
აშშ-ისა და ირანის დაპირისპირება სტრატეგიულ ჩიხში შევიდა - ექვსთვიანმა სამხედრო კამპანიამ ვაშინგტონს დასახული მიზნები ვერ მოუტანა, რის გამოც აქცენტი „არნახულ ეკონომიკურ იზოლაციაზე" გადადის.შედეგად, მხარეები გადავიდნენ ეკონომიკურ „ნერვების ომზე", სადაც აშშ-ის სანქციებს ირანის მიერ გლობალური ენერგომარშრუტების შანტაჟი უპირისპირდება.
ირანი ჯერ კიდევ მერყეობს, განაახლოს თუ არა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად. ოფიციალური თეირანის შეფასებით, შეფერხების მიზეზი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევასა და ჰორმუზის სრუტის მომავალთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა.
„აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ტელეგრამის" პირად გვერდზე.
მისივე ცნობით, შუამავლები კატარიდან და პაკისტანიდან გზავნილებს ცვლიან და ირანთან კონტაქტზე იმყოფებიან, „თუმცა ეს მოლაპარაკებებს არ ნიშნავს".
არაღჩიმ ივნისში პაკისტანში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ აშშ მემორანდუმის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად ახალი გზა უნდა განისაზღვროს.
მისი თქმით, თეირანი ომანთან ტექნიკურ პროცესზე ცალკე მუშაობს, რათა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობისთვის ახალი მარშრუტები შეიქმნას. თუმცა, გემების ნებისმიერი ტრანზიტი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაზეა დამოკიდებული.
„მარშრუტები, რომლებიც ადრე არსებობდა, აღარ ფუნქციონირებს. ამჟამად ვმუშაობთ დროებით მარშრუტზე, რომელიც მომდევნო ეტაპებზე საბოლოო სახეს მიიღებს", - განაცხადა მინისტრმა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაოსნობის აღდგენა იმ სხვა პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას.
- აბას არაღჩი: „აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია... შუამავლები კატარიდან და პაკისტანიდან ირანთან კონტაქტზე იმყოფებიან, თუმცა ეს მოლაპარაკებებს არ ნიშნავს"
არაღჩის ეს განცხადება იმავე დღეს გაჟღერდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა:
„მას შემდეგ, რაც ირანის დამარცხებას დავასრულებთ... ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ".
ამერიკის ლიდერის მკვეთრ რეპლიკას ოპერატიულად გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამართლებრივ და საერთაშორისო საკითხებში, ქაზემ ღარიბაბადი. მან სოციალურ ქსელ „იქსზე"განათავსა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ „ჰორმუზის სრუტე იყო ირანული, არის ირანული და დარჩება ირანულად, ხოლო ბლოკადის აღსრულება მანამ გაგრძელდება, სანამ აშშ მარცხს არ აღიარებს."
მწვავე განცხადებების ფონზე ამ საკვანძო საზღვაო გზაზე კონტროლი კვლავ დავის საგნად რჩება.
პარასკევს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულმა ნავთობკომპანიამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტისას მის ერთ-ერთ გემზე თავდასხმა განხორციელდა. ეს ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი მსგავსი ინციდენტების სერიის მორიგი შემთხვევაა.
აშშ ეკონომიკურ ზეწოლაზე გადადის
ექვსთვიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რომელმაც ვაშინგტონისა და ისრაელის მთავარ მიზნებს - ირანის ხელისუფლების დამხობასა თუ ჰორმუზის სრუტის გახსნას ვერ მიაღწია, შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, დასახული ამოცანების შესასრულებლად ეკონომიკური ზეწოლის მექანიზმებზე გადასვლაზე მიანიშნებს.
ხუთშაბათს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანზე ზეწოლის მიზნით მალე ახალ ეკონომიკურ ზომებს გაატარებს.
„ეს იქნება მსოფლიოში არნახული ეკონომიკური იზოლაციისა და ჰორმუზის სრუტეში გაგრძელებული ბლოკადის კომბინაციით შექმნილი ვითარება, რაც ირანულ პორტებში ტვირთების შესვლა-გამოსვლას სრულად აღკვეთს", - აღნიშნა მან.
- დონალდ ტრამპი: „მას შემდეგ, რაც ირანის დამარცხებას დავასრულებთ... ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ".
აგვისტოში აშშ-მა იმ სავალუტო ჯიხურებისა და ფიქტიური კომპანიების ქსელის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა, რომლებიც, ვაშინგტონისვე ინფორმაციით, ირანს საერთაშორისო ფინანსური სისტემის გვერდის ავლით ასობით მილიონი დოლარის ფარულად გადარიცხვაში ეხმარებოდა.
„ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა ეკონომიკური რისხვის პოლიტიკის ქვეშ ინგრევა და რეჟიმს ფულის გადასაადგილებლად გზები ეწურება", - განაცხადა ბესენტმა აღნიშნული სანქციების დაწესებისას.
ეს სტრატეგია ახალი არ არის: 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანზე აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მხრიდან ეკონომიკური სანქციები მუდმივად მკაცრდება, ეკონომიკურმა პრობლემებმა ქვეყანაში არაერთხელ მწვავე და დესტაბილიზაციის შემცველი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, თუმცა რეჟიმის ცვლილებამდე ეს პროცესები არასდროს მისულა.
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ყოფილმა მრჩეველმა, მარკ გინსბერგმა „ალ ჯაზირასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შტატები „მაქსიმალური ზეწოლის" ტაქტიკას დიდი ხანია იყენებს, ახლანდელი ვითარება განსხვავებულია, თეთრ სახლს კი შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად მკაფიო სტრატეგია არ გააჩნია:
„ეს ჰგავს ეკონომიკურ თამაშს - „ვინ შეშინდება პირველი", რომელი მხარე გადაუხვევს გზიდან შეჯახებამდე. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ირანის მთავრობამდე უკან დახევა ამერიკის ადმინისტრაციას მოუწევს".