
უკრაინასა და რუსეთს შორის საჰაერო ომი ახალ, გაცილებით აგრესიულ ფაზაში გადადის -კიევი მოსკოვის სამხედრო-ეკონომიკური მანქანის პარალიზებას რუსეთის სიღრმეში ცდილობს, რასაც კრემლი უკრაინულ ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების ინტენსიფიკაციით პასუხობს.
იმ ფონზე, როდესაც უკრაინა დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის, მხარეების მიერ ასობით დრონითა თუ რაკეტით განხორციელებული ორმხრივი იერიშები მოწმობს, რომ კონფლიქტი ენერგეტიკული და ლოგისტიკური გამოფიტვის უკომპრომისო ფაზაში შედის.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ გასულ ღამეს პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა. რუსეთის პერმის მხარეში მომხდარი დარტყმის შესახებ ინფორმაცია 21 აგვისტოს, დილაადრიან, ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.
უკრაინული არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში სავარაუდოდ ასახულია აფეთქებები და ხანძარი ქალაქ პერმში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრითაა დაშორებული.
„ვაგრძელებთ შორ მანძილზე მოქმედი სანქციების გამოყენებას, რათა ომი იქ დავაბრუნოთ, საიდანაც ის დაიწყო", - დაწერა ზელენსკიმ თავის ტელეგრამზე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო იერიშის შესახებ ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 06:30 საათზე გააფრთხილა. „ასტრას" ცნობით, დაახლოებით იმავე დროს დროებითი შეზღუდვები დაწესდა პერმის ბოლშოე სავინოს აეროპორტშიც, თუმცა შეზღუდვები მოგვიანებით მოიხსნა.
- ზელენსკი: ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციების გამოყენებას, რათა ომის შედეგები იქ დავაბრუნოთ, საიდანაც ის დაიწყო"
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში 325 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მანამდე, 29 ივლისს განხორციელებული იერიში „ლუკოილის" მფლობელობაში არსებულ პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უდიდესია.
უკრაინამ ბოლო კვირებია თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე გაააქტიურა, რათა რუსული არმიის საწვავით მომარაგება და ის შემოსავლები, რომლითაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს, შეამციროს.
უკრაინულ იერიშს, კიევზე რუსეთის მასშტაბური იერიში უძღოდა, კიევის მერის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული ბოლო იერიში პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე „მიზანმიმართული შეტევა მიიტანეს".
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მთელი ქალაქის მასშტაბით საცხოვრებელ კორპუსებსა და საწყობებზე განხორციელებული ღამის დარტყმების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. უწყების ცნობით, დაზიანდა საბავშვო საავადმყოფო და სკოლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ზე მეტს შეადგენს.
საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი
კლიჩკომ თქვა, რომ უკრაინა კვლავ განიცდის საჰაერო თავდაცვის რაკეტების ნაკლებობას და „საბრძოლო მასალა, ანტირაკეტული სისტემები სჭირდება-ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან".
კიევი დასავლელ მოკავშირეებზეა დამოკიდებული ამ მომარაგების კუთხით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ „სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური საშუალებები, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ იფიქრებს."
მან დასძინა: „პატრიოტის" სისტემების გადამჭრელი რაკეტები ჯერ კიდევ არ შევსებულა, ისინი კი ყოველდღიურად გვჭირდება. თითოეული დამატებითი რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს".
რუსულ ბალისტიკურ რაკეტებთან საბრძოლველად უკრაინა „პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემის ამერიკულ გადამჭრელ რაკეტებს ეყრდნობოდა, თუმცა მედიის ინფორმაციით, აშშ-მა საკუთარი მარაგების დიდი ნაწილი ირანთან ომის დროს გამოიყენა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო ობიექტებსა და საწყობებზე იერიშის მიასატანად მათ ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე ბაზირებული შეიარაღება გამოიყენეს.
ბოლო კვირების განმავლობაში ორივე მხარემ მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა, რასაც ათობით მსხვერპლი მოჰყვა.უკრაინამ გააძლიერა იერიშები რუსეთის სიღრმეში და გასულ უქმეებზე მოსკოვს 600 დრონით შეუტია.