
"ესკალაციის კერების შექმნით, ფიქრობენ გამოიწვევენ ისეთ ესკალაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან გარკვეულ ქმედებებს გამოიწვევს" - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სწორედ ამ მიზნით განახლდა ზეწოლა საქართველოზე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაზე, სადაც მოსახლეობა ამ საკითხზე ისედაც ემოციურად რეაგირებს. უმრავლესობის თქმით, ე.წ. რუსოფობიის გააქტიურებული კამპანია გლობალური ძალების ინტერესებს ემსახურება, რადგან უკრაინაში ომი არ სრულდება, არ იცვლება არც ჩრდილოვანი მმართველობის ტაქტიკა, რომ სტრატეგიულ მოწინააღმდეგეს სხვების გამოყენებით დაუპირისპირდნენ. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად რეალურია საფრთხეები, რაც ანტირუსული განწყობების გაღვივებას მოჰყვება.
"ჩვენ არავის ფობია არ გვჭირს, ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ" - ამას ამბობს "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც, 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე ლარსზე რუს ტურისტებს თავადვე ხვდებოდა, თავადვე უჭერდა მხარს რუსეთის გაერთიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, თავადვე საუბრობდა ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. თუმცა უკრაინის მოქალაქე ექსპრეზიდენტი დღეს არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ გახდა რუსეთი მათთვის ომის დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის ომის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილის პარტია რადიკალურად შეცვლილი განწყობების გამართლებას ისევ ევროპის დამოკიდებულებით ცდილობს.
გლობალური პოლიტიკის შეცვლამ შეცვალა დამოკიდებულებებიც. სწორედ ამიტომ უწოდებს ყალბ ანტირუსებს ოპონენტებს უმრავლესობა.
ამ სახელწოდებით შექმნილი პორტალის საინფორმაციო კამპანიაც არსებობდა, რომლის ავტორები საკითხზე სატელევიზიო ეთერებშიც საუბრობდნენ.
ისტორიული მოვლენების შეფასება უნდა ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს - აცხადებს ნინო წილოსანი, რომელიც განცხადებას სწორედ გარე ძალების მითითებებსა და ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ სპეკულაციებზე ავრცელებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ისტორიული ტრაგედიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ოპოზიციასთან ერთად ენჯეოებსაც ადანაშაულებს. იხსენებს პერიოდს, როდესაც ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ომის დაწყების თარიღად 8 ის ნაცვლად 7 აგვისტო საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გადასაფარად გამოაცხადეს. რადგან თავის დროზე, ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით, 7 აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს.