ელზა პაპოშვილი
22.04.2021

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე მელანი კარგად არ არის გამშრალი და ოპოზიციური ძალები, მათ შორის ამ შეთანხმების ხელმომწერებიც მის ტორპედირებას ცდილობენ. საჯილდაო ქვად კვლავ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას პოზიციაა, რომელიც უარზეა ციხე დატოვოს ამნისტიით და არც გირაოთი, მაშინაც კი თუ მას ევროპელები გადაიხდიან. საქმე შეიძლება ისეთ კომიკურ სიტუაციამდეც კი მივიდეს, რომ მისი ციხიდან გამოსაყვანად ძალის გამოყენება გახდეს საჭირო. 

ეს ალიაქოთი ევროპელებს სრულიად არ ესმით და მათ ტონალობაში უკვე გაღიზიანებაც კი იგრძნობა. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ერთ-ერთი მათგანია. ის ეჭვობს, ოპოზიციაში გარკვეული წრეები პუტინის ინტერესს ხომ არ ატარებენ ნებსით თუ უნებლიედ.

„მართლა არ ვიცი, რა არის პრობლემა - არის ფულიც, გარანტიაც და ამნისტიის კანონიც. მას შეუძლია იყოს თავისუფალი ნებისმირ დროს. თუ მოსწონს ციხეში ყოფნა, ეს მისი პრობლემაა. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს გაერთიანებული საერთო პოზიციით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. ეს არის სააკაშვილისა და პუტინის ინტერესი. ის ცდილობს ერთიანობა დაარღვიოს ოპოზიციაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი ცდილობს რადიკალიზაციის და პროვოკაციის ხერხს მიმართოს, რომელშიც გამარჯვებული მხოლოდ ვლადიმერ პუტინია, რაც, ვფიქრობ, რომ არის სირცხვილი,“ - განაცხადა ხუთშაბათს ბრიუსელში ვიოლა ფონ კრამონმა. 

ამავე დროს ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ამნისტია 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ სამართალდამცავებს არ უნდა შეეხოს, ან ამისათვის უნდა არსებობდეს დაზარალებულთა თანხმობა. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მელიას გათავისუფლება მათი მხრიდან უკვე კომპრომისია და სხვა რაიმე დამატებით მოთხოვნებზე საუბარი ზედმეტია. 

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია. „ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!“ - წერს ფეისბბუქში მელია. 

ის საპატიმროში ცოტა ხნის წინ  ადვოკატმა მოინახულა. დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად რუსთავის მე-12 საპყრობილეში აკაკი მინაშვილიც იმყოფებოდა.  

„ნიკა მელიას პოზიცია ამნისტიაზე, ბუნებრივია, არ შეცვლილა. მისთვის მიუღებელია ამნისტია იმ შინაარსით, რა შინაარსითაც გააჟღერეს „ოცნების" წარმომადგენლებმა. ნიკა მელიას პოზიცია არის, რომ გამოსასყიდი ცალსახად და არა გირაო, არ უნდა იქნას გადახდილი არავის მიერ,“ - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

„ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არცერთი სახით არ დაეთანხმება გირაოს გადახდას იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ხარკი. ასევე წინააღმდეგია ამნისტიის, რომელიც წარმოდგენილია თუნდაც ერთი პოლიციელის ამნისტია იგულისხმებოდეს,“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკო მინაშვილი. 

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა შეძლოს გამოწვევებზე პასუხის გაცემა. მისივე თქმით, ამნისტიის კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესი წინ მიდის. მტკივნეული პერიოდი იყო 2019-2020, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ადვილი არ იყო კომპრომისის მიღწევა. ამნისტიის კანონზე მიდის მსჯელობა. ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა, დარჩება თუ არა ციხეში. მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ. ქვეყანამ უნდა შეძლოს უდიდეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა,“ - აღნიშნა დეგნანმა. 

მიუხედავად იმისა, რომ „ლელომ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და აიღო ვალდებულება ამნისტიის მიღებაზე, პარტიის წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამას კონკრეტული დათქმით დაუჭერენ. 

„ერთადერთი, რა საკითხზეც ჩვენ მხარს დავუჭერთ ამნისტიას, ეს არის ამნისტია საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის საერთაშორისო უფლებების სრული დაცვით. ზოგადად, არ ვეთანხმებით სამართალდამცველებზე ამნისტიის გავრცელებას, მაგრამ თუ საერთოდ არ დარჩა სხვა გზა, ვიდრე ის, რომ ამნისტიით ეს მოხდეს, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ნიკა მელიას გამოშვებას, მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით ექნება სახელმწიფოს უფლება, ადამიანები მოყვნენ ამნისტიის ქვეშ,“ - აცხადებს „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ამ საკითხზე საუბარი არასერიოზულია. ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში სამშაბათს იგეგმება.  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია მისი გათავისუფლების ორივე გზაზე - ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოსა და ამნისტიის აქტზე უარს იტყვის, „დარჩება იქ, სადაც არის“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მესამე გზა მელიას გასათავისუფლებლად არ განიხილება.

