პეტრე მამრაძე
21.02.2021

„ეს არის ავადმყოფი ერი, ამათ სანამ არ დაა..ვავ თავზე და დედას არ მოუ..ნავ, ვერ იგებენ ვერაფერს“, - ეუბნება თემურ ალასანია თავის დისშვილს, კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორ მიხეილ სააკაშვილს 2018 წლის ოქტომბრით დათარიღებულ ცნობილ სატელეფონო საუბარში. ალასანია რამდენჯერმე ემოციურად იმეორებს: „ქართველების დედა მოვ..ან მე!“ სააკაშვილი ეთანხმება - „,ეგრე იყო ეს ხალხი მთელი ცხოვრება და ახლა რაა ისეთი?“

მინდა დავადასტურო ამ ჩანაწერის ავთენტიკურობა და ისიც, რომ სააკაშვილის თანამზრახველებსა და მომხრეებს ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ერის უმრავლესობის მიმართ - ინტერნეტში განთავსებულია აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც შეიცავს „ნაცმოძრაობის“ ცნობილი წევრების მსგავს უცენზურო გამონათქვამებს ქართველების მისამართით. ასევე შეგახსენებთ, რომ ამ საუბარში თემურ ალასანია, რომელსაც რუსულ მედიაში ხშირად კა-გე-ბეს გენერლად მოიხსენებენ, ამბობს, რომ დაიღალა „ცდით“, რომ ერთადერთი საშველი არის რადიკალიზაცია და რომ მზად არის, მილიონი დოლარი გადაუხადოს სნაიპერს, რომელიც „ვინტოვკიდან“ გასროლით მოკლავს ბიძინა ივანიშვილს.

გავიდა ორი წელიწადი და შარშან, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელმა საქართველომ მოისმინა, როგორ გასცემდა უშედეგო ლოდინით აშკარად გადაღლილი თემურ ალასანია გუბაზ სანიკიძესთან საუბარში ბრძანებებს, რომ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში, უნდა შექმნას დროებითი მთავრობა, აიღოს ხელში ძალაუფლება და ა.შ. 

ძალზე მნიშვნელოვანია თემურ ალასანიას გეგმის მეხუთე პუნქტი: „მივმართოთ მსოფლიოს, ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხარდაჭერას, უბრალოდ გატყობინებთ, რომ სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე ისევე, როგორც რეგიონში მშვიდობაზე“. 

ამ პუნქტის მნიშვნელობა უნდა იყოს გასაგები ყველასათვის, ვინც აცნობიერებს, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილი ღალატის შემდეგ რუსეთის ტანკები დგას თბილისიდან ოცდაათიოდე კილომეტრში და საქართველოს სახელმწიფო არსებობს სწორედ მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის წყალობით.

ალასანიას ამ გეგმის მოსმენისას გამახსენდა შულავერის რევკომის ისტორია და ცნობილი აზრი, რომ ტრაგიკული ისტორიული მოვლენა წლების შემდეგ ფარსის სახით მეორდება. 

ასი წლის წინათ, 1921 წლის 16 თებერვალს, საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია და, კრემლის გეგმის შესაბამისად, სოფელ შულავერში შეიქმნა რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც მაშინათვე გაუგზავნა საბჭოთა მთავრობას თხოვნა, დახმარება აღმოეჩინა საქართველოს თითქოს აჯანყებული მშრომელებისათვის. ცნობილი ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე აღნიშნავს, რომ ეს აქტი ცუდად შენიღბული ფარსი იყო, რადგან ამ დროს უკვე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს სამხედრო ძალებს შორის და საბჭოთა არმია უკვე შემოჭრილი იყო სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. შველიძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ერთადერთი სწორი, ადეკვატური შეფასება მისცა „შულავერის კომიტეტის“ მოქმედებას. 1921 წლის 21 თებერვალს შედგა საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, რომლის მიერ მიღებული დადგენილებით, რევკომის წევრები აღიარებულ იქნენ საქართველოს ხალხის მოღალატეებად და გამოცხადდნენ „საქართველოს კანონთა მფლობელობის გარეშე“. 

იმავე წერილში შველიძე წერს, რომ ზოგიერთი ქართველი კომუნისტი მაშინ აღიარებდა, რომ საქართველოში საბჭოთა რუსეთის ინტერვენცია და ოკუპაცია განხორციელდა და რომ 1921 წლის 6 დეკემბერს შულავერის რევკომის წევრი ფილიპე მახარაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში წერდა, რომ „1921 წლის დასაწყისში საქართველოში არავინ აჯანყებულა და კომუნისტური ორგანიზაციებიდან არავის უფიქრია არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ გამოსვლაზე, ხოლო საქართველოს საზღვრებში წითელი ჯარების შესვლამ და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებამ გარედან დაპყრობის ხასიათი მიიღო“. 

