
მოსახლეობის დაბერება - ეს არის თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა, მათ შორის, საქართველოშიც. ამ მხრივ, „საქსტატისა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები არასახარბიელოა, რადგან ირკვევა, რომ მოსახლეობის 23%, ანუ 900 310 ადამიანი პენსიონერია. ეს მაშინ, როდესაც შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია და ცხადია, ასეთი არაპროპორციული თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მძიმე ტვირთად აწვება - ასე ფიქრობენ სტატისტიკოსები და დარგის სპეციალისტები.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პენსიას 900 310 ადამიანი იღებს. აქედან ყველაზე მეტი პენსიონერი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს, ანუ ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 35%, ყველაზე ცოტა, ანუ 16% - აჭარაში.
დედაქალაქისა და ქვეყნის რეგიონების მიხედვით, პენსიონერთა მაჩვენებელი ასეთია:
თბილისი - 20.2% (პენსიონერები - 277 091; მოსახლეობა - 1 369 400);
გურია - 28% (პენსიონერები - 28 309; მოსახლეობა - 101 600);
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35% (პენსიონერები - 10 272; მოსახლეობა - 29 500);
კახეთი - 25.4% (პენსიონერები - 76 320; მოსახლეობა - 300 000);
იმერეთი - 28.2% (პენსიონერები -138 783; მოსახლეობა 492 500);
მცხეთა-მთიანეთი - 23.5% (პენსიონერები - 21 919; მოსახლეობა 93 200);
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 30.7% (პენსიონერები - 91 597; მოსახლეობა - 297 800);
სამცხე-ჯავახეთი - 23.6% (პენსიონერები - 36 710; მოსახლეობა - 155 500);
ქვემო ქართლი - 21.2% (პენსიონერები - 93 600; მოსახლეობა - 440 100);
შიდა ქართლი - 23.3% (პენსიონერები - 57 853; მოსახლეობა -248 400);
აჭარა - 16.4% (პენსიონერები - 67 856; მოსახლეობა - 413 200).
ის, რომ ქვეყნის მასშტაბით, 900 000-ზე მეტი პენსიონერია, ხოლო შობადობის მაჩვენებელი არც ისე დიდი, ქვეყნის არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სოციალურ განვითარებას შეაფერხებს. ასე ფიქრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელმაც „რეზონანსთან“ ამ თემაზე საუბარი საინტერესო ისტორიული ექსკურსით დაიწყო:
„დაახლოებით, მე-19 საუკუნის დასაწყისში, რაჭაში ცხოვრობდა 80 000-ზე მეტი ადამიანი, ანუ ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე დღეს ცხოვრობს. დედაქალაქში კი, აღა მაჰმად ხანის შემოსევების გამო, მოსახლეობის რაოდენობა 20 000-მდე შემცირდა. რაც შეეხება პრობლემას, ანუ დეპოპულაციას, ეს არა მარტო რაჭაში, არამედ ბევრ სხვა რეგიონში შეინიშნება. დეპოპულაციაა, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობა რიცხობრივად აღემატება დაბადებულთა საერთო რაოდენობას. ამის გამოც იზრდება მოსახლეობის ასაკი, განსაკუთრებით რაჭაში.
საშუალო მედიანური ასაკი გადასცდა ქალთა ფერტილური ასაკის ზედა ზღვარს, ანუ 49 წელს. გამოდის, რომ შობადობის რესურსი, ფაქტობრივად, მინიმუმზეა დასული. შესაბამისად, პრობლემა დგას, როგორც მოსახლეობის რაოდენობის კლების, ისე მისი თანაფარდობისა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობასა და პენსიონერთა რაოდენობას შორის.
