მარიამ ვეკუა
23.08.2026

შემოდგომის მოახლოებასა და „პოლიტიკური არდადეგების" დასრულებას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სკანდალებით ხვდება: ერთ მხარეს „ენმ"-სა და „ახალს" შორის დაწყებული ომი და სერიოზული ურთიერთბრალდებებია, მეორე მხარეს კი - ირაკლი ღარიბაშვილის წერილები ციხიდან და „ოცნების" ყოფილ და მოქმედ ლიდერებს შორის დაპირისპირება. რას უნდა ველოდოთ შექმნილი ფონის გათვალისწინებით შემოდგომაზე?

შექმნილი პოლიტიკური ფონის, მხარეთა რეპუტაციული დანაკარგებისა და მოსალოდნელი შემოდგომის სცენარების შეფასებისას, ანალიტიკოსთა მოსაზრებები განსხვავებულია. თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ ამჟამად პოლიტიკური დღის წესრიგს ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება ქმნის და ოპოზიციას სრულად აქვს დაკარგული გავლენა პროცესებზე.

როგორ იყენებენ „ოცნება" და ოპოზიცია ერთმანეთის სუსტ წერტილებს

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ოცნებაში" არანაირი შიდა დაპირიპირება არ არის, ხოლო ოპოზიციაში რეალური დაპირიპირება იმაზე მიდის, ნიკა გვარამია და მისი გუნდი აღიარებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობას:

  • ვახტანგ ძაბირაძე: „ამას ხელისუფლება იყენებს ძალიან კარგად და უნდა გამოიყენოს კიდეც - აბა, როდის იყო პოლიტიკაში ვინმე მოფერებით და ენის მოჩლექით ელაპარაკებოდა თავის ოპონენტებს?"

„დავიწყოთ იქიდან, რომ არანაირი დაპირისპირება „ოცნებაში" არ არის, ეს არის შექმნილი მითი, რადგან ღარიბაშვილი არ წარმოადგენს იმ ფიგურას, რომელიც სერიოზულ განხეთქილებას გამოიწვევს „ოცნებაში". არც წარმოადგენდა და არც წარმოადგენს...

„რაც შეეხება ოპოზიციას, აქაც რეალური დაპირიპირება მიდის იმაზე, რომ გვარამიამ და მისმა გუნდმა აღიაროს სააკაშვილიის ლიდერობა. აქაც ესაა, მეტი არაფერი."

ძაბირაძე ამბობს, რომ ამას „ოცნება" ძალიან კარგად იყენებს. მისივე თქმით, ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ისაუბროს ხელისუფლების კორუფციულ სქემაზე, მას სხვა პრობელემა აქვს.

„ამას რა თქმა უნდა ხელისუფლება იყენებს ძალიან კარგად. გამოიყენებს და უნდა გამოიყენოს კიდეც - აბა, როდის იყო პოლიტიკაში ვინმე მოფერებით და ენის მოჩლექით ელაპარაკებოდა თავის ოპონენტებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს კორუფციაზე, მისი პრობლემა ის კაირაა, რომ „ოცნებას" საზოგადოება ვერ ხედავს, როგორც კორუფციულ სისტემას, მშვენივრად ხედავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციასაც არ ენდობა. საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია მას ახალს არაფერს არ ჰპირდება", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ღარიბაშვილის წერილის სათავისოდ გამოყენება ვერ შეძლო.

„სანამ ღარიბაშვილი ხელისუფლებაში იყო, ღარიბაშვილზე საზიზღარი პიროვნება მათ (ოპოზიციას) არ ჰყოლიათ. როცა ახლა მან განცხადება გააკეთა, თავდაპირველად აჟიტირებული შეხვდნენ, მაგრამ, როდესაც ვერ მიიღეს რაც მისაღები იყო, ისევ წყალწაღებულთა განცხადებებია მათი მხრიდან. ღარიბაშვილმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომელსაც, რაც არ უნდა უნდოდეთ, სათავისოდ ვერ გამოიყენებენ", - განაცხადა გვენეტაძემ.

 

„რაც შეეხება „ოცნებას", არავითარი გამოყენება არ სჭირდება ამას (ოპოზიციაში დაპირისპირებას). ან გვარამია ან „ნაციონალური მოძრაობა" რას წარმოადგენს, რა გამოყენება სჭირდება ამას? საქმე ისაა, რომ ხალხმა უნდა იფიქროს რეალური ოპოზიციის შექმნაზე, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული".

