
პუტინი „ვაილდბერიზის" დაზიანებული საწყობების აღდგენაში სახელმწიფოს ჩართვას გეგმავს,- რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობე ინფრასტრუქტურა აღდგენას საჭიროებს, მათ შორის სახელმწიფოს მონაწილეობით.
„ლოგისტიკური, სასაწყობე სიმძლავრეები, რა თქმა უნდა, აღდგენას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, ვთხოვ მთავრობას, მიიღოს შესაბამისი პროგრამა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დაზიანებული ობიექტების აღდგენა თვისობრივად ახალ ტექნოლოგიურ დონეზე უნდა წარიმართოს", - თქვა პუტინმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის გადაწყვეტილება „ვაილდბერიზის" საწყობების აღდგენაში სახელმწიფოს ჩართვის შესახებ პირდაპირ ადასტურებს, რომ უკრაინულმა დრონებმა მიაღწიეს ახალ სტრატეგიულ მიზანს - დაარღვიეს რუსეთის შიდა ლოგისტიკური სისტემა და მიაყენეს ისეთი მასშტაბის ფინანსური ზარალი, რომლის დაძლევაც კერძო ბიზნესსა და სადაზღვევო სექტორს საბაზრო მექანიზმებით უკვე აღარ შეუძლია.
ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინული დრონების მასშტაბური იერიშები რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-რითეილერ „ვაილდბერიზის" 20-ზე მეტ ლოგისტიკურ ცენტრსა და საწყობზე, რამაც მილიარდობით დოლარის ზარალი, მიწოდების ჯაჭვების პარალიზება და 100 მილიარდამდე რუბლის პირდაპირი ეკონომიკური ზიანი გამოიწვია, წარმოადგენს კიევის ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანიც ომის მძიმე რეალობის უშუალოდ რუსული საზოგადოების ყოველდღიურობაში გადატანა, შიდა უკმაყოფილების გაღვივება და „ვითიბისა" თუ „ სბერბანკის" მსგავს მსხვილ საბანკო სექტორზე დომინოს ეფექტით ფინანსური წნეხის გაზრდაა.
სამხედრო და ეკონომიკური ექსპერტები, მათ შორის Mayak Intelligence-ის ხელმძღვანელი მარკ გალეოტი, აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ობიექტები არ სარგებლობენ ისეთი მძლავრი საჰაერო თავდაცვით, როგორც სამხედრო ბაზები, რის გამოც „ვაილდბერიზის" სასაწყობო ფართობების დაახლოებით 10-დან 20 პროცენტამდე განადგურებამ დარტყმა მიაყენა ასობით ათას მცირე და საშუალო მეწარმეს, რომელთაც პროდუქცია დაეწვათ, ხოლო ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, აღდგენით პროცესებში სახელმწიფო ჩართოს, ადასტურებს, რომ კერძო სადაზღვევო სისტემა და ბაზარი დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება უკრაინული იერიშებით მიყენებულ მზარდ ზარალს.
საწვავის კრიზისი
პარალელურად სერიოზული დეფიციტია რუსეთში საწვავზეც - კრიზისი ახალ მასშტაბებს აღწევს. შეზღუდვები უკვე 53 რეგიონში მოქმედებს, ხოლო ანალიტიკოსები ვითარებას უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ზუსტ დარტყმებს უკავშირებენ.
საწვავის გაყიდვაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები უკვე რუსეთის, სულ მცირე, 53 რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს, - ამის შესახებ წერს გამოცემა The Bell-ი. 16 ივნისს BBC-ის რუსულმა სამსახურმა რუსეთის რეგიონული მედიების პუბლიკაციებით დადასტურებული 33 „დეფიციტური რეგიონის" შესახებ დაწერა.
საწვავის გაცემაზე შეზღუდვები უკვე შორეულ აღმოსავლეთამდე გავრცელდა. ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორმა დმიტრი დემეშინმა ლიმიტების დაწესება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მიმდინარე „სეზონური და არაგეგმური სამუშაოებით" ახსნა: თესვის კამპანიის დასრულების შემდეგ ქარხნები ტექნიკურ მომსახურებაზე გადადიან და ეს ყოველწლიური პრაქტიკაა".
სააგენტო „ინტერფაქსის" ინფორმაციით, „ტატნეფტმაც" რუსეთის მასშტაბით საკუთარ ყველა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინისა და დიზელის გაცემაზე ლიმიტი დააწესა. კომპანიის "ცხელი ხაზის" ოპერატორების განმარტებით, ამის მიზეზი „გაზრდილი სეზონური მოთხოვნაა".
