მარიამ ვეკუა
14.08.2026

ბალტიისპირეთში უკრაინული ომის ეფექტი სულ უფრო მწვავედ იგრძნობა. ლატვიის საჰაერო სივრცეში მორიგი დრონის შეჭრამ და ნატო-ს მოიერიშეების მიერ მისმა ჩამოგდებამ რეგიონში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გამკაცრება გამოიწვია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსკოვმა შესაძლოა ჩამოგდებული დრონები მასშტაბური პროვოკაციისთვის გამოიყენოს.

ნატო-ს მისიის შემადგენლობაში შემავალმა იტალიურმა გამანადგურებელმა უცნობი წარმომავლობის დრონი ჩამოაგდო, რომელიც ალიანსისა და ევროკავშირის წევრი ლატვიის საჰაერო სივრცეში შეფრინდა. ინციდენტი პარასკევს, რუსულ პორტებზე უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმების პარალელურად მოხდა, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ლატვიის ხელისუფლება იუწყება.

შუადღისას ლატვიელმა სამხედროებმა დრონის ნარჩენების სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი, სოფელ რუგაისთან მდებარე ტყის მასივი გაჩხრიკეს, რომელიც ბალტიისპირა ქვეყნის რუსეთთან საზღვრიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარეობს.

„დრონის შესახებ ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ, ვინაიდან ტერიტორია ჯერ სრულად არ არის გაჩხრეკილი", - უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელ LSM-ს ლატვიის სამხედრო უწყების სპიკერმა, ივეტა ბერზინიამ.

მიმდინარე წელს უკრაინული საბრძოლო დრონები ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამდენჯერმე შეფრინდნენ.

  • ნატოს სპიკერი: „ნატო მზად არის და შესწევს უნარი, 24/7 რეჟიმში უპასუხოს ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს, რათა დაიცვას ჩვენი ტერიტორია და მოსახლეობა"

პარასკევის ინციდენტამდე, უკრაინამ ღამით იერიში სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე რუსულ პორტებზე მიიტანა, რომლებიც ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ახლოს მდებარეობს. ადგილობრივმა გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ „ტელეგრამში" განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა იერიშის დროს 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ნატო-ს სპიკერის, ელიზონ ჰარტის განცხადებით, ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონის დაფიქსირების საპასუხოდ, ლიეტუვიდან იტალიის ორი „ეუროფაიტერის" ტიპის გამანადგურებელი, ხოლო ესტონეთის ბაზიდან თურქეთის ორი F-16 აფრინდა. დრონი ერთ-ერთმა „ევროფაითერმა" აღმოაჩინა და ჩამოაგდო.

„ყველა საფრენი აპარატი ნატო-ს სარდლობის დაქვემდებარებაში მოქმედებდა. გამოძიება მიმდინარეობს, ნატო კი ლატვიის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტზეა", - განაცხადა ჰარტმა

„ნატო მზად არის და შესწევს უნარი, 24/7 რეჟიმში უპასუხოს ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს, რათა დაიცვას ჩვენი ტერიტორია და მოსახლეობა", - დასძინა მან.

  • ლატვიის სამხედრო უწყების სპიკერი: „უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს ინციდენტი რუსეთის ელექტრონული ბრძოლის აქტივობებს უკავშირდება"

ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ორივე მხარე საზღვრისპირა თავდასხმებისთვის დრონებს ფართოდ იყენებს, ბოლო პერიოდში დრონების უკანონო კვეთის ინციდენტებმა იმატა. მაისში რუმინულმა F-16-მა უკრაინული დრონი ესტონეთში ჩამოაგდო, ივნისში კი ფრანგულმა „რაფაელმა" კიდევ ერთი დრონი ლატვიაში გაანადგურა.

დამატებით, ევროკავშირისა და ნატო-ს კიდევ ერთმა წევრმა ქვეყანამ, ფინეთმა, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, პარასკევს დილით ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

ლატვიის სამხედრო მეთაურმა, რომელიც ჩამოგდებული დრონის სამძებრო ოპერაციაშია ჩართული, „როიტერზს" განუცხადა, რომ სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი ნარჩენების პოვნას ართულებს.

„ეს ტერიტორია უხვად არის დაფარული ტყით და შედარებით მეჩხრად დასახლებული, რაც რელიეფს საკმაოდ რთულს ხდის. რა თქმა უნდა, ტყეები, ჭაობები და სხვადასხვა ტიპის მცენარეულობა სამძებრო სამუშაოებს საგრძნობლად ართულებს", - აღნიშნა მან.

რუსეთის მეზობელი ნატო-ს წევრი ქვეყნები კაშხლებთან, ელექტროსადგურებსა და ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურასთან, უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ, ეს გადაწყვეტილება მზარდი შეშფოთების ფონზე მიიღეს, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკრაინული დრონების გამოყენებით „ცრუ დროშის" ) ოპერაცია ანუ პროვოკაცია მოაწყოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×