  •  ედიშერ გვენეტაძე: „ღარიბაშვილმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომელსაც, რაც არ უნდა უნდოდეთ, სათავისოდ ვერ გამოიყენებენ".

ვინ ხვდება ახალ პოლიტიკურ სეზონს რეპუტაციული დანაკარგებით

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ორივე მხარეს რეპუტაცია ისედაც დიდი ხანია გაფუჭებული აქვს.

„აქ უკვე რეპუტაცია არაფერს არ ცვლის, რადგან რეპუტაციულად ორივეს გაფუჭებული აქვს საქმე. რეპუტაციულად ამომრჩევლის 2/3 მხარს არ უჭერს არც „ნაცმოძრაობას", არც „ოცნებას" და ეს მოცემულობა არ იცვლება.

„ვინც „ქართულ ოცნებას" არ უჭერს მხარს, ეს არის „ნაციონალების" მხარადმჭერებს პლუს მერყევი ელექტორატი. ასევეა პირიქითაც.

„მაგრამ როცა დადგება საკითხი ერთი ერთზე - „ნაციონალური მოძრაობა" თუ „ოცნება" - მაშინ სჯობნის „ოცნება", რადგან მას უბრალოდ ძალაუფლება და მეტი რესურსი აქვს, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული", - განაცხადა ძაბირაძემ.

ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ამ მოცემულობაში რეპუტაციული დანაკარგი უფრო „ნაცმოძრაობას"აქვს.

„ყველაზე მეტი რეპუტაციული დანაკარგი ამ შემეთხვევისთვის აქვს „ნაციონალურ მოძრაობას", ვინაიდან, თავიდან ბოლომდ ნიღაბი ჩამოიხადეს. უფრო სწორად, ნიღაბი დიდი ხანია ჩამოხსნილი ჰქონდათ, მაგრამ, რაც სინამდვილეში იყო, ერთმანეთს იმას აძახებენ... როცა არ გაქვს რეპუატცია, საიდან უნდა გაგიქრეს ის", - განაცხადა გვენეტაძემ.

რას უნდა ველოდოთ შემოდგომაზე

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ყველაფერი „ოცნების" პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რადგან ოპოზიცია „თამაშიდან დიდი ხანია გასულია".

„ეს დამოკიდებული იქნება, რას იზამს „ოცნება". ოპოზიციაზე, ფაქტობრივად, არაფერი არ არის დამოკდიებული. ოპოზიცია კარგა ხანია პოლიტიკური თამაშებიდან გავიდა. თუ არსებული პოლიტიკა გაგრძელდა და რამე რადიკალური ნაბიჯი არ გადადგა „ოცნებამ" რუსეთთან მიმართებაში, ან ტერიტორიებთან დაკავშირებით, ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ „ოცნებამ" რადიკალური ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკა შეცვალა, მაშინ იქნება საპროტესტო მოძრაობა, მაგრამ დღეს რომ გითხრათ, რომ საზოგადოებაში ისეთი უარყოფითი მუხტია, რომ ხვალ ან რამდენიმე თვეში იფეთქებს, ჩემი შეფასებით, ასე არ არის. ოპოზიცია ახალს ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას, გარდა იმისა, რომ „ოცნება" რუსულ პოლიტიკას ახორიცელებს, ამიტომ არაფერს მნშვენელოვანს არ ველი.

„თუ რუსეთ-უკრიანის ომი დასრულა, ქართული საზოგადოება რას ჩათვლის - ვინ მოიგო და ვინ წააგო ომი - ამ გარე ფაქტორმა შეიძლება იმუშაოს შიდა პოლიტკაში", - განაცხადა ძაბირაძემ.

ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ შემოდგომაზე ოპოზიციის პოლიტიკური არენიდან წასვლას ელოდება:

„შემოდგომაზე ეუნდა ველოდოთ რთველს, ყურძნის დაწურვას და ამ ოპოზიციის, რომელიც არის მე-5 კოლონა, პოლიტიკური არენიდან წასვლას. ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, მოხდება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს იმას, რაც გადასაწყვეტია - საქართველოს სახელმწიფოს მოაცილებს იმ საშინელ ძალას, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს, ანუ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×