ჩელიაბინსკში ავტოგასამართ სადგურებზე მძღოლებს აფრთხილებენ, რომ „ტექნიკური მიზეზების" გამო მსუბუქ ავტომობილებზე ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 30 ლიტრი ბენზინის ან 60 ლიტრი დიზელის გაცემა, ხოლო სატვირთო ავტომობილებისთვის ლიმიტი 300 ლიტრ დიზელს შეადგენს.
როგორც რუსული მედია წერს, შედარებით მსუბუქი შეზღუდვები მოქმედებს „ლუკოილის" გასამართ სადგურებზე, სადაც ერთ ადამიანზე 100 ლიტრამდე ბენზინი გაიცემა, თუმცა ამ კომპანიის სადგურებში მხოლოდ ავზებში ასხამენ საწვავს, რაც გამორიცხავს კანისტრებით საწვავის შეძენას და, შესაბამისად, მარაგის შექმნასაც.
საწვავის რაოდენობრივი შეზღუდვების გარდა, ავტოგასამართი სადგურების ნაწილზე ასევე შეიცვალა გადახდის წესიც - საწვავის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით არის შესაძლებელი.
„ტატნეფტის" ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაცემის შეზღუდვებისა და ვოლგისპირეთის რამდენიმე რეგიონში ბენზინისა და დიზელის დეფიციტის შესახებ ცნობები 13 ივნისს გავრცელდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ იერიში მიიტანა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა ТАНЕКО-ზე, რომელიც „ტატნეფტის" ჯგუფში შედის.
16 ივნისს „ინტერფაქსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში „ტატნეფტის" ყველა ბენზინგასამართ სადგურზე შეზღუდვები დაწესდა. თუმცა ზოგიერთ რეგიონში, კერძოდ, უდმურტეთსა და ჩელიაბინსკის რეგიონში, ოდნავ მაღალი ლიმიტები დაფიქსირდა: 30 ლიტრი ბენზინი და 60 ლიტრი დიზელი ერთ სამგზავრო მანქანაზე.
თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ საწვავის მწარმოებლებმა შეზღუდვები მხოლოდ „ცალკეულ" ავტოგასამართ სადგურებზე დააწესეს, რათა „ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი" თავიდან აეცილებინათ.
რთული ვითარებაა კრასნოდარის მხარეში, რომლის საგანგებო სიტუაციების ცენტრმა განაცხადა, რომ 15 ბენზინგასამართ სადგურს ბენზინი გაუთავდა: „ეს ძირითადად მცირე, კერძო საკუთრებაში არსებული ბენზინგასამართი სადგურებია".
ექსპერტთა შეფასებით, მცირე ბენზინგასამართი სადგურები პირველები ზარალდებიან, რადგან მათ საკუთარი წარმოების ობიექტები არ გააჩნიათ. თუმცა პრობლემები ასევე შეეხო მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აქვთ. მაგალითად, კრასნოდარში „გაზპრომნეფტს" ბენზინი გაუთავდა, - წერს ადგილობრივი ბლოგერი იური ბარანჩიკი. მიზეზებზე საბრისას, საგანგებო სიტუაციების რეაგირების ცენტრი „მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდას" ასახელებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში პირველად დაფიქსირდა ნავთობის მოპოვების შემცირება, ვლადიმირ პუტინმა კი აღიარა, რომ ქვეყანას უფრო ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება.
უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები სიახლე არ არის. თუმცა, ღია წყაროებისა და დარგის ანალიტიკოსების შეფასებით, იერიშების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე გაიზარდა წინასწარ, მიზანმიმართულად შერჩეული სამიზნეების რაოდენობა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა რუსეთში საწვავის კრიზისის შესახებ დასმული კითხვების პასუხად განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება შემცირდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ჩატარებული „არაგეგმური ტექნიკური მომსახურების" გამო, თუმცა მან არაფერი თქვა იმაზე, რატომ გახდა აუცილებელი ასეთი „არაგეგმური მომსახურება".
მოგვიანებით რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელმაც მეტი სიცხადე შეიტანა საკითხში.
„საწვავისა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიები აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგის გახშირებული საჰაერო თავდასხმების წინაშე, რამაც საწვავის მიწოდებაში დროებითი შეფერხებები გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.