
ათასწლოვანი ისტორიული ძეგლის სრული განადგურების საფრთხის გამო, ესპანეთში სპეცოპერაცია ჩატარდა. მონასტრის ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტები შევიდნენ. უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს არაგონის პირველი სამი მეფის ნეშტი, უნიკალური ფერწერული ნამუშევრები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ექსპონატები. ტყეში გაჩენილმა ხანძარმა მონასტრის ტერიტორიამდე სწრაფად მიაღწია.
მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან ხორვატიაშიც. დალმაციის სანაპიროზე სტიქიამ 1 000-ზე მეტი ჰექტარი, საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. დაიღუპა ერთი ადამიანი, ჰოსპიტალიზებულია 40, კრიტიკულია 7-ის მდგომარეობა. ცეცხლის ქრობის პროცესში 200-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული, ცოცხალ ძალასთან ერთად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
რთული ვითარებაა გერმანიაშიც. ქვეყნის დასავლეთით, ჰიურტგენის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიამ 300 ჰექტარი ტერიტორია უკვე გაანადგურა. ვითარებას ტყეში დარჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბრძოლო მასალა ართულებს, რომლის დეტონაციის გამოც, ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, ტანკები და ავიაციაა მობილიზებული.
განგაშია გამოცხადებული საბერძნეთში. ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე ცეცხლი საკურორტო ზონებს მიუახლოვდა, ასობით ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია საზღვაო მარშრუტით განხორციელდა. გამოძიების პირველადი ვერსიით ხანძარი ელექტროგადამცემ ხაზებზე ხის დაცემამ გამოიწვია.
ხანძრის კერები დასახლებულ პუნქტებს ანადგურებს დიდ ბრიტანეთში. ინგლისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებებში გადამწვარია ათობით საცხოვრებელი სახლი. კვამლით ინტოქსიკაციის და სითბური დარტყმის გამო კი ათობით მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის არიან მეხანძრეები.
საფრანგეთში კი მასშტაბურ ხანძრების შედეგ მაშველებმა პროტესტი დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ხელისუფლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის მოდერნიზებას და დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. პროფკავშირები კი გამოსვლებს აანონსებენ.
ცეცხლის კერებს ამ დროისთვის ალბანეთში, ავსტრიაში, მონტენეგროსა და ბელგიაშიც ებრძვიან. დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რეკორდული სიცხის, გვალვისა და ტყის ხანძრების გამო ერთმანეთის მიყოლებით ცხადდება წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი განგაშის დონე.