რეზონანსი
15.08.2026

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ოცნების" ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და ამის საფუძველზე ქვეყანაში „ცხელ შემოდგომას" აანონსებს. მისი მტკიცებით, მმართველი პარტია საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, ოკუპირებულ რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმებას, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნასა და რუსეთთან დიპლომატიური ერთიერთობების აღდგენას გეგმავს. ანალიტიკოსთა შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც ასახავდეს „ოცნების" რეალურ გეგმას.

რამდენად რეალურია ეს პროგნოზი იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გადაჭრით უარყოფენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას კრემლის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარების გაუქმების გარეშე?

ვრცელი პოსტი მოსალოდნელ „ცხელ შემოდგომაზე" სააკაშილმა სოციალური ქსელით პარასკევს გაავრცელა.

„ბოლო რამდენიმე თვეა ხმები მომდის, რომ ივანიშვილის გარემოცვა აქტიურად საუბრობს - მთავარია ეს შემოდგომა გადავიტანოთ და შემდეგ მუდმივად ჩვენ ვიქნებითო.

„(...)იმ ახალი ინფორმაციით, რომელიც ახლა მომივიდა და მინდა გაგიზიაროთ, საკუთარივე კაპიტულანტური პოლიტიკის კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი ემზადება უახლოეს კვირებში და თვეებში შემდეგი ნაბიჯებისთვის:

„- რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის, ანტი-დასავლური პაქტის შექმნისთვის

„- აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებასთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერისთვის და შესაბამისად მათი სუბიექტად აღიარებისთვის.

„- აფხაზეთის რკინიგზის გახსნისთვის - საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის

„ეს ყველაფერი გაკეთდება რამდენიმე თვის განმავლობაში.

„ეს შემოდგომა იქნება ასევე სიმართლის მომენტი ქართველებისთვის, ან ახლა მაინც დავირაზმებით ყველანი, გავანძრევთ ხელს და დავამტკიცებთ, რომ ღირსი ვართ თავისუფლების, ან გავქრებით როგორც ერი. ასევე ეს გადამწყვეტია „ქოცებისთვის", ისინი ამ ყველაფერს გეგმავენ არა მხოლოდ რუსების კარნახით, არამედ ასევე იმიტომ, რომ თუ ესეც გაატარეს ქართველებმა, მაშინ მათი აზრით, ივანიშვილის მემკვიდრეობით დიქტატურას უახლესი ათწლეულები აღარაფერი დაემუქრება.

„დღეს წინაპირობები არის შემდეგი: კი, ქართველების 80%-ს ეზიზღება „ქოცები" და რუსები, ამავე დროს ხალხის უმრავლესობა თვლის, რომ ივანიშვილის მოშორება შეუძლებელია. ოპოზიციამ გილაურებთან და სხვებთან თამაშებით მიაღწია იმას, რომ ხალხს ოპოზიცია მთლიანად გაყიდულად მიაჩნია. ხალხი ასევე თვლის, რომ ივანიშვილის დამარცხება შემიძლია, ოღონდ ასევე ფიქრობს, რომ მე საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად არავინ გამიშვებს", - წერს სააკაშვილი.

პოსტის ბოლოს ის საზოგადოებას „გადამწყვეტი შემოდგომისთვის" მობილიზებისკენ და „ან ახლა, ან არასდროს" პრინციპით გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

რეალისტური პროგნოზი, თუ საპროტესტო მუხტის გაზრდის მცდელობა

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ არის გამორიცხავს, რომ შემოდგომაზე „ოცნებამ" მართლაც გადადგას მნიშნელოვანი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით:

„ქართული ოცნების" პოლიტიკა ზოგადად მიდის იქეთკენ, რომ რუსეთთან ურთიერთობები აღდგეს, დალაგდეს, როგორც მათ ესმით, რა თქმა უნდა. ამიტომ მოსაზრება, რომ შესაძლოა შემოდგომაზე ჩვენ ასეთი გადაწყვეტილებები ვიხილოთ, შესაძლოა არ აკომპლესურად და ერთობლივად, არამედ თანდათანობით - ეს არ არის არც მოულოდნელი და არც არარეალური. პირიქით, „ოცნება", მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარკვეულწილად პოლიტიკურ შესვენებაზეა, ძალიან ინტენსიურ პროპაგანდას ეწევა ოპოზიციის მისამართით. ცდილობენ გაანეიტრალონ ოპოზიციური მუხტი საქართველოში. მე არ ვფიქრობ, რომ ამას შეძლებენ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ რაიმე სერიოზული გადაწყვეტილებები იქნას შემოდგომაზე მიღებული."

