ნატალია ჯვარიძე
14.08.2026

ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკაში ყოფნის სირთულე და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხარდაჭერის ნაკლებობა დასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ერთგული რჩება. ოპოზიცია კუნჭულიას წასვლას კორუფციასა და შიდა დაპირისპირებას უკავშირებს.

როგორც პაატა კუნჭულია წერს, მისთვის პოლიტიკაში ყოფნა რთული აღმოჩნდა.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი. ბიუჯეტის ათვისების და პროექტების განხორციელების მაჩვენებლით დღეს ოზურგეთი საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის პირველ სამეულშია. ვამაყობ იმ შედეგით, რომელსაც ამ მცირე დროის პერიოდში მივაღწიეთ. მიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში.

  • „სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს"

ამ ფონზე, საზოგადოებისთვის არახალია, რომ აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე. ამის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა", - აღნიშნა კუნჭულიამ.

მის გადადგომას „ნაცმოძრაობის" წევრმი, თათია ნიკოლაშვილი გამიეხმაურა და განაცხადა, რომ ოზურგეთის მერი არ გამოდგა კარგი მონა ქოცებისთვის. მისი თქმით, პაატა კუნჭულიამ მოასწრო მხოლოდ ის, რომ დაესაქმებინა მისი სანათესაო, საახლობლო, საძმაკაცო და მათი ოჯახის წევრები.

„ოზურგეთის ე.წ. მერი, რომელიც ყელამდე კორუფციაში იყო და მისი დანაშაული არაერთხელ გამოსულა სააშკარაოზე. ამ კაცმა მოასწრო მხოლოდ ის, რომ დაესაქმებინა მისი სანათესაო, საახლობლო, საძმაკაცო და მათი ოჯახის წევრები, ასევე გადასარევად ასწრებდა იმას, რომ ხალხის ფულით მოეწყო ყველა კვირაში რესტორნებში ქეიფი და დროსტარება და კონცერტები ეტარებინა. ფაქტი არის ის, რომ ამ ფონზე, ის არ გამოდგა კარგი მონა „ქოცებისთვის", მას არ უყვარდა როგორც ჩანს, შავ სალაროში ფულის მიტანა და ფიქრობდა, რომ შეეძლო რაღაცები დამოუკიდებლად გადაეწყვიტა, როგორც ხალხის ჩართულობის გარეშე დადეს ეს კაცი მერად, ასევე აიღეს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ როგორ მიიღება ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები."

კომენტარი სოციალურ ქსელში ენმ-ს წევრმა, ბესო ქათამაძემ გააკეთა, თქვა, რომ პაატა კუნჭულიას თანამდებობიდან წასვლაში დიდი წვლილი მიუძღვნის ბიზნესმენს ვანო ჩხარტიშვილს, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე დავით დარჩიას და გურიის გუბერნატორ გიორგი ღურჯუმელიძეს.

„პაატა კუნჭულია შეეწირა შიდა დაპირისპირებას. რაც დღეს მოხდა, არის დიდი შეურაცხყოფა „ქართული ოცნების" ამომრჩევლებისთვის. მაგრამ ეს „ქართულ ოცნებას" არ აინტერებს".

თავად პაატა კუნჭულია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან პრობლემა არ აქვს და „ქართული ოცნების" ერთგულად რჩება.

„ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, სათანადოდ დააფასონ ის ადამიანები, ვინც წლებია, პოლიტიკაში არიან, უძლებენ უმძიმეს გარე თუ შიდა შემოტევებს და მყარად დგანან საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე. უდიდესი მადლობა თითოეულ ჩემს თანამშრომელს - ადამიანებს, ვინც ამ გზაზე გვერდში მედექით, თქვენი თავდადებითა და გვერდში დგომით, ჩვენ დღეს უკეთეს და უფრო ძლიერ ოზურგეთიში ვცხოვრობთ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძვირფას ოზურგეთელებს, თქვენი თანადგომა, სიყვარული იყო ჩემი მთავარი ძალა, პასუხისმგებლობა და სიამაყე. ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს და მის ლიდერებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის - მე ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების" ერთგულ რიგით ჯარისკაცად", - წერს პაატა კუნჭულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×