მარიამ ვეკუა
20.08.2026

მოსკოვისა და ფხენიანის სამხედრო ალიანსი თვისებრივად ახალ, საშიშ ფაზაში შედის: უკრაინისა და დასავლური დაზვერვების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გადასროლას გეგმავს. ეს ნაბიჯი კრემლს საშუალებას მისცემს, საკუთარი ზურგის ოლქები მოკავშირეს ჩააბაროს და გამოთავისუფლებული ძალები უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე გადაისროლოს. თუმცა, ამ გარიგებით მხოლოდ მოსკოვი არ იგებს - სანაცვლოდ, კიმ ჩენ ინის რეჟიმი იღებს იმას, რაც ათწლეულებია არ ჰქონია - XXI საუკუნის ტექნოლოგიური ომის რეალურ გამოცდილებას.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფხენიანმა რუსეთის ტერიტორიაზე 30 000-დან 50 000-მდე სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. მას არ დაუკონკრეტებია, შედიან თუ არა ამ რიცხვში ის ჩრდილოეთკორეელი სამხედროები, რომლებიც კონფლიქტში უკვე მონაწილეობენ.

გასულ უქმეებზე გაკეთებულ კომენტარებში ზელენსკიმ მოკავშირეები ასევე გააფრთხილა, რომ ჩრდილოეთ კორეა თანამედროვე ომში ფასდაუდებელ გამოცდილებას იღებს და სამხრეთ კორეას მოუწოდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და დრონების მიმართულებით უკრაინასთან თანამშრომლობა გააძლიეროს. ორი დღის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი ბალისტიკური რაკეტები მიიღო, რომლებიც, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეზე თავდასხმისას გამოიყენეს.

რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ თავდაცვის სფეროში ხელშეკრულებას ხელი 2024 წლის ზაფხულში მოაწერეს, რის შემდეგაც, რამდენიმე თვეში, ფხენიანმა რუსეთში საბრძოლო ქვედანაყოფების გაგზავნა დაიწყო. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთში 14 000-დან 15 000-მდე სამხედრო პერსონალი გაიგზავნა, ძირითადად კურსკის ოლქში.

მოგვიანებით ფხენიანი დათანხმდა დამატებით 6 000 გამნაღმველისა და სამხედრო მშენებლის გაგზავნას. ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონობით საარტილერიო ჭურვი და ბალისტიკური რაკეტაც მიაწოდა. სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ამ ომში 6 000-მდე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.

ხუთშაბათს იაპონურმა მედიამ, უკრაინის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარების მოსალოდნელი ზრდა დაადასტურა. უკრაინული წყაროების ცნობით, ნოემბრის ბოლოსთვის რუსეთში შესაძლოა 50 000-მდე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო განთავსდეს; უწყების ცნობით, ისინი უსაფრთხოების უზრუნველყოფას რუსეთის კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში გადაიბარებენ, რაც რუსულ ძალებს უკრაინის ფრონტის ხაზზე გათავისუფლების საშუალებას მისცემს.

სამხრეთკორეელმა კანონმდებელმა და ყოფილმა სამხედრო ჟურნალისტმა იუ იონგ-ვონმა „დოიჩე ველესთან" საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო ხდება.

„შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, რეალობად ქცევას იწყებს", განუცხადა მან გამოცემას. „იმის მიუხედავად, განხორციელდება თუ არა სინამდვილეში ასეთი მასშტაბური დამატებითი ძალების გაგზავნა, ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის უწყვეტი გაფართოება სამხრეთ კორეის მთავრობისა და სამხედრო უწყებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს."

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ექსმოადგილე ჰან კი-ბუმმაც სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობაზე მიანიშნა. „უკრაინა თავდაპირველად 30 000 დამატებით პერსონალზე საუბრობდა, ვიდრე შეფასებას 50 000-მდე გაზრდიდა, თუმცა დაგეგმილი განთავსების შესახებ დეტალური მტკიცებულებები არ გამოუქვეყნებია," - უთხრა მან „დოიჩე ველეს".

