მარიამ ვეკუა
14.08.2026

სანამ ოპოზიციური ელექტორატი მორიგ სტრატეგიას ელოდება, მისი ლიდერები შექსპირისა და რუსთაველის პერსონაჟებით „ქარაგმულ ომში" ჩაებნენ: ნიკა გვარამია საზოგადოებას „ავთანდილობას" ურჩევს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ახსენებს, რომ ლიტერატურულ ლაბირინთებში ხეტიალს „პირდაპირ თქმა სჯობს", რომ ქვეყნისთვის თავგანწირვა სისულელეა და მას პირდაპირვე არ დაეთანხმებოდნენ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუშინ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქში ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც სათქმელს ლიტერატურული არქტიპებისა და მითოსური პარადიგმების გამოყნებით ამბობს.

ამას მალევე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. ის აღნიშნავს, რომ საჭირო არ იყო მსგავსი „ჩახვეული პოსტი", შეეძლო პირდაპირ დაეწერა, რისი თქმაც სურდა.

„ძვირფასო ნიკა გვარამია რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი! პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე.

„ჩვენც არ დაგეთანხმებოდით და ყველანი დავრჩებოდით ჩვენს პოზიციაზე და ყველა გავაგრძელებდით ჩვენს გზას. (ავთანდილს თუ FB გვერდი აქვს არ დათაგოთ, არ შეატყობინოთ)", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიცია სათქმელს მითოლოგიური პერსონაჟებით თუ არქეტიპებით გადმოსცემს. მაგალითად, რამდნეიმე დღის წინ, სააკაშილმა ქართველი ოპოზიციონერები ოდისევსის ცოლის ხელის მთხოვნელებს შეადარა.

„ოდისევსი ბრუნდება 20-წლიანი ხეტიალის შემდეგ, აქ კი ხვდება მისი ცოლის, პენელოპას მრავალი ხელის მთხოვნელი, ისინი ყველანი ერთად ესხმიან თავს ოდისევსს დიდი გააფთრებით. ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები - ქართველი „ოპოზიციონერები", რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები," - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელშ დაწერა.

რაც შეეხება გვარამიას წერილს, ის ამტკიცებს, რომ „ჰამლეტი: რეფლექსია, ანალიზი, სკეპტიციზმი და ეგოიზმი, რომელიც კლავს მოქმედებას. შედეგი: ოფელიას, ანუ არა იდეალური, არამედ რეალური ქალის სიკვდილი, როგორც მთავარი ღირებულებითი ორიენტირის. რეფლექსიურ თვითტკბობას (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.

  • მიხეილ სააკაშვილი: „ძვირფასო ნიკა გვარამია რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი! პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე"

დონ კიხოტი: იდეალიზმი, რწმენა და თავგანწირვა, რომელიც მოკლებულია ანალიზს და ვერ აღწევს შედეგს. (...) შექსპირს და სერვანტესს შევხედოთ და ვისწავლოთ, როგორ არ უნდა ვქნათ."

გვარამია წერილში აქცენტს იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდ ამოიქცეს საზოგადოება, რუსთაველის ავთნდილზე აკეთებს.

„იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ვქნათ, მივყვეთ რუსთაველს, ავირჩიოთ ავთანდილის არქეტიპი: რაციონალური ლიდერები და სტრატეგები. ისინი იღებენ სამშობლოსგან დავალებას (თინათინი), ფაქტებზე (და არა ილუზიებზე) დაყრდნობით სახავენ გეგმას, აერთიანებენ განსხვავებულ ჯგუფებს და იძენენ მოკავშირეებს (და არა მოკავშირეებს აქცევენ მტრებად). ამის შემდეგ კი გადადიან ეფექტურ, კოლექტიურ მოქმედებაზე ქაჯეთის ციხის (ავტორიტარული სისტემის) დასანგრევად და იმარჯვებენ, გადაარჩენენ სამშობლოს!

ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად, საზოგადოებას სჭირდება არა იდეოლოგიური ფანატიზმი (დონკიხოტობა) ან ინტელექტუალური ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშვება (ჰამლეტობა), არამედ ცივი, ფაქტებზე დაფუძნებული სტრატეგია და ორგანიზებული, კოლექტიური მოქმედება საერთო მიზნისთვის (ავთანდილობა).

ამიტომაც, არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!" - წერს გვარამია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×