„ნიკა მელიას ნების წინააღმდეგ რა უნდა განხორციელდეს?! ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ადამიანს აქვს თავისუფლება, მათ შორის, იმის თავისუფლება, რომ საკუთარ თავს შეუზღუდოს თავისუფლება. ასე რომ, კი ბატონო, შეუძლია დარჩეს იქ, სადაც არის“, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რა მოხდება თუ ნიკა მელია არც ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდება და არც ფართო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებას.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამნისტიის შესახებ კანონი მელიას გარდა, ვრცელდება „20 ივნისის ღამეს პოლიციელებზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებზეც, რომლებზეც ოპოზიცია არ ზრუნავს და რახან ნიკა მელია თანახმა არ არის, სურთ, რომ ამის გამო ხელისუფლებამ სხვა ადამიანებსაც უარი უნდა უთხრას გათავისუფლებაზე“.

პაპუაშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონის დაინიცირება შეთანხმების დოკუმენტში არა ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის, არამედ ზოგადად 20 ივნისის მოვლენასთან დაკავშირებული გვერდის გადაფურცვლის სულისკვეთებით ჩაიწერა.   

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ნიკა მელიას გაჯიუტება არ გამოვიდეს ციხიდან, გასაკვირი არაა, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობა“ სახის ბოლომდე შენარჩუნებას ცდილობს. ერთის მხრივ მელიას პოზიციაც გასაგებია, რადგანაც ის, რაც მათი ჩანაფიქრი იყო, საბოლოოდ არ გამოვიდა. ამიტომაც ცდილობენ, რომ ჩათრევა-ჩაყოლის პრინციპით იმოქმედონ. 

„ნაციონალები“ თავის ამპლუაში არიან და  მათგან გასაკვირი არც არაფერია. მათი ტაქტიკა, ქმედება და პოლიტიკური დღის წესრიგი ხელისუფლებაში დაბრუნებაა, რომელიც ამ ხელისუფლების  დანგრევა-ჩამოშლით უნდა განხორციელდეს. სხვანაირად ენმ ხელისუფლებაში ვერ ბრუნდება, რადგანაც ხალხს წარსული არ ავიწყდება და უკან არ აბრუნებს. ეს თან მათთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც საკუთარ წარსულთან პრობლემა აქვთ. საზოგადოების  დიდი ნაწილისთვის მათი მმართველობა მიუღებელია.  

ამიტომაც ამ პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელისუფლება უფრო ცუდი იყოს, ვიდრე თავად იყვნენ. ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს სურათი დადონ. თუმცა დღემდე ვერ ახერხებენ. ენმ-ის ყველა პოლიტკურ მოქმედებაში ვხედავ, რომ ეს ხელისუფლება, როგორმე რამე ისეთ ლაფში ამოსვარონ, რომ სხვების თვალში მასზე უარესები გახდნენ. გარდა იმასა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, თავიანთ წარსულის გამართლებაზე „ჩალიჩობენ“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციულ ქმედებებს პოლიტიკაში კვლავ აგრძელებს. 

„მელია ადრე თუ გვიან ციხიდან ნამდვილად გამოვა. ის იქ დამრჩენი ნამდვილად არ არის. უბრალოდ ჯობია საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე დაფიქრდეს და ბოლომდე სააკაშვილის კაპრიზების მძევლად უნდა იქცეს. ეს მისი გადასაწყვეტია. ცხადია გარაოთი იქნება ეს თუ ამნისტიით, ის ნამდვილად გარეთ გამოვა და ჯობია ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს. თუ მას უნდა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იყოს ან მის პარტიას თუ სურს,რომ გარკვეული ხმები მოიპოვოს და საერთოდ რეიტინგი არ დაკარგონ. „ნაციონალებმა“ და „ევროპელებმა“ ასე თუ გააგრძელეს, ისინი დასავლეთის თვალში ბოლომდე მარგინალიზებულები დარჩებიან. თუ მათ ისღა დარჩენიათ, რომ საკუთარ კონტროლიერებად ტელევიზიებში ისხდნენ და პარლამენტთან 10 კაცი შეკრიბონ, ეს უკვე მათი პოლიტიკური არჩევანია. „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთა, იქნებოდა ეს დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერა თუ მოულოდნელად გამოჩენილ მიშელის  ახალი დოკუმენტზე შეთანხმება. ამით კი „ოცნებამ“ დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დაიმსახურა. მელიამ შეიძლება თავი ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდოს, რომ მისი ციხიდან გამოყვანა ძალით გახდეს საჭირო. ცხადია ადრე თუ გვიან ის გამოვა, მაგრამ თუ მას უნდა რომ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები ჰქონდეს. ჯობია ამ მასკარადს მორჩეს და თავი არ შეირცხვინოს“, - აცხადებს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×