
ოპოზიცია ცდილობს აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტი ანტისახელისუფლებო განწყობის გასაძლიერებლად და მასშტაბური ანტისაოკუპაციო აქციის მოსაწყობად გამოიყენოს. მათი შეფასებით, ეს იყო არა ჰუმანიტარული აქტი, არამედ ოკუპანტ რუსეთთან თანამშრომლობა და მისთვის დახმარების გაწევა.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ბენზინის შეტანას „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია ნიშნად მიიჩნევს, რომ მომწიფდა დრო შემოდგომაზე დიდი ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებისთვის.
„ვფიქრობ, რომ მომწიფდა დრო შემოდგომაზე დიდი ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარების, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტენ გარეთ მყოფი პოლიტიკოსები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მართლაც აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა ანახონ პუტინს, ივანიშვილს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო, რაც არ უნდა კანონები მიიღონ, არ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას და საქართველო რეჟიმთან ბრძოლას აგრძელებს, ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
მის ამ განცხადებას ოპოზიციიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენად მოახდენს აფხაზეთში საწვავის შეტანის ფაქტიგავლენას საზოგადოებრივ განწყობებზე და რამდენად აქვს ოპოზიციას ხალხის მობილიზების რეალური რესურსი.
რამდენად სწორია ოპოზიციის გათვლა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, აფხაზეთში ბენზინის შეტანა მაინც და მაინც სერიოზულ გავლენას მოსახლეობის განწყობაზე ვერ ახდენს.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი მაინცდამაინც სერიოზულ ზეგავლენას მოსახლეობის განწყობაზე ვერ იქონიებს, რადგან, ჯერ ერთი, საუბარია სულ რაღაც 300 ტონა ბენზინზე; და მეორე - ვინმემ დაადასტურა, რომ ეს ბენზინი მაინცდამაინც რუსულ სამხედრო ბაზებში შევიდა? ბენზინი ძირითადად გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შევიდა.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ისინი მხოლოდ იმას ითხოვენ მოსახლეობისგან - „მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და მერე ვნახოთ". არანაირი პოზიტიური, კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ გაუმჯობესდება ვითარება ქვეყანაში, მათ ჯერჯერობით არ წარუდგენიათ."
„გასაგებია, რომ აქედან ის ცნობილი ბიზნესმენი, ვისზეც არის საუბარი, ამ საწვავს ვერ შეიტანდა, რომ არ ყოფილიყო თანხმობა ან მოთხოვნა აფხაზური მხრიდან. რადგან ასეთი ტიპის კონტაქტები არსებობს, ვფიქრობ, ამაზე უარი არ უნდა ითქვას. პირიქით, ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვგულისხმობ მის შეგნებულ ნაწილს, ამას კრიტიკით არ შეხვდება. თუ ჩვენ საბოლოოდ ჩავჭერით კონტაქტები აფხაზებთან, მაშინ როგორ შევძლებთ ამ რეგიონის რეინტეგრაციას ან მათთან საერთო ენის გამონახვას? ეს კითხვა რატომღაც არ ისმის საჯარო სივრცეში, რადგან ამ პრობლემას უმეტესად რუსულ-ქართული ურთიერთობებისა და რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში ხედავენ. მე ვფიქრობ, რომ თუ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ამის თაობაზე (თუნდაც იმ კომპანიის მხრიდან, რომელმაც ბენზინი შეიტანა), უკეთესი იქნება და კითხვებიც აღარ დარჩება", - თქვა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსს არჩილ გამზარდიას მიაჩნია, რომ თავად ეს საკითხი ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს და საჭიროა მეტი დეტალის გაგება.
„თვითონ თემა ძალიან ფრთხილად განსასჯელია, რადგან ჩვენ ვიცით ამ მთლიანი ამბის მხოლოდ ნაწილი - ის ფაქტი, რომ საწვავი შედის. გარდა იმისა, თუ ვის ხმარდება ეს საწვავი, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი ფორმალობით ხდება ეს პროცესი, რა სტატუსით შედის საწვავი და სად შედის - საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში გადადის თუ არა. ამ პროცესით აფხაზეთს რაიმე ოფიციალური სტატუსი ხომ არ ენიჭება დოკუმენტებში? ამ საკითხებზე, სამწუხაროდ, ყურადღება არ გაუმახვილებიათ.
„ამიტომ, შესაძლოა, ჯერჯერობით ხელშესახები მტკიცებულება იმისა, რასაც ერთი მხარე (ხელისუფლება) ან მეორე მხარე (ოპოზიცია) ამბობს, არ არსებობდეს, მაგრამ თემა ძალიან სენსიტიურია.
