
ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხალხს „გადამწყვეტ შემოდგომას" უანონსებს და საზოგადოებას სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს სურს პოლიტიკური ლიდერის როლი მოირგოს. მისი ინიციატივით მნიშვნელოვან პროცესებს არ ელოდებიან.
მეხუთე პრეზიდენტი „ფეისბუქ ლაივით" მოქალაქეების კითხვებს პასუხოდა:
„პროტესტმა აჩვენა ყველანაირად, არა ის, რომ დაღლილობის ნიშნებია, არამედ ის, რომ გამძლეობის უდიდესი ნიშნებია. და ისიც აჩვენა, რომ მთავრობამ, რეპრესიამ, კანონებმა, ჯარიმებმა - ამ ყველაფერმა ვერაფერი ვერ მოუხერხა, რომ გამქრალიყო ეს პროტესტი. ის, რომ ეს პროტესტი ზოგჯერ იყოს ძალიან მასშტაბური და ზოგჯერ უფრო მოკრძალებული, ეს გასაგებია, ეს არის ადამიანური მოვლენა. მაგრამ, ეს პროტესტი რომ გრძელდება და არაფერი მას არ გააჩერებს, ეს არის დღეს ჩვენი რეალური საყრდენი და ეს თვითონ ხელისუფლებამაც იცის. უნდა ერთად მივუდგეთ ამ საკითხს და ეს გაერთიანება საზოგადოების, პირველ რიგში, რომელიც აიძულებს პოლიტიკურ სპექტრს, რომ ისიც გაერთიანდეს, რადგან სხვა გამოსავალი დღეს არ არის.
„მე ვიცი ერთი რამ, რომ დრო იწურება, რომ ჩვენი მზადყოფნის დრო მოდის, რომ ეს სექტემბერი-ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი ძალიან ბევრი კუთხით, რომ არ უნდა ავიტანოთ ყველაფერი, უნდა მივხდეთ რომ მორჩა. მეტი შემგუებლობა და მეტი დათმობები არ შეიძლება და ეს არის საზოგადოებსი გამოწვევა რეალურად", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
- გია აბაშიძე: „რაც შეეხება ამ ე.წ. მასობრივ პროტესტს, ჩვენ კვლავ ვიქნებით იმ, ასე ვთქვათ, ჩამოძონძილი ცირკის მორიგი წარმოდგენის მაყურებლები"
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ასეთი განცხადებები გაგრძელდება, მაგრამ რეალური შედეგი არ ექნება.
„ეს ნიშნავს ზუსტად იმავე გზავნილებს, რაც იყო შარშან, შარშანწინ და იმის წინა წლებშიც. როდესაც სასოწარკვეთილი ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერი გზით, მათ შორის უბინძურესი ტყუილებითა და მანიპულაციებით ხალხის მობილიზებას, თუმცა მაინც ნულოვანი შედეგი აქვთ.
„სალომე ზურაბიშვილზეც ასევე ის უნდა ითქვას, რომ მისი პოლიტიკური შეფასებები, განსაკუთრებით ღარიბაშვილის წერილების ფონზე, ანეგდოტების გარდა არაფერს იმსახურებს. მას მიაჩნია, რომ თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული ახალი, ფარული ოპოზიცია. გვახსოვს, მსგავსი ჭორები ვრცელდებოდა გახარიაზეც და თავად ივანიშვილმაც გასცა მათ პასუხი. თუმცა, იმდენად უმნიშვნელოა ზურაბიშვილისა და მისნაირთა ე.წ. პოლიტიკური შეფასებები, რომ მგონი, მათ განცხადებებს უფრო ფელეტონური ჟანრი მიესადაგება.
- ნიკა ჩიტაძე: „რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გამართლდება ზურაბიშვილის პროგნოზი, ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ხალხის ნაწილი მას პოლიტიკურ ლიდერად არ აღიქვამს, თუმცა ფაქტია, რომ პროცესების გააქტიურება აუცილებელია"
„შესაბამისად, რაც შეეხება ამ ე.წ. მასობრივ პროტესტს, ჩვენ კვლავ ვიქნებით იმ, ასე ვთქვათ, ჩამოძონძილი ცირკის მორიგი წარმოდგენის მაყურებლები. სადამდე მიიყვანს ასეთი ქმედებები ოპოზიციას, ადვილი განსაჭვრეტია. ასე რომ, ეს გრძელდება და გაგრძელდება მომავალ წელსაც, გაზაფხულზეც და ასევე, დიდი ალბათობით, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც. მაგრამ, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი რეალობასაა მოწყვეტილი, იქ მათ ქმედებებზე სერიოზული ანალიზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს პოლიტიკური ლიდერის მორგება სურს.
„მას სურს, იკისროს პოლიტიკური ლიდერის როლი. როდესაც ოპოზიციური ალიანსი შეიქმნა, სადაც დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რამდენად მყარია ეს ერთობა, სალომე ზურაბიშვილი ამ გაერთიანებაში არ მოიაზრებოდა. ახლა კი მას სურს, მოირგოს პოლიტიკური ლიდერის როლი და საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს. ამის მიზეზად ის მიიჩნევს იმ კომპრომატების დაგროვებას, რაც „ქართული ოცნების" წინააღმდეგ არსებობს - იქნება ეს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა, ღარიბაშვილის განცხადებები თუ გიორგიევსკის ტრაქტატის შედეგებთან დაკავშირებული პარალელები.
„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი, ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ხალხის ნაწილი მას პოლიტიკურ ლიდერად არ აღიქვამს, თუმცა ფაქტია, რომ პროცესების გააქტიურება აუცილებელია. 2024 წელს განსაკუთრებით სტუდენტური მოძრაობა აქტიურობდა, თუმცა მოგვიანებით, პოლიტიკოსების გამოჩენის შემდეგ, პროცესები სხვაგვარად განვითარდა. დღეს პროტესტი გრძელდება, თუმცა არა იმ დოზით, როგორც 2024 წელს. შესაბამისად, ახალი საპროტესტო ტალღის აგორებაა საჭირო",- უთხრა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსს".