
აშშ-ის პრეზიდენტი ღიად ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანს ნებისმიერ დახმარებას გაუწევენ. დონალდ ტრამპი მძიმე ეკონომიკურ სანქციებს აანონსებს მას შემდეგ, რაც აშშ და ისრაელი, ირანთან ომის დასრულების მიზნით, მოლაპარაკებების გზებს ეძებენ. ახლა საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება ტრამპის ამ მუქარას, ან როგორ აისახება ეს ჩვენს რეგიონსა და ზოგადად საქართველოზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ „უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“ დააანონსა. „ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია. მათი სამხედრო-საზღვაო ძალები აღარ არსებობს, საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებადაა ქცეული, მათი ვალუტა გაუფასურებულია და ქვეყანა ძაფზე ჰკიდია...
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანისთვის ნებისმიერი სახის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემს, თავადაც უმძიმესი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
ნავთობის კონტრაბანდა, გაცვლის ხაზები, ფულადი გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეგისტრაცია, საფარი კომპანიები - ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს. თქვენ იცით, ვისაც ვგულისხმობ“, - დაწერა ტრამპმა, თუმცა კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.
რას ნიშნავს ტრამპის ეს მუქარა და როგორ აისახება საქართველოზე, რადგან ირანი ჩვენი რეგიონის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. მეტიც, ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა არსებობს და რაც მთავარია, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ჩვენმა ქვეყანამ განსაკუთრებული სტრატეგიული ფუნქცია შეიძინა.
ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი პირველად არ აკეთებს ასეთი სიმწვავის განცხადებებს, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ხშირად იცვლის ხოლმე პოზიციებს.
„ამის მიუხედავად, ეს განცხადება ყურადსაღებია, რადგან ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს და ის ჩვენი უახლოესი მეზობელია. ტრამპმა რომ მექსიკასთან ურთიერთობებზე რაღაც თქვას, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ირანთან ურთიერთობას ვერ გავექცევით, რადგან აქვე, ყურის ძირშია და ჩვენი რეგიონის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოა.
თუმცა, ისიც ფაქტია, რომ არანაკლებ მწვავე განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია ტრამპს და ამით მესამე მსოფლიო ომი იმ ფორმით, როგორიც მეორე იყო, არ დაწყებულა. ტრამპი იმ კალიბრის პოლიტიკოსი არ არის, რომლის განცხადება ყურადღების მიღმა უნდა დატოვო, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მისი ეს განცხადება ერთადერთ ორიენტირად აიღო. რეალურად, ახლა მსოფლიოს მასშტაბის ეკონომიკური ომი მიდის, რომელიც უკვე სამხედრო ფაზაშია გადასული“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ.
მისი თქმით, ძნელი სათქმელია, რა შედის ამერიკის ინტერესებში გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ მოკლე და რეალურ ინტერესებში შედის, რომ ეს ომი არ გაჩერდეს.
„რაც უფრო მეტი ცხელი წერტილი იქნება მსოფლიოში, მით უკეთესია ამერიკისთვის, რადგან ლოზუნგი - „Make America Great Again“ - არსად წასულა, ხოლო ამერიკა Great გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რატომ არ უნდა სცადონ მესამედ ამის გაკეთება?
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფრთხილი საგარეო პოლიტიკა ზუსტად ისე, როგორც მივდივართ და უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე: მივხედოთ ანაკლიის პორტს, შუა დერეფანს. გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება, თუკი ქვეყნის განვითარების ათწლიან პროგრამას რეალურად ავამოქმედებთ და ეს მართლაც განვითარების პროგრამა იქნება, რეალური ეკონომიკის აღორძინების ორიენტირით“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ნოდარ კაპანაძემ.
ანალოგიური მოსაზრება აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ეს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა არ არის. ამ ეტაპზე, საქართველოს პირდაპირ სამიზნედ განხილვის საფუძველი არ არსებობს.
„საქართველო ირანის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი არ არის, ამიტომ ამ ეტაპზე, პირდაპირი სანქციური დარტყმის საფუძველი არ ჩანს. თუმცა, ტრამპის მიერ ჩამოთვლილი სიტყვები: „ნავთობის კონტრაბანდა, გაცვლის ხაზები, ფულადი გადარიცხვები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, გემების რეგისტრაცია, საფარი კომპანიები“, განსაკუთრებით საყურადღებოა. ეს უკვე ნიშნავს არა მხოლოდ ირანული სახელმწიფო კომპანიების, არამედ შუამავლური ქსელების, ლოგისტიკისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის კონტროლს.
