
მოსკოვი თანახმაა, სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები მოხსნას, თუმცა კონკრეტული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. შეზღუდვებს, რომლებიც 2026 წელს სომხეთისთვის მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქციას შეეხო, განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა და ამ ბერკეტების გამოყენება სომხეთში არჩევნების წინ ექსპერტების მხრიდან დამატებით ზეწოლის ინსტრუმენტად შეფასდა.
როგორც რუსეთის ხელისუფლებაში ამბობენ, ერევანმა ფიტოსანიტარული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით მოსკოვის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. საკითხზე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოქსანა ლუტმა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ალმატიში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
2026 წელს რუსეთმა სომხეთიდან ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების, თევზის, ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელისა და მინერალური წყლების იმპორტი შეზღუდა. როგორც აღინიშნა. მოსკოვი გადაწყვეტილებებს ფიტოსანიტარული და ხარისხის დარღვევებით ხსნის, თუმცა სომხეთში და მის მოკავშირეებში ეს ნაბიჯები აღიქმება როგორც პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ეკონომიკური ბერკეტი მოსკოვმა სომხეთის დასავლეთთან დაახლოებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების ფონზე აამოქმედა, შეზღუდვები კი უშუალოდ ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოიყენა.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის სომეხი მწარმოებლების მიერ საკუთარი ნედლეულის გამოყენება, პესტიციდების კონტროლი და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა, ამჟამად შეზღუდვების ქვეშ მყოფი პროდუქციის იმპორტის განახლების მთავარი პირობაა", - წერია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკური ბერკეტები, როგორც შანტაჟის იარაღი
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი ეკონომიკურ სანქციებით ცდილობს სომხეთში გავლენები გაიძლიეროს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ძველი გავლენები დაიბრუნოს.
„რუსეთს ჰგონია, რომ ეკონომიკური, ბლოკადა და სანქციები სომხეთს რუსულ ორბიტაზე დააბრუნებს. სომხეთი რეგიონში მოსკოვისთვის ძირითადი საყრდენი იყო , დღეს სომხეთმა ევროკავშირისკენ სწრაფვა და დასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განვითარება მოინდომა, ახლა რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს იყენებს, რაც წესით რბილი ძალაა, თუმცა უფრო ხისტ ძალად უნდა შეფასდეს.
„რუსეთი გავლენების გაძლიერებას ზუსტად ამ ხისტი ძალით ცდილობს, თუმცაღა, მე მგონი, ამას მაინც ვერ შეძლებს. სომხეთმა დაალაგა ურთიერთობა აზერბაიჯანთან, საქართველოსთან ისედაც აქვს კარგი ურთიერთობა, ასევე ევროკავშირთან და ამით ეკონომიკური ბლოკადა ახლა გარკვეულწილად მოხსნილი აქვს.
„მეორეს მხრივ, სომხური ეკონომიკა თავის დროზე მთლიანად ჩამოჰკიდეს რუსულ ეკონომიკაზე, მჭიდროდ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ბევრი სტრატეგიული ობიექტი კვლავ რუსეთის სახელმწიფო კორპორაციების ხელშია, მათ შორის რკინიგზა, ასევე რაზდანის ატომური ელექტროსადგური. როგორც მე ვიცი, კონიაკის ქარხანაც კი რუსეთის საკუთრებაა სომხეთში. თუმცა, ამის მიუხედავად, სომხეთი მაინც ცდილობს სიტუაცია დააბალანსოს.
„ფაშინიანმა კარგად იცის, რომ სომხეთი 98%-ით რუსეთზე მიჯაჭვულია. ეს ფაშინიანის ბრალი არაა, ეს წინა ხელისუფლებების ბრალია, რომ მთლიანად რუსეთზე მიაჯაჭვეს. გასაგებიც იყო, აზერბაიჯანთან და თურქეთთან იყო სრული ეკონომიკური იზოლაცია ყარაბაღთან დაკავშირებით და ეს პრობლემა მოიხსნა.
„პროდუქციაზე ახლა სეთი ტიპის სანქციები რუსეთს არჩევნების წინ აწყობდა, რადგან ამით ცდილობდა ფაშინიანის ხელისუფლება გადაეყენებინა, მოეხდინა ე.წ. რბილი სახელმწიფო გადატრიალება, „ხავერდოვანი", რუსული რევოლუციის ვარიანტი, ეს ჩაუვარდა და მერე გადავიდა უკვე პირდაპირ ეკონომიკურ შანტაჟზე. გამოიყენა ეკონომიკური ხისტი ძალა და სანქციები დაუწესა სომხეთს პროდუქციაზე, ახლა უკან იხევს, უნდა აჩვენოს, რომ „მათრახისა და თაფლაკვერის" პოლიტიკას ატარებს, მაგრამ თვითონ არის ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცეული, რაც მას ძალიან ძვირად უჯდება და პარტნიორი ქვეყნის დაკარგვა არ სურს. ასევე, სომხეთმა ევროკავშირთან მისწრაფებების თაობაზე განაცხადა, ეს კი პუტინისთვის „წითელი ხაზია". უკრაინაში შეჭრის მიზეზადაც ევროკავშირსა და ნატოსკენ მისწრაფებები დაასახელა",- განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ სომხეთმა კონსტიტუციის დონეზე ევროინეგრაციის საკითხი დააყენა, რამდენად შეიძლება გაიმეოროს უკრაინის სცენარი რუსეთმა სომხეთში, მაისაიამ გვითხრა:
„სავსებით რეალურია. ჩვენ გვაქვს უკრაინის მაგალითი. გარკვეულწილად საქართველოს მაგალითიც და ალბათ არ გამოირიცხება, რომ სომხეთთანაც იგივე ვარიანტი გაიმეოროს. ფაქტია, ნებისმიერი ევროინტეგრაციის მცდელობა პოსტსაბჭოთა სივრცის აქტორების მხრიდან, ეს პუტინისთვის მიუღებელი ელემენტია",- განაცხადა მაისაიამ.