მახარაძის ეს სიტყვები მაშინდელი ვითარების არმცოდნე ადამიანს შეიძლება, დაუჯერებლად მოეჩვენოს. მაგრამ ეს ისეთივე ფაქტია, როგორც ის, რომ 1925 წელს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომისრების საბჭოს თავმჯდომარემ (ანუ პრემიერ-მინისტრმა) შალვა ელიავამ საკუთარი ინიციატივით გამოსცა თავად ზურაბ ავალიშვილის წიგნი „საქართველოს დამოუკიდებლობა“ და თავისი წინასიტყვაობაც დაურთო.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ვერ მოასწრო ქართველი ხალხის მოღალატეებად გამოცხადებული შულავერის რევკომის წევრების დასჯა, ვინაიდან, როგორც წერს ზურაბ ავალიშვილი, „..25 თებერვალს, 1921წ. საბჭოთა ჯარები შედიოდნენ თფილისში; წინ მიუძღოდა წითელი ბაირაღით ხელში, თეთრ ცხენზე მჯდომი, ერთი ქართველ-კომისართაგანი. მას გვერდით უხილავათ მოჰყვებოდა გაძვალტყავებულ ჯახრიკაზე, ძონძებში გახვეული ჩონჩხი და გასისხლიანებულ თითებში ეჭირა ნგრევის ცელი. საქართველოს დემოკრატიის მთავრობა გაიქცა ევროპაში...“

გავიდა წლები და უხილავი ჩონჩხი თავისი ცელით მიადგა შულავერის რევკომის ყოფილ წევრებს - თითქმის ყველა მათგანი „ხალხის მტერი“ აღმოჩნდა. 1937 წელს დახვრიტეს: მამია ორახელაშვილი (მეუღლესთან ერთად), ბუდუ მდივანი (მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად. მეექვსე შვილი ვერ დახვრიტეს, ვინაიდან ადრე დაიღუპა ავიაკატასტროფაში), შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ბესო კვირკველია, ხოლო „ტროცკისტი“ ლადო დუმბაძე შუა აზიის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. 

დახვრეტას გადაურჩნენ საშა (ალექსი) გეგეჭკორი, რომელმაც თავი მოიკლა 1928 წელს და ფილიპე მახარაძე, რომელსაც რეპრესიები არ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ 1921 წელს ცკ-ს სახელზე გაგზავნილ წერილში მან უშიშრად ამხილა მშობლიური პარტია საქართველოს „გარედან დაპყრობაში“, შემდეგ კი ითხოვდა საქართველოს ავტონომიას მოსკოვისაგან. მახარაძე გარდაიცვალა 1941 წელს 73 წლის ასაკში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას.     

1921 წლის შულავერის რევკომისა და 2021 წლის ალასანია-სააკაშვილის სახალხო გადარჩენის კომიტეტს შორის დიდი განსხვავებაა. პირველი თაობის ქართველი და სხვა ერების კომუნისტების უმრავლესობას ფანატიკურად სჯეროდა კომუნიზმის „უკვდავი იდეების“, მსოფლიო კომუნისტური რევოლუციის გამარჯვებისა და ნათელი მომავლის. ისინი თავდადებულად მიდიოდნენ კატორღაზე მეფის რუსეთში. მათთვის უცხო იყო კორუფცია და კარიერიზმი. სწორედ ამ თვისებებისა და სრულიად მცდარი მოძღვრების ფანატიკური რწმენის გამო ისინი განსაკუთრებით საშიშნი იყვნენ საზოგადოებისათვის; უდიდესი ზიანი მიაყენეს საკუთარ ერს და თვითონაც დაიღუპნენ. კაცობრიობის მთელი ისტორია ცხადყოფს, რომ გულანთებული, პატიოსანი ფანატიკოსი, „მოუსყიდველი რობესპიერი“ ბევრად უფრო საშიშია საზოგადოებისათვის, ვიდრე პირადი გამდიდრების მანიით შეპყრობილი, კორუმპირებული პოპულისტი და დემაგოგი.

ალასანია-სააკაშვილის დაჯგუფებისა და მათი მორჩილი „თანამგზავრების“ ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება პირადი გამდიდრებისა და ძალაუფლებით ტკბობის მიზნით. მათ სწამთ, რომ ეს მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას, მკვლელობებისა და სხვა მძიმე დანაშაულების ჩათვლით, და ეს მრწამსი საქმითაც დაადასტურეს. მათ საერთოდ არ გააჩნიათ პოლიტიკური იდეოლოგია და პუტინის ჩეკისტურ კლეპტოკრატებთან შეკრულნი ფსევდოპატრიოტიზმს იყენებენ თავის ერთადერთ იარაღად და თავშესაფრად. შედეგად ამაზრზენი ფარსი გამოსდით.

აი, ასეთი „ეშმაკუნების“, მელიებისა და ჰიენების  საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე შეტევის პირობებში ვხვდებით საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების მეასე წლისთავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )