
სკანდალური ჩვენება საქალაქო სასამართლოში - ეკონომიკის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა რომეო მიქაუტაძემ სუს-ის ყოფილი ბოსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მძიმე და სენსაციური დეტალები გააჟღერა. მიქაუტაძე საკუთარ როლზეც ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ბიზნესმენებისგან „სახელმწიფო ინტერესების დაცვის" საბაბით აღებულ დიდი ოდენობით თანხებს თავად აგროვებდა და ლილუაშვილთან მიჰქონდა.
ბრალდებას ლილუაშვილის უფლებადამცველი უარყოფს და არ გამორიცხავს, რომ მიქაუტაძემ ასეთი ჩვენება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მისცა.
სკანდალს ოპოზიციაშიც მწვავე გამოხმაურებები აქვს. როგორც ენმ-ში ამბობენ, ამ ჩვენებით მიქაუტაძემ აღიარა, რომ „ბიზნესი, ფაქტობრივად ხარკს უხდის ივანიშვილის რეჟიმს". „ლელოში" კი ხელისუფლებაში მიმდინარე „შიდა კლანურ გარჩევებზე" საუბრობენ.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ლილუაშვილის საქმის ახალი დეტალები სერიოზულ სკანდალია, თუმცა განსხვავებულია მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება ეს „ოცნების" ხელისუფლების რეპუტაციასა და რეიტინგზე.
მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივ სქემაში ერთ-ერთი მთავარი პირი თავად იყო. ის 10-წლიან პატიმრობაშია და ახლა მთავარი კითხვაა - დამძიმდება თუ არა სკანდალური აღიარების შემდეგ რომეო მიქაუტაძის ბრალი და რა სცენარით განვითარდება მოვლენები.
საქმის ახალი დეტალები
14 აგვისტოს, სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, რომელიც ლილუაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დისტანციურ რეჟიმში დაიკითხა და საკმაოდ სკანდალური დეტალებიც გათქვა.
ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის სიტყვებით, მოწმემ (რომეო მიქაუტაძემ) განმარტა, რომ მას პირადი კავშირი და ურთიერთობა ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან და ეს ურთიერთობა ეხებოდა იმ თანხებსაც, რომლებიც ლილუაშვილს ბრალად აქვს შერაცხული - „პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან".
პროკურორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გააჟღერა. მისი თქმით, სხვა მოწმის ჩვენებასა და მიქაუტაძის ამ ჩვენებას შორის იყო „აბსოლუტური თანხვედრა" - ორივემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გამოართვა მიქაუტაძემ თანხა და როგორ „შეფუთა", ეს როგორც „სახელმწიფოს ინტერესი".
„მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი და ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ მოახდინა ამ საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება და გადაცემა.
- პეტრე მამრაძე: „ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანზე ეს ძალიან დადებითად იმოქმედებს... „ოცნებას" საკმარისი ჯანსაღი ძალა აღმოაჩნდა, რომ ზომები მიეღო."
„რაც შეეხება ამ პიროვნებას (თურქ ბიზნესმენს), საქართველოში არ იმყოფებოდა იმ პერიოდში, როდესაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა დასაკითხ პირთა სიაში არის", - განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნულის პასუხად ლილუაშვილის ადვიკატმა, ლანა ცერცვაძემ განაცხადა, რომ „ქრთამის მიღების ფაქტს გრიგოლ ლილუაშვილი არ ადასტურებს და მეტიც, არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება ქრთამის გადაცემასთან დაკავშირებით". მისი თქმით, ალბათ, რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.
„ვხედავთ იმას, რომ, შესაძლოა, მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ, ალბათ, განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა", - აცხადებს ცერცვაძე.
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს, როცა პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ოცნების" იმიჯი ლულუაშვილ-მიქაუტაძის სკანდალის ფონზე
როგორც ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ის, რომ გამოძიება მიდის კორუფციულ ფაქტებზე, „ყველა საღად მოაზროვნე ადამიანში დადებითად აღიქმება" და ეს „ოცნების" იმიჯზე ნეგატიურად არ იმოქმედებს.
„ნებისმიერი არაკეთილმოსურნე ნებისმიერ საბაბს გამოიყენებს, რომ „ოცნებაზე" რაღაც ცილისწამება ააგოროს, მაგრამ ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანზე ეს ძალიან დადებითად იმოქმედებს. იმიტომ, რომ კორუფცია მთელს მსოფლიოშია, მათ შორის წამყვან დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მქონე ქვეყნებში და რამდენი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი გასამართლდა - სარკოზი და ა.შ.
„საზოგადოებაში იყო დამკვიდრებული სტაბილური აზრი, რომ ლილუაშვილი ჩათრეული იყო რაღაც მაქინაციებში. მერე უკვე ამას ენერგეტიკის სექტორზე ლაპარაკიც დაერთო. მე ჭორებს აყოლილი არ ვარ, მაგრამ, როგორც წესი, მერე მართლდება ხოლმე. „ოცნებას" კი საკმარისი ჯანსაღი ძალა აღმოაჩნდა, რომ ზომები მიეღო. სამართალმა პური ჭამა და ხედავთ რაც არის - დაპატიმრებულები არიან.
„აგერ, ახლა მიქაუტაძე პირდაპირ ლაპარაკობს ქრთამზე და მე როგორც წავიკითხე, ეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კეთდებოდაო - მე ასე ვიცოდიო, ხომ? ანუ, როგორც ჩანს, ლილუაშვილი ამ თავის განსაკუთრებულ სტატუსს იყენებდა", - განაცხადა მამრაძემ.
- ნიკა ჩიტაძე: „მეორე ვარიანტია, რომ ეს შიდა კლანური დაპირისპირება - კობახიძის გუნდი ცდილობს დაუმტკიცოს ერთგულება ბიძინა ივანიშვილს."
კითხვაზე, რამდენად უნდა დაინტერესებულიყო ხელისუფლება თავიდანვე, როცა ჭორის დონეზეც კი გავრცელდა ლილუაშვილზე ინფორმაციები, მამრაძემ გვითხრა:
„საქმე ისაა და მთელს მსოფლიოშიც ასეა, რომ როდესაც მაღალი თანამდებობის პირებზეა საუბარი და როდესაც მას თავისი გავლენები აქვს, მით უმეტეს, როცა უშიშროების სტრუქტურაზეა ლაპარაკი, ძალიან ძნელია ხოლმე იოტისოდენა საბუთის მოპოვებაც კი. ეს არის უერთულესი რამ. ვერსად ქაღალდს ვერ ნახავთ, ნაწერს, რომ თან ხელმოწერილი იყოს ვინმეს. მოსმენითაც როგორ მოუსმინო, როცა თვითონ სხვას უსმენს.
„რთული რამაა და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო მასშტაბური გამოძიება, რაც ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან წავიდა. 1994 წელს ვიყავი პირველი საგამოძიებო და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი პარლამენტში, მაშინ ველაპარაკე ბევრ უცხოელ პროფესიონალს - რამდენიმე კარგი პრემიერიც კი წასულა ციხეში, ისრეალის თუ ჰოლანდიის და მათ დიდი ხანი იცადეს, რათა გამოევლინათ, რომ კორუფციაში იყვნენ ჩართული. იმიტომ, რომ პრემიერი როცაა, ეს რაიმე მასალის მოპოვებას ძალიან ართულებს", - განაცხადა მამრაძემ.
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს სკანდალი აჩვენებს, რომ ზედა ეშელონებში ელიტური კორუფციაა, თუმცა ხელისუფლების რეიტინგის თვალსაზრისით ეს ვითარებას არ შეცვლის - ვინც „ოცნების" მხარდამჭერია, ის ყველა ვარიანტში მხარს დაუჭერს, საგარეო იმიჯი კი უკვე შელახული აქვს მმართველ პარტიას.
„ეს სკანდალი აჩვენებს, რომ არსებობს მაღალი დონის კორუფცია, სადაც გარეული იყო ეკონომიკის სამინისტრო, უშიშროების სამსახური. ცალკე ვიცით თავდაცვის სამინისტროში კორუფციული გარიგებების შესახებ. საქმე გვაქვს ელიტურ კორუფციასთან, მაგრამ ეს არ შეცვლის რეალობას - ანუ ის, ვინც „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, ის მაინც დაუჭერს. საგარეო იმიჯს რაც შეეხება, „ოცნებას" ისედაც ძალიან შელახული აქვს, თუმცა, ეს ფაქტები კიდევ უფრო მეტად ნეგატიურად აისახება მმართველი პარტიის საგარეო იმიჯზე.
„ასე მგონია, რომ გარკვეულწილად იცოდნენ (ამ კორუფციული გარიგებების შესახებ) და თვალს ხუჭავდნენ კიდეც. მეორე ვარიანტია, რომ ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. კობახიძის გუნდი ცდილობს დაუმტკიცოს ერთგულება ბიძინა ივანიშვილს, რომ აი, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ხდებოდა კორუფციული გარიგებები და მისი პრემიერობის დროს ებრძვიან კორუფციას.
„ვფიქრობ, თვითონ კობახიძესაც ეშინია, რომ რაღაც პერიოდის მერე ისიც დაკარგავს პრემიერის თანამდებობას, როგორც მანამდე ღარიბაშვილმა დაკარგა. ივანიშვილი დიდი ხანი არ არაჩერებს პრემიერის თანამდებობაზე კონკრეტულ პიროვნებას, აქედან გამომდინარე, არ სურს, რომ გაიზიაროს იგივე ღარიბაშვილის ბედი", - განაცხადა ჩიტაძემ.