
ქართულ შოუბიზნესში მორიგი ხმაურიანი დაპირისპირებაა. პროექტი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებული ქალების რესოციალიზაციასა და მათ მიერ შექმნილი სამოსის კოლექციის ჩვენებას ემსახურება, დიდი სკანდალის მიზეზი გახდა.
ყველაფერი ჟურნალ "თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუთი დაიწყო, რომელშიც მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ პენიტენციურ სისტემაში თავისი ახალი ამპლუისა და მასშტაბური გეგმების შესახებ ისაუბრა. ჩიტალაძის თქმით, მან პენიტენციურ სამსახურში მენტორად დაიწყო მუშაობა და მსჯავრდადებულ ქალებთან ერთად ბრენდ "ახალ ზონასა“ და 21 ლუქისგან შემდგარ ექსკლუზიურ კოლექციაზე მუშაობს, რომლის დეფილეც დეკემბერში იგეგმება.
დალი ჩიტალაძის ამ ინტერვიუს საპასუხოდ, პროექტის ავტორმა, ნათია შათირიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი და საკმაოდ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა - მან ჩიტალაძე სხვისი ნაშრომით აპელირებასა და იდეის მითვისებაში ღიად დაადანაშაულა.
ნათია შათირიშვილის თქმით, პროექტის უკან უდიდესი შრომა, პირადი თავგანწირვა და ჯანმრთელობის ფასად გაწეული ძალისხმევა დგას, დალი ჩიტალაძის როლი კი პროცესში მინიმალური იყო.
"იდეაც ჩემია და შესრულებული პროექტიც - ჩემი. ეს პროექტი თავიდანვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისთვის შეიქმნა - ქალი პატიმრების რესოციალიზაციისთვის, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის და მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენისთვის.
იდეის გაჩენისთანავე, საქმის პროფესიონალს დახმარებისთვის მივმართე ქ-ნ თამარ ნადირაძეს, "მარი გოლდის“ დამფუძნებელს. ასევე, პროექტში ჩავრთე კოლეჯი BDC-ის ჭრა-კერვის მასწავლებელი, ქ-ნ თეა მაისაშვილი. ორივე მათგანი სრულიად უანგაროდ დამიდგა გვერდით და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ამ საქმეს მოახმარეს.
რაც შეეხება თქვენ, ქ-ნ დალი ჩიტალაძე საქმის მცოდნედ რომ მიგიჩნიეთ. თქვენ მხოლოდ პროექტის დასასრულს გთხოვეთ, შეგეხედათ პატიმარი ქალების ნამუშევრებისთვის. ეს იყო თქვენი წვლილი ამ პროექტში და მეტი არაფერი.
ამ პროექტისთვის სახელმწიფოსგან არც ანაზღაურება მომითხოვია და არც ვინმეს ამოვფარებივარ. მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, თვეების განმავლობაში ვმუშაობდი, რადგან არ მინდოდა პროექტი ჩაშლილიყო და იმ ქალებისთვის, რომლებიც ამ დღეს ელოდნენ, იმედი გამეცრუებინა.
დეფილეს დასრულების ღამეს საოპერაციოდ გავფრინდი. ეს დეტალი შესაძლოა ჩემთვის ყველაზე მძიმე ნაწილი იყოს, მაგრამ დღეს ამაზე საუბრის მიზეზი მხოლოდ ერთია - მინდა ნათლად იყოს ცნობილი, რამდენი შრომა, პასუხისმგებლობა და პირადი თავგანწირვა იდგა ამ პროექტის უკან.
და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს პროექტი დეფილეთი არ დასრულებულა. ის ქალები დღემდე ჩემს გვერდით არიან. ზოგი სწავლას აგრძელებს, ზოგი სამუშაო პროცესშია ჩართული და საკუთარი ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს.
სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი - არა მხოლოდ ერთი ღონისძიების ჩატარება, არამედ ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობის მიცემა და მათი საზოგადოებაში დაბრუნების ხელშეწყობა.
ამიტომ, ქ-ნო დალი, მინიმუმ, უნდა გრცხვენოდეთ, როდესაც სხვის იდეას და სხვის მიერ განხორციელებულ საქმეს საკუთარ დამსახურებად იჩემებთ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამავე საქმის საფუძველზე სახელმწიფოსგან დაფინანსებას ითხოვთ.
ვის ამოეფარებით, ვის ზომებზე შეკერავთ ნამუშევრებს და ვის მიჰყიდით - ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მე ვიცი სიმართლე. ვიცი, ვის გაუჩნდა ეს იდეა. ვიცი, ვინ შექმნა და განახორციელა პროექტი. ვიცი, ვინ იდგა ამ ქალების გვერდით მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - ამ საკითხს ასე არ დავტოვებ", - აღნიშნა ნათია შათირიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე