
საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში გარკვეული ტვირთების შეტანა მუდმივად ხდება, თუმცა ეს აფხაზურს საზოგადოებაშ ზოგჯერ იწვევდა პროტესტს და სკანდალს. ახლა კი აფხაზეთში საწვავის შეტანა სოხუმში ძირითადად უარყოფითად აღიქვეს. ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს, რომლის აზრითაც ამ საკითხზე აჟიოტაჟი ხელოვნურადაა ატეხილი.
მამუკა არეშიძე: აფხაზური საწოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს ამ ფაქტს. დაახლოებით იდენტური შეფასებებია როგორც ქართულ, ისე აფხაზურ სოციალურ ქსელებში. ჩემი აზრით, შინაარსი ორივე მხრიდან გარკვეულწილად აცდენილია.
აფხაზური მხრიდან დამოკიდებულება ასეთია - „ქართული პროდუქტი როგორ უნდა მივიღოთ?!" თუმცა, ეს ყველაფერი ფსევდო და ტყუილია. ვიღაც სოციალურ ქსელში პოსტს გამოაქვეყნებს, თავს გამოიჩენს და ცდილობს, საკუთარი „განსაკუთრებული აფხაზობა" დაამტკიცოს. სინამდვილეში კი, ვინც ამას წერს, იმ ადამიანების ნათესავებიდან არაერთი ჩამოსულა სამკურნალოდ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეობაც (პირადობის მოწმობა) აქვთ აღებული.
- „ვინც ბენზინის შეტანაზე ლაპარაკობს, იმას ავიწყდება, რომ აფხაზებს მიაქვთ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%."
სოციალურ ქსელში საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილი ორივე მხარეს - ქართულსაც და აფხაზურსაც ხშირად უფრო ემოციურ დონეზე აქვს, ვიდრე გააზრებული პოზიციის დემონსტრირებისთვის.
„რეზონანსი": რამდენად მისაღები ან სენსიტიურია დღეს აფხაზური საზოგადოებისთვის საქართველოს ხელისუფლებისგან ნებისმიერი სახის ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული დახმარების მიღება?
მ.ა.: ზოგადი სურათიდან გამომდინარე მსჯელობა რთულია, რადგან ეს პროცესი აფხაზეთის ოკუპირებიდან მუდმივად მიმდინარეობდა. იქ აქედან სხვადასხვა ტიპის პროდუქცია შედიოდა.
ძალიან კარგად მახსოვს როგორ ხდებოდა ეს - შედიოდა სურსათი, მაგალითად, ყურძენი, რომლისგანაც მერე აფხაზურ ქარხნებში ღვინო კეთდებოდა. შარშანწინ უზარმაზარი სკანდალი იყო აფხაზეთში იმის გამო, რომ წლების განმავლობაში შედიოდა ლიმონათი „ნატახტარი", რომელზეც საქართველოს მთლიანი რუკა იყო დაბეჭდილი. ამის გამო დიდი სკანდალი აგორდა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია აფხაზეთში სულ შედიოდა, მათ შორის, საწვავიც. მაგალითად, მახსოვს დიზელის საწვავის შეტანის ამბავი, ეს იყო 2000-იანების შუა პერიოდში - 2013-2014 წლებში.. ამას ხან კომერციული ფორმა ჰქონდა, ხან ჰუმანიტარული, მაგრამ პროცესი სულ მიმდინარეობდა.
ლიმონათის შემთხვევა იყო პირველი, რასაც სკანდალის ფორმა ჰქონდა, რადგან მასზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული.
კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება 2000-იანების დასაწყისიდან, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის უნიკალური ხის მასალა გამოდიოდა აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში და ფოთის პორტის მეშვეობით უცხოეთში გადიოდა. ამის ორგანიზატორი არძინბების კლანის ერთ-ერთი უხუცესი წარმომადგენელი, პაშა არძინბა იყო.
მხოლოდ ეს ორი სკანდალი მახსოვს. დანარჩენ შემთხვევაში ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ამიტომ მგონია, რომ ბენზინის სკანდალი გარკვეულწილად ხელოვნურია. ჯერ ერთი, ციფრია გაზრდილი - ამხელა რაოდენობის ბენზინი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან აფხაზეთში არ შესულა.
თუმცა თავისთავად, კანონის დარღვევის ელემენტები ამაში არის. ეს არ არის მხოლოდ შიდა კანონმდებლობის დარღვევა, არამედ საერთაშორისო ნორმებისიც, რადგან, მაგალითად, ევროკავშირსა და დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სეპარატისტულ რეგიონებში -აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა თუ სხვაგან -პროდუქციის შეტანა არ შეიძლება.
„რ.": გამოიწვია თუ არა ამ ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა ან პროტესტი ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის?
მ.ა.: ისინი ძალიან დელიკატურად, ეშმაკურად დაეთანხმნენ იმას, რომ ეს ფაქტი არსებობდა და ამ პროცესში თვითონაც იყვნენ ჩართული. ბადრა გუმბას ადმინისტრაციამ ისეთი ორაზროვანი განცხადება გააკეთა, საბოლოო ჯამში ვერც გაიგებდი, ვისი ნებართვით გაკეთდა ეს ყველაფერი, მაგრამ იგრძნობოდა, რომ საქმის კურსში იყვნენ. ამ მხრივ პროტესტს ადგილი არ ჰქონია.
„რ.": თქვენი აზრით, მსგავსი ფაქტები როგორ შეიძლება აისახოს აფხაზეთთან ურთიერთობების დალაგებაზე?
მ.ა.: აფხაზეთთან ურთიერთობაში ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, სადაც შევძლებთ არა მხოლოდ ერთი ჯანდაცვის პროგრამის ამუშავებას, არამედ ეკონომიკური და განათლების თანამშრომლობის პროგრამების ამოქმედებასაც. ამას, საერთო ჯამში, „რბილი ძალის" პოლიტიკა ჰქვია და ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ასეთი ფრაგმენტულობა კი ყოველთვის უარყოფით შედეგს მოიტანს.
ვინც ბენზინის შეტანაზე ლაპარაკობს, იმას ავიწყდება, რომ აფხაზებს მიაქვთ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%. დავარქვათ ამას, გინდა ჰუმანიტარული აქცია, გინდა სხვა რამ, მაგრამ ფაქტი ხომ ეს არის? ჩვენ ხომ ვეხმარებით აფხაზებს გარკვეული ფორმით?
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს გალის მოსახლეობის ფაქტორი. ოპონენტი აუცილებლად მეტყვის, რომ გალის მოსახლეობას ვერ ვპატრონობთ და მართალიც იქნება, რადგან იქ აქტიურად მიდის დექართველიზაციის პროცესი და ქართული ენის შეზღუდვა. ვინც ამის გამო აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, მართალია. მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მოსახლეობისთვის რაღაც ხომ მაინც უნდა გაკეთდეს?
მე რომ საშუალება მქონდეს, ისეთ სიტუაციას შევქმნიდი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცეოდა გალის რაინში ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას. ისე გავაკეთებდი, რომ გალის რაიონის მოსახლეობა ნორმალურ პირობებში ყოფილიყო.