
უმძიმესი ვითარება იყო ღამით საბურთალოზე, ჩიქოვანის ქუჩაზე, სადაც გაზსადენი მილი დაზიანდა. ამ დრომდე მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
მოსახლეობა ამბობს, რომ ღამით სმს-ი მიუვიდათ და გაზიფიცირება დღეს აღუდგებათ.
გუშინ, კოკისპირული წვიმის შედეგად, თბილისის მოქალაქეებს სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ხალხი მთელი ღამე დახმარებას ითხოვდა. სამაშველო სამსახური გამოძახების გაზრდილი რაოდენობის გამო, რიგ ადგილებზე ასვლას ვერ ახერხებდა, რის გამოც აღმაშენებლის გამზირზე, ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობამ გზაც კი გადაკეტა.
მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ წყალი კორპუსის საძირკველიდანაც კი შედიოდა სარდაფებში. წყალი შევიდა მეტროსადგურებში - „რუსთაველი“ და „ვაჟა ფშაველა“.
კოკისპირული წვიმის შედეგად, გზიდან ქვა-ღორღი ჩამოდიოდა, რის გამოც ავტომობილები მოძრაობას ვერ ახერხებდნენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო თმარაშვილის გამზირზე, სადაც მანქანები, ფაქტობრივად, წყალში დაცურავდნენ.