რეზონანსი
15.08.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და თურქეთს უკრაინისთვის იარაღის შესაძლო მიწოდების გეგმებთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონსა და ანკარას აშშ-ის კონგრესის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ვაშინგტონსა და ანკარასთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, გონივრულად შეაფასონ საკუთარი გეგმები.

„აშშ-ის კონგრესის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საუბარია შთამბეჭდავ არსენალზე, რომელიც შეტევით საშუალებებსაც მოიცავს. კერძოდ, ნახსენებია 12 სარაკეტო სისტემა და მათთვის განკუთვნილი 2 500-ზე მეტი საბრძოლო მასალა, 47 000 საარტილერიო ჭურვი და 70 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა „ატაკამსი“. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური რაოდენობის მომაკვდინებელი პროდუქციის გადაცემის გარემოებები და პირობები უკიდურესად საკამათოა. ვოლოდიმირ ზელენსკის ხუნტის სულ უფრო ახალი შეიარაღებით მომარაგებას არ შეუძლია, რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის განვითარებაზე, თუმცა ასეთი მიწოდებების შედეგად მრავალმხრივი ზიანი გარდაუვალია. საქმე მხოლოდ მსხვერპლსა და ნგრევას არ ეხება, რომლის მასშტაბის გაზრდასაც კიევის ხელისუფლება ცდილობს, არამედ სერიოზულ ზიანს აყენებს ვაშინგტონსა და ანკარასთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ზახაროვას განცხადებით, „მშვიდობიანი რიტორიკის გამოყენების მცდელობები და პარალელურად უკრაინელი ნაცისტებისთვის იარაღის მიწოდება ძირს უთხრის ურთიერთნდობას, განსაკუთრებით თურქეთის წარმომადგენლების არაერთგზის დაპირებების გათვალისწინებით, რომ თურქეთი კიევისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას თავს არიდებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×