  • „ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა ჩრდილოეთკორეელი ქალების გადაადგილებაც რუსეთის მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, მათ აღდგენითი სამუშაოებისთვის გზავნიან თუ სამედიცინო პერსონალად"

„ჩრდილოეთ კორეას საკმარისი სამხედრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ მსგავსი განთავსება საკუთარი თავდაცვისუნარიანობის სერიოზული შესუსტების გარეშე გახადოს შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ომი მეტწილად ჩიხშია შესული, ქვეყანა, რომელიც ხანგრძლივ ომს აწარმოებს, ყოველთვის იგრძნობს ცოცხალი ძალის ნაკლებობას," -აღნიშნა ჰანმა. „შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეის ქვეით ჯარს შეუძლია რუსეთის ზურგის უსაფრთხოება დაიცვას, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ჯარისკაცი უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე გადაისროლოს".

„ამ შეთანხმებით ჩრდილოეთ კორეაც ხეირობს-მისი ჯარები XXI საუკუნის ომის წარმოების გამოცდილებას იღებენ და იარაღს რეალური საბრძოლო მოქმედებების პირობებში ცდიან; ღრმა თანამშრომლობამ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის წვდომა რუსულ გამოცდილებასთან სარაკეტო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში გაზარდოს," - განაცხადა ჰანმა.

უსაფრთხოების ექსპერტის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის 6 000-მდე დანაკარგიდან 2 000-მდე სამხედრო შესაძლოა დაღუპული იყოს.

„ჩრდილოეთ კორეის ძალებმა თავდაპირველად მძიმე დანაკარგი განიცადეს, თუმცა ბრძოლის ველთან ადაპტაციის შემდეგ მათი ეფექტიანობა გაიზარდა," - აღნიშნა მან. „მათი აგრესიული საბრძოლო სტილი შესაძლოა ხსნიდეს იმას, თუ რატომ აქებენ პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები მათ სიმამაცეს."-განაცხადა ჰანმა

რუსეთში ჩრდილოეთკორეელი ქალებიც გადადიან

ჩრდილოეთ კორეის კვლევის მსოფლიო ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ყოფილი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო, ან ჩან-ილი მიიჩნევს, რომ „50 000-იანი კონტინგენტის გაგზავნა სამხედრო თვალსაზრისით სრულიად რეალურია" და ფხენიანი რუსეთში „ელიტურ სპეცდანიშნულების ძალებს" გააგზავნის.

„ჩრდილოეთ კორეის სპეცდანიშნულების ძალები განსაკუთრებით დახელოვნებულნი არიან დაზვერვაში, მოულოდნელ თავდასხმებსა და ჩასაფრებებში. მათ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები კურსკის ფრონტზე უკვე დაამტკიცეს, რაც მათ რუსული არმიისთვის მიმზიდველს ხდის," - განაცხადა ანმა, რომელიც სამხრეთ კორეაში 1979 წელს გაიქცა.

„თუმცა, 30 000 ჯარისკაცის განთავსების შემთხვევაში, კონტინგენტი, სავარაუდოდ, მოიცავს არა მხოლოდ სპეცდანიშნულების ძალებს, არამედ ქვეითებს, ინჟინრებს, სამხედრო მშენებლებსა და ქალ სამედიცინო პერსონალს," - დასძინა მან.

  • „ჩრდილოეთ კორეის სპეცდანიშნულების ძალები განსაკუთრებით დახელოვნებულნი არიან დაზვერვაში, მოულოდნელ თავდასხმებსა და ჩასაფრებებში. მათ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები კურსკის ფრონტზე უკვე დაამტკიცეს"

„ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა ჩრდილოეთკორეელი ქალების გადაადგილებაც რუსეთის მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, მათ აღდგენითი სამუშაოებისთვის გზავნიან თუ სამედიცინო პერსონალად."

ჰანის განცხადებით, „გადარჩენილ ჯარისკაცებს შეუძლიათ ჩრდილოეთ კორეაში ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება ჩაიტანონ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება უმცროს ოფიცრად ან ინსტრუქტორად მოგვევლინოს და მთელ არმიაში გავრცელდეს დრონებით ომის, დაზვერვისა და უკრაინის კონფლიქტის სხვა ასპექტებიდან მიღებული გაკვეთილები."

„ჯარისკაცები ეცნობიან ცხოვრებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული საზოგადოების მიღმა. რაც მთავარია, დანაკარგების მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა გაართულოს ამ ომის წარმატებად წარმოჩენა," დასძინა ანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×