საქართველოსთვის აქ ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი. პირველი - ფინანსური სექტორი. თუ ვაშინგტონი ე.წ. მეორადი სანქციების გამოყენებას გააფართოებს, ქართულ ბანკებს მოუწევთ კიდევ უფრო მკაცრად შეამოწმონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციები. პრობლემა შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, როდესაც ქართული კომპანია პირდაპირ ირანულ სახელმწიფოსთან არ მუშაობს, მაგრამ ტრანზაქციის ჯაჭვში ირანული წარმოშობის კომპანია, ბანკი, გემი ან შუამავალი აღმოჩნდება. მე მაინც მიმაჩნია, რომ მიმდინარე პროცესმა შეიძლება საქართველოს გეოპოლიტიკური და სატრანზიტო მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.
ტრამპის გზავნილი, პირველ რიგში, ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური იზოლაციის გამკაცრებას და იმ ფინანსური, სავაჭრო და ლოგისტიკური ქსელების შეზღუდვას გულისხმობს, რომლებიც თეირანს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის ფაქტორი, რადგან ირანული ნავთობის უმნიშვნელოვანესი მყიდველის გარეშე, მისი ექსპორტის სრულად შეზღუდვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
„ამიტომ მიმდინარე პროცესს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ: ირანის იზოლაცია ნიშნავს ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას, რაც ჩინეთზე წნეხს გააძლიერებს და მეორად სანქციებს გააფართოებს, ეს კი გლობალური ლოგისტიკური მარშრუტების მნიშვნელობას გაზრდის. სწორედ აქ ჩნდება საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობა.
მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია და დიდი სახელმწიფოების მზარდი კონკურენცია სულ უფრო მეტად აჩენს საჭიროებას ისეთი სატრანზიტო მარშრუტების მიმართ, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ეკონომიკურ სივრცეებს აკავშირებს. ამ თვალსაზრისით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უბრალოდ რუკაზე არსებული უპირატესობა აღარ არის - ის შეიძლება სტრატეგიულ ეკონომიკურ აქტივად გადაიქცეს.
შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთთან დაკავშირებულ სივრცედ ყალიბდება. საქართველოს შეუძლია ამ სივრცეში შეასრულოს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ დამაკავშირებელი ქვეყნის ფუნქცია - ქვეყნის, რომლის გავლითაც საქონელი, ენერგია, კაპიტალი და ლოგისტიკური ნაკადები სხვადასხვა მიმართულებას უკავშირდება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ გიორგი ცუცქირიძემ.
ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფანი - მარშრუტი, რომელიც ცენტრალურ აზიას, კავკასიის გავლით, ევროპასთან აკავშირებს.
„საქართველოსთვის ეს ისტორიული შესაძლებლობაა. ქვეყანას შეუძლია საკუთარი მდებარეობა გეოპოლიტიკური რისკიდან ეკონომიკურ უპირატესობად გარდაქმნას. ამისთვის აუცილებელია სტაბილური საინვესტიციო გარემო, თანამედროვე პორტები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, გამჭვირვალე საბანკო სისტემა, სანქციებთან მაღალი შესაბამისობა და საერთაშორისო პარტნიორებისადმი სანდოობის შენარჩუნება. ამიტომ ტრამპის განცხადების საქართველოსთვის მთავარი კითხვა არ არის: „დაგვემხობა თუ არა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღა?“ უფრო მნიშვნელოვანია კითხვა: „შევძლებთ თუ არა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გამოყენებას იმისთვის, რომ საქართველო რეგიონული სატრანზიტო ქვეყნიდან უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ეკონომიკურ და ლოგისტიკურ კვანძად გადაიქცეს"?
თუ მსოფლიო მართლაც შედის ახალი ეკონომიკური დაპირისპირებისა და მიწოდების ჯაჭვების გადალაგების ეპოქაში, საქართველოს მდებარეობა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული რესურსი გახდეს. ამ შემთხვევაში, საქართველო აღარ არის უბრალოდ დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების გზაზე მდებარე პატარა ქვეყანა. საქართველო შეიძლება თავად გახდეს გზა - ევროპას, შავ ზღვას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის“, - დასძინა „რეზონანსთან“ გიორგი ცუცქირიძემ.