენ პროდუქტს, მაშინვე გადანაწილებულია ბაზარზე, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებ“,  - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

მისივე ინფორმაციით, ოლიგოპოლიის ნიშნები იკვეთება მარცვლეულის ბიზნესშიც, ხოლო ზეთისა და სიმინდის ბაზრები გამონაკლისია, იქ მსგავსი პრობლემა რეალურად არ არსებობს.

„ოლიგოპოლია აშკარაა შაქრისა და წიწიბურას იმპორტში, სიმინდს ეს არ ეხება. სხვათა შორის, ეს პრობლემა არც ზეთის ბაზარზე იკვეთება. ბევრი შემომტანია და მოგების მარჟაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე სხვა პროდუქტების შემთხვევაში.  შაქრის ბიზნესი საქართველოში თითქმის მთლიანად აზერბაიჯანელების ხელშია, როგორც ეს საწვავის ბაზარზე  ხდება. სახელმწიფო ამას არ ებრძვის, არაფერი გააკეთეს ნავთობთან დაკავშირებით, მარტო ფაქტის აღიარებით შემოიფარგლნენ. არადა, მთავრობის მთელი გეგმა სწორედ ამ მონოპოლიებისგან გათავისუფლება უნდა იყოს“, - დასძინა შენგელიამ.

საქართველოში ოლიგოპოლიების არსებობას ადასტურებს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანიც, რომელსაც ამის თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავს შაქართან დაკავშირებული შემთხვევა, როცა ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის გამო ფასები მოულოდნელად გაიზარდა და დღემდე მაღალ ნიშნულზე დარჩა.

„რასაკვირველია,  როდესაც რიცხობრივად ნაკლებია მიმწოდებელი, ბიზნესი არის ოლიგოპოლიური და ეტყობა ფასებსაც. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივადაც, მაგრამ ფასები რეგულირდებოდეს. ჩვენ ვხვდებით და აღვიქვამთ, როცა ფასები იზრდება, რასაც ოლიგოპოლიაც უწყობს ხელს სხვა ბუნებრივ მიზეზთან ერთად, როგორც ეს შაქრის შემთხვევაში ვნახეთ. მოულოდნელად ბიზნესმა მოინდომა, დიდი შემოსავალი მიეღო. მათ სპეციალურად  შექმნეს კრიზისული სიტუაცია, ხელოვნური ეფექტი, თითქოს ბაზარზე დეფიციტი იყო, რამაც ფასები კოლოსალურად გაზარდა. შედეგად დღემდე არის ის სიტუაცია, რომ მიწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა, მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა.

შეიძლება, ერთ კონკრეტულ ბაზარზე რამდენიმე შემომტანი ფიქსირდება, მაგრამ, რეალურად, 3-4 მოთამაშეს აქვს უდიდესი წილი დაკავებული. ესეც ოლიგოპოლიაა. ყველაზე მეტი პრობლემა ამ მხრივ საწვავის ბაზარზეა. როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასები იცვლებოდა და ნამდვილად იყო ტენდენცია შემცირებისკენ, ჩვენთან მაშინაც არ იკლებდა, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ ოლიგოპოლია გვაქვს ამ სექტორში.

ვიცით, რომ ნავთობპროდუქტების სექტორი მართლაც მოიკოჭლებს კონკურენციის თვალსაზრისით და ვფიქრობ, არის რესურსი, თუკი იქნება კონკურენცია, რომ ჩამოყალიბდეს თავისუფალი ბაზარი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ კონკურენციას.

რა თქმა უნდა, პერიოდულად გლობალურ მოვლენებსაც ექნება ზეგავლენა, მაგრამ ასეთი ტემპით მაინც არ იქნება ცვლილება, როდესაც ბაზარზე წარმოუდგენლად მაღალი ფასებია“, - განაცხადა გერლიანმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, მისი აზრით, სახელმწიფო ბევრს ვერაფერს იზამს, გარდა იმისა, რომ  ხელი  შეუწყოს ბაზრების დივერსიფიცირებასა და სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას. როგორც ეკონომისტი აცხადებს, ოლიგოპოლიებთან დაკავშირებით ბევრი ეჭვია და ყოველი ფაქტი კონკურენციის სააგენტომ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს და დარღვევები გამოავლინოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×