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის წერილის შეინაარსი რეალისტურად არ მიაჩნია, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„რაც სააკაშვილმა ჩამოთვალა, ეს თუ გაკეთა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს წინსვლის გზაზე. ეს უკვე მოასწავებს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, რომლის წინააღმდეგი თავში იყო, არის და იქნება სააკაშვილი. რადგან ის არის გარე ძალების აგენტი.

„ამ სიტუაციაში არ მგონია, რომ ეს რეალური იყოს, თუმცა სააკაშვილი ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავად საშინლად ეშინია ყოველივე იმის, რაც ჩამოთვალა."

მოსალოდნელი შედეგები

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, რთულია იმის თქმა, თუ რას გამოიწვევს ქართულ პოლიტიკაში, სააკაშვილის წერილში ნახსენები რომელიმე პუნქტის განხორციელება, ექსპერტი ამბობს, რომ ყველაფერი პროტესტის გამოხატვაზეა დამოკიდებული.

„რთული სათქმელია რას გამოიწვევს. რამდენად შეძლებს პოლიტიკური ოპოზიცია თუ არასამთავრობო სექტორი ამ პროტესტის გამოხატვას - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ მოსაზრებას გამოთქვამს სააკაშვილი, ეს „ოცნებისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან 5 თუ 6 წელია, „ქართული ოცნება" პროპაგანდას აგებს სააკაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და არ ვიცი ახლა რამდენად გამოიყენებს ამას.

„რაც შეეხება იმას, თუ რომელი პუნქტი შესრულდება, ვერ გეტყვით. ალბათ უფრო ფრთხილი იქნება „ოცნება". შესაძლოა ლაპარაკი იყოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, თუ ამ ფაქტორში სომხეთიც ჩართეს, მითუმეტეს. მაგრამ ამ მიმართულებით რომ განვითარდება პოლიტიკა, ამაში ეჭვი არ მეპარება. ჯერჯერბოთ, ყელაფერი აქეთ მიდის, დანარჩენს ვნახავთ", - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტმა ყურადღება საზოგადოების განწყობაზე გააკეთა და შემოდგომაზე „ოცნების" პოლიტიკის განმსაზღვრელად სწორედ ის გამოკითხვები დაასახელა, რომელსაც, მისივე თქმით, ახლა მმართველი გუნდი აქტიურად ატარებს.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „ოცნება" ატარებს გამოკითხვებს იმის დასაგდენად, თუ რომელი კონკრეტული გადაწყვეტილება გამოიწვევს აზოგადოებაში რაც შეიძლება ნაკლებ აღშფოთებას."

„ოცნება" ატარებს გამოკითხვებს. ფაქტობრივად, მუშაობს როგორც რბილი ძალა. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ რომელი ნაწილი აამოქმედონ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელს ჩათვლიან აქედან ისეთად, რომ საზოგადოებაში რაც შეიძლება ნაკლები აღშფოთება გამოიწვიოს. ეს კი დამოკიდებული იქნება შედეგებზე, თუ რას აჩვენებს გამოკითხვები", - განაცხადა ძაბირაძემ.

განსხვავებულად ფიქრობს ედიშერ გვენეტაძე. მისი შეფასებით, თუ სააკაშვილის აღწერილი სცენარი განხორციელდა, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დასრულდება.

  • ედიშერ გვენეტაძე: „ამ სიტუაციაში არ მგონია, რომ ეს რეალური იყოს, თუმცა სააკაშვილი ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავად საშინლად ეშინია ყოველივე იმის, რაც ჩამოთვალა."

„ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველო ტერიტორიული გამთლიანებისთვის. ნეიტრალიტეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რკინიგზის გახსნა, რა თქმა უნდა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ამის შემდეგ რუსეთი საქართველოდან გაიყვანს საოკუპაციო ჯარებს, ამავე დროს უკან წაიღებს იმას, რომ მას აღიარებული აქვს ე.წ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს ავტომატურად იქნება იმ პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ჰქვია საქართველოს ნეიტრალიტეტი. მე რომ მკითხოს კაცმა, რკინიგზის გახსნა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რადგან მოხდება ინტეგრაცია აფხაზებსა და ქართველებს შორის", - ამბობს გვენეტაძე.

მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საზოგადოებაში პროტესტს არ გამოიწვევს.

„რა საპროტესტო მუხტი უნდა გაიზრადოს? რატომ უნდა გაიზარდოს, თუ მოხდება ნაბიჯები გადადგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის? კი, ის „აკაცუკები" ივლიან, სანამ უცხოეთიდან დაფინასება ექნებათ, მაგრამ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა აღდეგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა გვენეტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×