თამთა ჩაჩანიძე
24.05.2022

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დაასახელდა ქვეყნები, რომლებიც რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული და აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა. მათ შორისაა საქართველოც. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს მოკოვის მხრიდან საქართველოს „დატუქსვას" ნიშნავს.

რუსეთის დუმის რუსეთის საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის გამოძიების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვასილ პისკარიოვმა ორშაბათს წარმოადგინა კანონპროექტი „რუსული მედიის დისკრიმინაციისთვის სარკისებული ზომების შესახებ", სამშაბათს კი დუმამ ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

პესკარიოვის ცნობით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ გაცილებით აგრესიულად რუსეთის მედიის წინააღმდეგ იქცევიან ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი. მათ შორის ლიდერები არიან ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი.

მისივე თქმით, ამ აგრესიულ ქმედებებში იგულისხმება უარი აკრედიტაციაზე ოფიციალური ღონისძიებების დროს და დაბრკოლების შექმნა საბანკო მომსახურებისას, ასევე მაუწყებლობის შეწყვეტა, საზღვარზე დაკავება და რუსი ჟურნალისტების დაპატიმრება მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის.

„ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზომები, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას, რომ მოხდეს უცხოური მედიის ლიცენზიისა და რეგისტრაციის გაწვევა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გაავრცელებენ მართლსაწინააღმდეგო ინფორმაციას, ეს ადეკვატური და მკაცრი პასუხია, მაგრამ გაცილებით ჰუმანურად და ცივილურად გამოიყურება, ვიდრე ის საინფორმაციო ომი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს" , - განაცხადა პისკარიოვმა.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშილი „რეზონანსთან" აცხადებს, რუსებს საქართველოს საერთოდ დადუმება არ გამოსდით და ახლა ცდილობენ, რომ ამ გზავნილით საქართველოც „დატუქსონ" და თავის მოქალაქეებსაც უთხრან, რომ საქართველოს რუსები არ უყვარს.

„რუსებს სურთ, რომ საქართველო ყურმოჭრილი მონა იყოს და ამას თითქმის მიაღწიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაცეები მიუღებელია და ამის გამო გვტუქსავენ. საქართველო კი იმაზე უფრო რბილი და ფრთხილია, ვიდრე უნდა იყოს. ფრთილ პოლიტიკას თურქეთი და აზერბაიჯანი ატარებენ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკა არ აქვს.

„რუსებს თავს გაუვიდათ, ჩვენთან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგიც კი არიან. ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, რომ საქართველო საერთოდ დაადუმონ. რა თქმა უნდა, „შავ სიაში" უნდა ვიყოთ, რადგან რუსეთი ჩვენი მტერია. ამდენ ხანს რომ არ ვართ, ესაა ცუდი", - განაცხადა მან.

კითხვაზე ამ სიაში საქართველოს შეყვანით რაიმე ტიპის აგრესიის მომზადება ხომ არ ხდება, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ არავითარი საფრთე არაა.

„არა, არავითარი საფრთხეები არ არსებობს. რუსეთმა 2008 წელს საქართველოსგან უკვე მიიღო ის, რაც უნდოდა. შავი სიები მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ნაბიჯია, ეს შეიძლება იყოს შეტყობინება თავიანთი ტურისტებისთვისაც, რომ "ამ სახლმწიფოს რუსები არ ვუყვარვართო", სხვა არანაირი ფუნქცია არ გააჩნია,"- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×