„რაც შეეხება იმას, აძლიერებს თუ არა ეს ფაქტი ანტიხელისუფლებრივ განწყობებს, ეს თემა ჯერ გაშლილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღეა ძირითადი აქცენტი ამაზე კეთდება, ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის ძალიან რთულია იმის მტკიცება, თუ როგორ იმოქმედებს ეს საზოგადოებრივ განწყობებზე. მეტი ინფორმაციაა საჭირო იმისათვის, რომ გავერკვეთ ყველაფერში", - აღნიშნა გამზარდიამ.
იქნება თუ არა მასშტაბური აქციები
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, შესაძლოა შემოდგომისთვის ოპოზიციამ აქციები მართლაც გამართოს, მაგრამ მასშტაბური ვერ იქნება, რადგან ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ.
„ხოშტარიას განცხადება აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მას ასეთი იდეები ადრეც გაუჟღერებია, მაგრამ ხორცშესხმა არ მოჰყოლია.
„ჩემი აზეით, ოპოზიციის რესურსი ზუსტად ისეთია, როგორიც იყო შარშან და შარშანწინ. ანუ, სერიოზული მატება რესურსის კუთხით მათ არ აქვთ. ამის ყველაზე კარგი მარკერი არის ის, რომ რუსთაველზე მათ ყოველდღიურ აქციებსა და ე.წ. „შაბათის მარშებზე" ხალხის რაოდენობა არ ემატება. რომ ჰქონდეთ ეს რესურსი, რა თქმა უნდა, აქციები უფრო მრავალრიცხოვანი იქნებოდა. კი, შეიძლება სექტემბერში მოაწყონ რაღაც აქცია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს აქციაც ისევე ჩაივლის, როგორც ჩაუვლია ადრინდელ გამოსვლებს.
- არჩილ გამზარდია: „გარდა იმისა, თუ ვის ხმარდება ეს საწვავი, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი ფორმალობით ხდება ეს პროცესი, რა სტატუსით შედის საწვავი და სად შედის - საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში გადადის თუ არა."
„ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი ვერ ეუბნება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც კი, თუ როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ რიგითი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება, თუ ის მოვა ხელისუფლებაში. ისინი მხოლოდ იმას ითხოვენ მოსახლეობისგან - „მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და მერე ვნახოთ". არანაირი პოზიტიური, კონკრეტული პროგრამა იმისა, თუ როგორ გაუმჯობესდება ვითარება ქვეყანაში, მათ ჯერჯერობით არ წარუდგენიათ. სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ იზრდება მათ მიერ მობილიზებული რესურსი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
არჩილ გამზარდია კი ამბობს, რომ აქციის ირგანიზება პრობლემა არაა, მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლება თავად იძლევა საბაბს საპროტესო გამოსვლებისთვის, თუმცა მთავარი პრობლემაა რა განვითარება ექნება ამ აქციას და გამოიღებს თუ არა რაიმე რეალურ შედეგს.
„საქმე ისაა, რომ აქ საპროტესტო აქციის ორგანიზებასა და წარმართვას, შესაძლოა, უფრო განსაკუთრებული რესურსები არ სჭირდებოდეს, მით უმეტეს, როცა ხელისუფლება ყოველ წუთში გაძლევს იმის საბაბს, რომ ადამიანებმა კიდევ უფრო მწვავედ გამოხატონ პროტესტი და წინააღმდეგობა. უბრალოდ, საპროტესტო აქციების არსი იმაშია, რომ ის იყოს დინამიკაში განვითარებადი და რაღაც გარკვეულ შედეგს მიაღწიოს. აი, ეს ნაწილია ხოლმე ჩემთვის ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ, თორემ ხელისუფლება მიზეზებს ძალიან ბევრს ქმნის, რომ აქციები ჩატარდეს. ოღონდ ფინალი რისკენ მიდის, რამდენად ყოვლის მომცველი იქნება, რამდენად მხარდაჭერილი, ამის დრამატურგია როგორ წავა - ეს არის თემა, თორემ თვითონ ორგანიზების და შეკრების პრობლემაც არ არსებობს.
„ახლა, დროდადრო, როდესაც ხდებოდა ხოლმე უკმაყოფილების გამოსახატავად აქციების ჩატარება საჭირო, ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლომდე, ასე ვთქვათ, საკმაოდ შთამბეჭდავი საპროტესტო აქციები ტარდებოდა. ოღონდ, იმის იქით რა იქნება, ეგ არის თემა", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".