რა ხდება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის „ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის" დაწყების წინ
მარიამ ვეკუა
23.08.2026

ოფიციალური თეირანი მეზობელ სახელმწიფოებს აფრთხილებს, ვაშინგტონის „ეკონომიკურ ომში" არ ჩაერთონ. ირანის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-სთან თანამშრომლობის შემთხვევაში, რეგიონის ქვეყნების ინტერესები ირანის მხრიდან პირდაპირი დარტყმის ქვეშ დადგება, ხოლო სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტი სრულად დაიბლოკება.

„ყველა მეზობელ ქვეყანას მოვუწოდებთ, არ გახდნენ აშშ-ის ეკონომიკური ომის მონაწილენი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მტრულ მხარედ მივიჩნევთ", -განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ.

მისივე თქმით, თეირანი კონფლიქტის გაფართოებას არ გეგმავს, თუმცა ვაშინგტონის მხარდაჭერის შემთხვევაში საპასუხო ზომები „მიწისძვრის დარად გამანადგურებელი" იქნება. რეზაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში „სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეს ნავთობის არცერთი წვეთი არ დატოვებს".

მისი თქმით, ირანის სტრატეგია სამ ეტაპს მოიცავს: თავდაპირველად თეირანი მოლაპარაკებებს გამართავს და მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფოებს, არ აჰყვნენ აშშ-ს. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, ირანი ამ ქვეყნების ინტერესებზე დარტყმების მიყენებაზე გადავა.

ირანული მხარის მტკიცებით, ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტილია და არ გაიხსნება, სანამ აშშ ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს. რეზაის თქმით, ვინაიდან სპარსეთის ყურის სანაპირო ზოლის 50%-ზე მეტს ირანი აკონტროლებს, სრუტის მართვაც სწორედ თეირანის პრეროგატივაა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას" იწყებს, რაც კი ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ გატარებულა.

ორშაბათს, 24 აგვისტოს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე კი აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ამ საკითხზე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. მანამდე მან ირანის საკითხში თანამშრომლობისკენ მოუწოდა ჩინეთსაც, რომელზეც ირანული ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდის. თუმცა, ოფიციალური პეკინი, თავის მხრივ, დაპირისპირებულ მხარეებს დიპლომატიური გზების ძიებისკენ მოუწოდებს.

  • მოჰსენ რეზაი: „ყველა მეზობელ ქვეყანას მოვუწოდებთ, არ გახდნენ აშშ-ის ეკონომიკური ომის მონაწილენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მტრულ მხარედ მივიჩნევთ".

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ შაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ახალი სანქციების მოახლოებული ანონსი წარმოადგენს „გაეროს თითოეულ დამოუკიდებელ წევრ სახელმწიფოსზე ექსტრატერიტორიული სუვერენიტეტის თავს მოხვევის მცდელობას".

„ასეთ მეორად სანქციებს საერთაშორისო სამართალში არანაირი საფუძველი არ გააჩნია", - დაწერა მან სოციალურ ქსელ „იქსში".

პეზეშქიანი: ირანი წინააღმდეგობის წყალობით გაძლიერდა

პარალელურად ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა განაცხადა, რომ დასავლეთის მცდელობა, ირანი „მეორე ვენესუელად" ექცია, ჩაფლავდა. მისი თქმით, ეროვნულმა ერთიანობამ და წინააღმდეგობამ ქვეყანა კიდევ უფრო გააძლიერა.

პეზეშქიანმა შაბათს განაცხადა, რომ თეირანი დათმობებზე წასვლას არ აპირებს. მან ხაზი გაუსვა იმ რეალობის დასრულების აუცილებლობას, რასაც „არც ომი, არც მშვიდობის" მდგომარეობა უწოდა.

პეზეშქიანის თქმით, ირანელი ოფიციალური პირები თითქმის ყოველდღიურად მსჯელობენ, თუ როგორ დააღწიონ თავი ამ ვითარებას და მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ირანის პრინციპებსა და ღირებულებებს, ოპონენტებს კი ახალი თავდასხმის მცდელობის სურვილს დაუკარგავს.

ირანის პრეზიდენტმა ასევე ახსენა აშშ-სთან ახლახან გაფორმებული მემორანდუმი და განაცხადა, რომ დოკუმენტი არ შეიცავს არანაირ პირობას, რაც კაპიტულაციად ჩაითვლებოდა ან თეირანს დათმობებზე წასვლას აიძულებდა.

ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შეჩერებულია

აშშ-ის მიერ ირანული გემების საკუთარ პორტებში ეფექტური ბლოკირების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა პარალიზებულია, სადაც ასობით ხომალდზე ათასობით მეზღვაურია ჩარჩენილი.

გემების მეთვალყურეობის მონაცემების თანახმად, გასულ ხუთშაბათს სრუტეში მხოლოდ ოთხმა სატვირთო გემმა გაიარა და მათ შორის არცერთი არ ყოფილა ნავთობისა თუ თხევადი ბუნებრივი აირის გიგანტური ტანკერი.

თუმცა, ირანული სახელმწიფო სააგენტო „ირნას" ცნობით, ბაღდადის მრავალჯერადი თხოვნის შემდეგ, თეირანმა ერაყულ ნავთობტანკერებს სრუტის გადაკვეთის ნება დართო.

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის, კრის რაითის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ძალების დახმარებით სრუტის გავლით დღეში საშუალოდ 8 მილიონი ბარელი ნავთობი გადაადგილდება. ომამდე ეს მაჩვენებელი დღეში 20 მილიონ ბარელს აღემატებოდა, რაც გლობალური მოხმარების დაახლოებით მეხუთედს შეადგენდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×