გვანცა წულაია
04.05.2022

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით მომსახურება გაძვირდა. საავტომობილო გადაზიდვების ნებართვის ფასი უკვე გაორმაგდა. ცვლილება შეეხო, როგორც ერთჯერადი, ისე დაჩქარებული ნებართვის ღირებულებას. ახლა, როდესაც საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი მიმართულებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან უდიდეს შანსს მცირედი დაბრკოლებაც კი არ შეექმნას.

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მაისიდან, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ახალ რეგულაციები დააწესა და გადაზიდვების ნებართვები გააძვირა. ახალი რეგულაციით, ერთჯერადი ნებართვის ღირებულება 70 ლარის ნაცვლად, 140 ლარი გახდა, დაჩქარებული ტიპის ნებართვა კი 100 ლარის ნაცვლად 200 ლარი ეღირება.

„1-ლი მაისიდან იცვლება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური და შეადგენს შემდეგს: დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარი, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარი.

გადამზიდველს შეეზღუდება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან სანებართვო დოკუმენტის მიღება, თუ მას უკვე აღენიშნება 2022 წელს მიღებული და 40 დღის განმავლობაში გაუხარჯავი თურქეთის (III), რუსეთის (III) და ყაზახეთის (III) ნებართვის ნაშთი.

გადამზიდველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გახარჯული სანებართვო დოკუმენტი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ითხოვს ახალ სანებართვო დოკუმენტს.

იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტს წესრიგში აქვს დოკუმენტაცია და მიიღო ნებართვა, იგი ვალდებულია 90 დღის განმავლობაში გახარჯოს მიღებული დოკუმენტი და წარუდგინოს სააგენტოს. 90 დღის განმავლობაში თურქეთის (III), რუსეთის (III) და ყაზახეთის (III) სანებართვო დოკუმენტიდან ერთ-ერთის გამოუყენებლობის შემთხვევაში, გადამზიდველი ვერ მიიღებს სხვა სახის სანებართვო დოკუმენტს სააგენტოში შესაბამისი გახარჯული ნებართვის წარმოდგენამდე“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

საქართველოს დერეფანმა, რეგიონში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, დიდი ინტერესი დაიმსახურა. ახლა არის შანსი მან უდიდესი მნიშვნელობა შეიძინოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ უდიდეს შესაძლებლობას რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნას.

სწორედ ამაზე საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე და გადაზიდვების ნებართვის ფასის გაორმაგებას საწვავის მკვეთრად გაძვირებას უკავშირებს. 

„ყველაფერი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. გადაზიდვების სხვადასხვა მიმართულებებით, იქნება ეს საჰაერო, სახმელეთო, თუ სატრანსპორტო, ყოველთვის ერთი პრობლემა მეორეს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, ღირებულებას აძვირებს. პირველი, რაც გადასახდს აძვირებს სწორედ საწვავის ღირებულება, რადგან ტვირთების გადაზიდვას ემატება ტრანსპორტიების ფასი და აქედან ხდება ტვირთების განბაჟება და თანხის გამოყვანა.

დღესდღეობით, ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რაც კი ოდესმე ყოფილა ამ მიმართულებით. ასეთი ვითარებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრობლემები გლობალურია.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს დერეფნის მიმართ ინტერესი ძალიან გაზრდილია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ახლა დანის პირზე დავდივართ. ძალიან საფრთხილოა ყველა ნაბიჯი. ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, რომ საქართველოს დერეფანი გამოიყენონ”, - განუცხადა „რეზონანსს” მელაძემ.

მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს სპეციალისტთა ნაწილი და აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფლაცია მძვინვარებს, ნებისმიერი სახის გაძვირება, ქართველი გადამზიდავებისთვის რთული იქნება და მათ ამით პრობლემები შეექმნებათ. ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე, დარგის სპეციალისტი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ ქართველი გადამზიდავებისთვის ნებართვების გაუქმების ნაცვლად, ტარიფები გააძვირეს.

„ეს ცვლილება ეხება ქართველ გადამზიდავებს და არა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს. ქართველი გადამზიდავები ისედაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათთვის ძვირდება ტექნიკური მომსახურების ხარჯები, საწვავი, საზეთ-საპოხი მასალები, საბურავები და სხვა ავტონაწილები, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების გამართვისთვის. ამ ყველაფრის ფონზე, ეკონომიკის სამინისტრომ ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები და ქართველი გადამზიდავებისთვის საერთოდ გაეუქმებინა ნებართვები, გადაწყვიტა, რომ გადამზიდავებს გადასახადები გაუზარდონ.

რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ყველაზე მეტად შეეხება იმ ფენას, რომლების არიან თვითდასაქმებულები, ინდმეწარმეები და მცირე ზომის კომპანიები. ძირითად შემთხვევაში, ერთჯერადი ნებართვით ასეთი პირები და კომპანიები სარგებლობენ.

რაც შეეხება გრძელვადიან ნებართვებს, აქაც ახალი რეგულაციები შემოდის. ეკონომიკის სამინისტრო ქმნის დამატებით ბარიერებს. ჩვენი ვარაუდით, არის მონოპოლიისკენ მიმართული ქმედებები და ამის უკან კონკრეტული კომპანიების ინტერესი იკვეთება. ვგულისხმობ იმას, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, კომპანიას თუ არ ჰყავს 5 სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ევრო-5 და ევრო-6 სტანდარტს, თუ ანგარიშზე არ უდევს 30 ათასი ევრო, ასეთ შემთხვევაში ისინი ვერ აიღებენ გრძელვადიან ლიცენზიას.

რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი პრობლემა მცირე მეწარმეებისთვის, ინდივიდუალური მძღოლებისთვის. არის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას მონოპოლია. ვინ არიან ეს მსხვილი კომპანიები და ვის ინტერესებს ატარებენ ძალიან მალე გავასაჯაროვებთ. საკითხი ეხება ათასობით ადამიანს, მათ ეკონომიკურ მდგომარეობს, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგს, ქართველი გადამზიდავების კონკურენტუნარიანობას, არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ მთლიანად რეგიონში”, - განუცხადა „რეზონანსს” ვასო ურუშაძემ და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტს მიმართვას ეკონომიკის მინისტრი და სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელი პარლამენტში დაიბაროს, რათა პასუხი გასცენ კითხვებს, თუ რა აუცილებელი საჭიროება იყო, რომ ამ მძიმე ვითარებაში, დამატებითი გადასახადების დაწესება საავტომობილო გადამზიდავებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×