პენსიონერთა რაოდენობა თითქმის მილიონს უახლოვდება ქვეყნის მასშტაბით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, სადღაც მილიონის ფარგლებშია. რაც შეეხება თანაფარდობას, ახლა, ყოველ 100 პენსიონერზე, დაახლოებით, 108-110 დაქირავებით დასაქმებული მოდის, ოპტიმალური და ჯანსაღი თანაფარდობა რომ იყოს, ყოველ 100 პენსიონერზე უნდა მოდიოდეს არანაკლებ 280 დაქირავებით დასაქმებული. ეს კლასიკური თანაფარდობაა, რომლის მიღწევასაც დრო სჭირდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.
მისი თქმით, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ 90-იანი წლების ეკონომიკური ვარდნისა და დეინდუსტრიალიზაციის სავალალო შედეგები ჯერ ბოლომდე დაძლეული არ გვაქვს. ამ პრობლემის მოგვარების გასაღები ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაშია.
„აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ეკონომიკის ისეთი დარგების განვითარებას, რომლებიც დამატებითი ღირებულებას ქმნიან. გარდა ამისა, პირველ რიგში, ქვეყნის მოქალაქეები უნდა დავასაქმოთ და არა გასტერბაიტერები, რომლებიც საქართველოშიც გამოჩნდნენ.
დეპოპულაციის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის, მაგრამ თუ დაგვერღვევა პროპორცია დაქირავებით დასაქმებულსა და პენსიონერებს შორის, საშუალება არ გვექნება, რომ შრომითი აქტიურობის ასაკიდან გამოსულთა კონტიგენტი, უფრო სწრაფად ჩავანაცვლოთ ახალგაზრდა კადრებით“, - აღნიშნა არჩვაძემ.
ანალოგიურად მსჯელობს ეკონომისტი გივი მომცელიძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობის დაბერების პრობლემა მთელი მსოფლიოს გამოწვევაა.
„საქართველო კი არა, ბევრად უფრო განვითარებული და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები ვერ უმკლავდებიან მოსახლეობის დაბერების პრობლემას. ეს იმან გამოიწვია, რომ კეთილდღეობის ზრდამ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა. მაგალითად, 30-40 წლის წინ, ადამიანი, საშუალოდ, 70-75 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა 10-15 წლით მეტხანს ცოცხლობენ ადამიანები.
გარდა ამისა, მსოფლიოში დემოგრაფიულადაც სულ სხვა სიტუაციაა, რადგან 50-იან და 60-იან წლებში, როდესაც „ბეიბი ბუმი“ იყო, ოჯახებს, საშუალოდ, 5-6 შვილი ჰყავდათ, ხოლო 70-იან და 80-იან წლებში, კლება დაიწყო მრავალშვილიანმა ოჯახებმა და დაახლოებით, 2-3 შვილი ჰყავდათ. პრობლემა არის, მაგრამ გაბუქებული გამოდგა შეფასება, რომ მოსახლეობის დაბერება დააწვებოდა ეკონომიკას, ანუ ასეთი საშიშიც არ არის. ასე თუ ისე, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახერხებენ ამ პრობლემასთან გამკლავებას და ზოგან საპენსიო ასაკი გაზარდეს კიდეც“, - განუცხადა „რეზონანსს“ გივი მომცელიძემ.
რაც შეეხება იდეალურ პროპორციას, ეკონომისტის განმარტებით, ასეთი შეფარდება არ არსებობს. გივი მომცელიძის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც დაბალია შეფარდება, მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში 10-15%-ია პენსიონერი, ეკონომიკა არც ისე განვითარებულია.
„ამიტომ იდეალურ შეფარდებებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, რომ ახალგაზრდებმა გაქცევაზე არ იფიქრონ. მოსახლეობის დაბერების პრობლემა არის გამოწვევა, რომელიც დაიძლევა სამუშაო ადგილებისა და კარგი ეკონომიკური გარემოს შექმნით. ეკონომიკის ისეთი სფეროები უნდა განვავითაროთ, რომლებიც დამატებით ღირებულებას ქმნის და რომლებსაც გადასახადები შეაქვს ბიუჯეტში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ გივი მომცელიძემ.