სანდრო მდივანი
03.05.2021

გერმანიის შემდეგ ისრაელი და საფრანგეთიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნები სეზონური შრმისთვის საზღვრებს ხსნიან, თუმცა უცხოეთში ლეგალურად დასაქმების სურვილი თანდათან იკლებს. რატომ შემცირდა ინტერესი ისრაელის შემთხვევაში და როგორია უკვე ქვეყნიდან წასულების შრომითი პირობები ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დეტალების გარკვევა სცადა.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით დაახლოებით 98 000 ადამიანი დარეგისტრირდა. პირველ ეტაპზე, როცა სპეციალური პროგრამის შესაძლებლობის შესახებ გახდა ცნობილი, მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, თუ რამდენი ადამიანი შეძლებდა სამუშაოდ წასვლას, რამდენი იყო კვოტა და რა პირობებით დასაქმდებოდნენ საქართველოს მოქალაქები შენგენში. ამიტომ გავრცელებულ ინფორმაციას ბუმი მოჰყვა.

ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სამთვიან სეზონურ სამუშაოებზე აქვთ. ცოტა ხნის წინ გერმანიამ ქართველებისთვის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა კვოტა 10-ჯერ გაზარდა და 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის 5000 ადამიანი შეძლებს გამგზავრებას. 

მსგავსი პროგრამა აამოქმედა ისრაელმაც. ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ. სამუშაოს ხანგრძლივობა არის სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი კვირაში. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში, 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით, 5300 შეკელი იქნება, რაც 2021 წლის მარტის კურსის შესაბამისად, 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტია.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტა - იგეგმება საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

მიუხედავად იმისა, რომ პირობები და ანაზღაურება ისრაელში უკეთესია, აქტივობა ბევრად დაბალია გერმანიასთან შედარებით.  ირაელში დასაქმების სურვი 24 საათში 760-მა ადამიანმა გამოთქვა, მაშინ როცა გერმანიაში დასამქების პორტალზე ერთ დღეში 20000-მდე ადამიანი იყო რეგისტრირებული. 

,,ბიზნეს-რეზონანსი“ მიზეზებით დაინტერესდა.  როგორც ირკვევა, პირველ შემთხვევაში მოქალაქეებს შრომითი პირობებიც ბევრად ადვილი წარმოედგინათ, ხოლო კრიტერიუმები - გაცილებით იოლი. მას შემდეგ კი, რაც მცირე კვოტის შესახებ გახდა ცნობილი, დიდ უმრავლესობას იმედი გაუცრუვდა და წასვლის სურვილმაც იკლო. 

მათ შორის, ვინც გერმანიაში დასაქმება მოახერხა და ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ნაირა ტაბატაძეცაა, თუმცა მას პირველ ნაკლადთან ერთად არ მოუწია წასვლა და რიგს ელოდება. 

,,პირველად, როცა გავიგეთ, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შანსი გაჩნდა, ჩემი სოფლიდან თითქმის ყველა დარეგისტრირდა, ვინც კი შრომისუნარიანია. არც ის ვიცოდით, რომ ყველას არ გაგვიშვებდნენ და არც ის, ასეთი მკაცრი კრიტერიუმები თუ იქნებოდა. ლაგოდეხი, საიდანაც მე ვარ, სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს და იქ ყველა ამ კუთხით არის დასაქმებული, შესაბამისად ჩვენგან არც თუ ცოტა ადამიანი შეირჩა. მე პირადად ვიცნობ მამაკაცს, რომელიც პირველივე ნაკადში მოხვდა და მარწყვის საკრეფად წავიდა 20 ადამიანთან ერთად. 

პირობები ვერ ვიტყვი რომ ძალიან მკაცრია. ვინც მიწაზე მუშაობს და მიუჩვეველია, მისთვის იქნება უცხო, თორემ აქაც და გერმანიაშიც მიწა ბევრ შრომას მოითხოვს. ეს ვინც არ იცის, არც უნდა წავიდეს. მეც, ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოდილე ჩემს რიგს ველოდები და სავარაუდოდ, შემოდგომაზე მომიწევს წასვლა ხილის საკრეფად“, -  განაცხადა ნაიარა ტაბატაძემ. 

,,ბიზნეს-რეზონანსი" ეკონომიკური ეფექტითაც დაინტერესდა. სახელმწიფოს მიერ ქართველების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი სკეპტიკურად უყურებს. მისი აზრით, მთავრობამ, საკუთარი მოსახლეობა უცხოეთში კი არ უნდა გაუშვას სამუშაოდ, არამედ საკუთარ ქვეყანაში დაასაქმოს.

„გერმანიაში და ახლა ისრაელში დასაქმების პროგრამა არის არაეროვნული დამოკიდებულება, რომელიც ორიენტირებული არაა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. ისედაც დემოგრაფიულად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას და უცუდეს მიგრაციულ დონეს კიდევ უფრო ვაუარესებთ. საქართველოდან მოქალაქეების გადინება ისედაც ძალიან მაღალია. ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანაში სამუშაო ძალა აღარ დარჩება. 

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ სამუშაო ადგილები. თუ ამას ვერ ახერხებენ, მაშინ წავიდნენ და ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, ვინც ხალხის დასაქმებას შეძლებს. ამ პროგრამის გარეშეც შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთში წასვლა სამუშაოდ. ეს ემიგრაციის წახალისება და ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო დამუხრუჭებაა. სამარცხვინო და ტრაგიკული დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის მიმართ.

ლარის კურსზე, ნებისმიერი უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო გავლენას ახდენს, მათ შორის ვალებიც. ხომ არ შეიძლება მუდმივად ვალებით იცხოვროს ქვეყანამ და მისმა მოსახლეობამ? ისეთი რაღაც უნდა შექმნა, რაც ბუნებრივი წარმოება იქნება, პროდუქტი, რომელსაც ექსპორტზე გაიტან. ეს მოსახლეობასაც დაასაქმებს და უცხოურ ვალუტასაც შემოიტანს. ემიგრანტებზე ჩამოკიდება სწორი არ არის“, - აღნიშნა ბაირახტარმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“. 

მალე საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას საფრანგეთშიც შეძლებენ, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ინტერესი ასეთი პროგრამებისადმი სულ უფრო შემცირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )