
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის ცენტრში მოკლული ბიზნესმენის მალხაზ ბოკუჩავას ოჯახს პასუხობს.
საუბარია მოკლულის ახლობლების ბრალდებების იმ ნაწილზე, სადაც ბოკუჩავას ოჯახის წევრები კორუფციულ გარიგებაში სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, მაკა დადიანს ადანაშაულებენ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში აცხადებენ, რომ "კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია ექსპერტის მიერ, მისი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში და კვლევისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე".
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსპერტის დასკვნა არ წარმოადგენს მხარის პოზიციას და მისი შინაარსი არ განისაზღვრება რომელიმე დაინტერესებული პირის მოთხოვნით, მოსაზრებით. ექსპერტიზის პროცესში ექსპერტი დამოუკიდებელია და ექსპერტიზის ჩატარებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ სპეციალური ცოდნითა და პროფესიული მეთოდოლოგიით.
ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში ასახული შეფასებები და დასკვნები არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული ცალკეული ფრაზების ან ცალკეული გარემოებების საფუძველზე. ექსპერტიზის დასკვნის შეფასება უნდა განხორციელდეს მისი სრული შინაარსისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა საფუძველზეც ჩატარდა შესაბამისი კვლევა.
ბიურო პატივს სცემს როგორც გარდაცვლილის ოჯახის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და კითხვები, ასევე მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ყველა მხარის უფლებებს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მზად არის, კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების წინაშე განმარტოს ჩატარებული ექსპერტიზის პროცედურა და დასკვნის მომზადების საფუძვლები.
ამასთან, ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას გაასაჯაროვოს გამოკვლეული პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ექსპერტიზის ჩატარებისას გამოკვლეული ინფორმაციის კონფიდენციალობიდან გამომდინარე"- წერია განცხადებაში, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან "პირველებს" გამოუგზავნეს.
ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე დღის წინ შეწყდა. მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, სადაც წერია, რომ ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.