
ყოფილი თანამებრძოლების ვირტუალურმა პოლემიკამ ბოლო რამდენიმე კვირაში პიკს მიაღწია. ძველი წყენების გახსენებით, „ომის რიტორიკაში" დადანაშაულებითა და სავარაუდო მილიონიან გარიგებებზე მინიშნებებით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი სამიზნე ხშირად ისევ გვერდით მჯდომი, ყოფილი მოკავშირეა.
როგორც ჩანს, ოპოზიციურ სპექტრში ყოფილ პრტნიორებს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება. ფეისბუქზე სააკაშვილი-გვარამიას ჯახი ბოლო რამდენიმე კვირაა გახშირდა.
პარტია „ახალის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს „უპასუხიმგებლო პოპულისტად ომის რიტორიკით" მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ხმა არ ამოუღია სანამ (სააკაშვილი) რადიკალიზაციაზე არ გადავიდა".
„გამოიკვეთა ორი პოზიცია:
„ქოცური": ნდობის აღდგენა, რაც ფაქტობრივად იმეორებს ივანიშვილის „ბოდიში მოვიხადოთ"-ს და ითარგმნება, როგორც „აფხაზეთი უნდა დავივიწყოთ".
„ნაცური": აფხაზეთი უნდა დავიბრუნოთ ომით, რაც ფაქტობრივად ითარგმნება, როგორც უკიდურესი პოლიტიკური პოპულიზმი და ცარიელი ომის რიტორიკა, რაც წყალს ასხმას ქართული ოცნების მთავარ პროპაგანდისტულ ხაზს "აბა ომი გინდათ", ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის განწყობას, რომელსაც ომი არ უნდა და უპასუხისმგებლო ცარიელი სიტყვებია, რომლის უკანაც არც რეალური სამხედრო გეგმა დგას და არც არანაირი ნაფიქრი სქემა.
პირველი არის მოღალატეობრივი პოზიცია, ხოლო მეორე - ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, და არა აფხაზეთის რეალურად დასაბრუნებლად."- წერს გვარამია ფეისბუქზე.
გვარამიას პოსტის ბოლოს წერს, „ჩემი პოზიცია კი რაციონალურია და ნაფიქრი: შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა".
გვარამიას ეს პოსტი სააკაშვილის წერილს მოჰყვა. ოთხშაბათს მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ რომ პარტია „ახალი" თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის" გასაყოფად შექმნილი ბიზნესპროექტი იყო, მისივე თქმით, პარტია დაფინანსების შეწყვეტისთანავე დაიშალა, შემდეგ კი ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გაიყვეს.
ექსპრეზიდენტის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ „გილაურებისგან ათობით მილიონი" აიღეს.
„უკაცრავად, მაგრამ მინდა მივმართო ყველას ვინც აღეგზნო და მლანძღავს ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტების გამო. მოდი მივყვეთ ფაქტებს და საღ აზრს და მინდა ყველას ვთხოვო ჩაერთოს დისკუსიაში.
„ნიკა გილაური არის GeoCapital-ის სტამბოლის ოფისის ხელმძღვანელი (თუმცა ვინმესთვის მისაცემი საკუთარი ათეულობით მილიონი ნამდვილად არ აქვს). ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი არის ირაკლი გილაური და GeoCapital არის "საქართველოს ბანკის" მფლობელი.
„შემჩნეულია, მათ შორის ამერიკელების მიერ, რუსეთთან ინტენსიურ ურთიერთობებში, აშშ-ს კონგრესი საუბრობს ამ კომპანიის ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებზე, ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი.
„ მეორე ფაქტი არის ის რაც საჯაროდ თქვეს ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ, რომ მათ გილაურისგან აიღეს ათობით მილიონი. თუ ესეც მე მოვიგონე?
- სააკაშვილი: „პარტია „ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე როცა ფული შეწყდა"
„ახლა ვკითხოთ ჩვენს თავს, გილაურები, რომელთა კეთილდღეობა მთლიანად ივანიშვილზეა დამოკიდებული. ფულს რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მოგცემდათ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, კარგი ვთქვათ დავუშვათ ერთი წუთით რომ ივანიშვილს არ ჰკითხეს. რა მოუვიდოდა ამ შემთხვევაში გილაურებს. შეინარჩუნებდნენ თუ არა ბიზნესს თუ ახლა სრულიად უფულოდ დარჩენილი ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდებოდნენ?
„პარლამენტში რომ არ შეხვედით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ყოჩაღ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ გილაური ითხოვდა შედეგების აღიარებას თუ ამასაც უარყოფთ?
„პარტია „ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე როცა ფული შეწყდა.
„თუ იმასაც უარყოფთ ახლა რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და "პარტია ახალი N4" აღარ არსებობს?
„რაზეც ყველა მოკრძალებულად დუმხართ და ამჯობინებთ ჩემზე გადაიტანოთ ყურადღება. ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და გამოვა სიმართლის აღიარების პირობებში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მისგან გამოყოფილ პოლიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ახალი" დააფუძნეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე „ქართული ოცნების" ოპოზიციაში დგას, მათ შორის სტრატეგიულ ხედვებზე, ლიდერობასა და დაფინანსების წყაროებზე უთანხმოებამ პერიოდულად იფეთქა, რაც ბოლო კვირებში მწვავე ვერბალურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
უკმაყოფილო ოპოზიციური ელექტორატი
როგორც ჩანს, ოპოზიციურ სპექტრში არსებული მსგავსი დაპირისპირება მათ ელექტორატსაც არ მოსწონს. გვარამიამ საკუთარი პოსტის კომენტარებში რამდენიმე მომხმარებელს უპასუხა.
„სწორად წავიკითხე? მიშაა ომის პარტია"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. გვარამია კი პასუხობს:
„ომის პარტია მანდ არ წერია. უპასუხისმგებლო პოპულისტი ომის რიტორიკით - კი, წერია. წაიკითხე მისი სტატუსები და ომის რიტორიკას თუ ვერ ამოიკითხავ, მომიბრუნდი ამ სტატუსზე და დააკომენტე. რასაც წერს არის ომი, ომმა, ომს, ომის, ომით, ომად. მარტო იმიტომ, რომ ჩემზე ტყუილები იკადროს და თავის ჭკუით დამაზიანოს, ისეთი წყალი ასხა "აბა ომი გინდა" პროპაგანდას, კაი ხანი ეყოფათ."
„არ არის პოლოტიკური კინკლაობის დრო" უწერენ გვარამიას პოსტის ქვეშ.
„ეგ სააკაშვილს მიწერეთ. ბოლომდე რომ გადაისკორა თავზე, მხოლოდ მას შემდეგ ვუპასუხე." წერს გვარამია.