
ევროპასთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერი ირაკლი კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება. საინტერესოა, რომ ამ სამიტის თანათავმჯდომარე „ოცნების" მთავრობის „დაუძინებელი მეგობარი" გერმანიაცაა. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები. ამის საფუძველზე ანალიტიკოსი რამაზი საყვარელიძე ამბობს, ვფიქრობ, ფინიშს უახლოვდება ის პროცესი, რასაც კობახიძე მოლოდინის სტრატეგიას უწოდებდაო.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში, 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის. ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში, 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან მიიღო.
- პაატა ზაქარეიშვილი: „ეს ჩვეულებრივი, ტექნიკური კონფერენციაა. სააკაშვილის დროსაც მოხდა მსგავსი რამ - გარკვეულ მომენტში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა სააკაშვილს არ ხვდებოდა. სწორედ მიიწვიეს ასეთ კოსმოსურ თუ გარკვეული თემატიკის კონფერენციაზე, ჩავიდა და მიღებაზე ხელი ჩამოართვა ობამამ"
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მაკრონის მიწვევა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ურთიერთობები უკეთესობისკენ მიდის.
„მაკრონსა და კობახიძეს შორის ადრეც გვინახავს შედარებით კეთილგანწყობილი, ადამიანური ურთიერთობა, რის გამოც ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის. თუმცა, თუ ამას ერთ კონტექსტში განვიხილავთ გერმანიის მიერ ელჩის დანიშვნასთან, საფრანგეთის ამ ჟესტსა და ამერიკიდან გაჟღერებულ ანალოგიურ განცხადებებთან, ვფიქრობ, ფინიშს უახლოვდება ის პროცესი, რასაც კობახიძე მოლოდინის სტრატეგიას უწოდებდა. თითქოს საქართველო ელოდებოდა მისადმი დამოკიდებულების შეცვლას. თქმა შეუძლებელია, რომ პროცესი დასრულდა, თუმცა ამის ნიშნები ნამდვილად ჩანს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ეს ტექნიკური კონფერენციაა, რასაც ურთიერთობების გაუმჯობესებასთან კავშირში არაა.
„ეს ჩვეულებრივი, ტექნიკური კონფერენციაა. სააკაშვილის დროსაც მოხდა მსგავსი რამ - გარკვეულ მომენტში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ობამა სააკაშვილს არ ხვდებოდა. სწორედ მიიწვიეს ასეთ კოსმოსურ თუ გარკვეული თემატიკის კონფერენციაზე, ჩავიდა და მიღებაზე ხელი ჩამოართვა ობამამ. შემდეგ ფოტო გადაიღეს მისმა მხარდამჭერმა მედიებმა და კვირაში ორჯერ გვიჩვენებდნენ, როგორ შეხვდა სააკაშვილი ობამას. თუმცა ეს არაფერს ნიშნავდა, რადგან ეს უბრალოდ დიდი კონფერენცია იყო.
„ასეთ კონფერენციებზე სახელმწიფოს წარმომადგენლები სჭირდებათ, რათა მათ იკისრონ ვალდებულებები გარკვეულ პირობებზე. შესაბამისად, ეს თემატიკა ეკოლოგიას, კოსმოსის ათვისებასა და უამრავ ისეთ საკითხს ეხება, სადაც ეს სახელმწიფოები ვალდებულებებს იღებენ და ხელს აწერენ საერთაშორისო შეთანხმებებს. ამას არაფერი საერთო აქვს ორმხრივ ურთიერთობებთან. ეს არის მორიგი, რიგითი, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ საკითხებზე გამართული შეხვედრა, სადაც რაც უფრო მეტი სახელმწიფო მოაწერს ხელს, მით უფრო გარანტირებულად შესრულდება ესა თუ ის პირობა", - უთხრა ზაქარეიშვილმა „რეზონანსს".