თამთა ჩაჩანიძე
14.08.2026

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ბარბარა ფოსი, რომელსაც დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თბილისში მოვალეობის შესრულებას შეუდგა. საქართველოსთან არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ელჩის პირველი გზავნილი ასე გამოიყურება - ბერლინი კრიტიკულად აფასებს მიმდინარე ვითარებას, თუმცა საქართველოს დემოკრატიული და პროევროპული კურსის მხარდაჭერას უცვლელად აგრძელებს.

რა გზავნილი აქვს გერმანიის ახალ ელჩს საქართველოსთვის და რა შეიძლება შეიცვალოს ბერლინსა და თბილისს შორის ურთიერთობაში ფოსის დანიშვნის შემდეგ?

„განცდაა, რომ თვითონ გერმანიას არა აქვს დიდად განსხვავებული პოლიტიკა ამ ელჩის პირობებში. შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეამსუბუქა, მაგრამ პრინციპული სხვაობა - რაც იყო და რაც საჭიროა რომ იყოს, ამას ვერ ვხედავ",- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

როგორც საელჩო აღნიშნავს, ბარბარა ფოსის კარიერა დაკავშირებულია როგორც საერთაშორისო ურთიერთობებთან, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებთან. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვადასხვა ქვეყანაში გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ბარბარა ფოსის, პირველ გზავნილს ოპოზიციაში დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ელჩის განცხადება მიუთითებს პრინციპულ პოზიციასა და იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმირებულია. ოპოზიციის შეფასებით, თბილისსა და ბერლინს შორის არსებული დაძაბულობა ხელისუფლების პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დიპლომატიური უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო დატოვა.

რა გზავნილი აქვს გერმანიის ელჩს

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ის მომენტი, რომ ელჩმა ხაზი არ გაუსვა პასუხისმგებლობას, ვინაა დაძაბულობის წყარო, აფიქრებინებს, ის მკვეთრი განცხადებებისგან თავს იკავებს.

„გააჩნია, ვინ არის დაძაბულობის წყარო, თორემ დაძაბულობა რომ ართულებს, ეგ არაა პრობლემა. ის მომენტი, რომ ელჩმა არ გაუსვა ხაზი პასუხისმგებლობას, ანუ ვისი პასუხისმგებლობაა ეს დაძაბულობა, ეგ მაფიქრებინებს, რომ ელჩი თავს იკავებს განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმისგან, თან არც მოეთხოვება ელჩს განსაკუთრებული ნაბიჯები.

„ზოგადად რომ ვთქვათ, განცდაა, რომ თვითონ გერმანიას არა აქვს დიდად განსხვავებული პოლიტიკა ამ ელჩის პირობებში. შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეამსუბუქა, მაგრამ პრინციპული სხვაობა - რაც იყო და რაც საჭიროა, რომ იყოს, ამას ვერ ვხედავ.

  • საყვარელიძე: „არ ვფიქრობდი, რომ წინა ელჩის დროს დაძაბული ურთიერთობა ფიშერის პიროვნული თვისებების შედეგი იყო. რასაც ქვეყანა ეტყვის, იმას ასრულებს, ზოგი ტექნიკურად ამას უფრო უკეთესად აკეთებს, ზოგი უარესად"

„მე არ ვფიქრობდი, რომ წინა ელჩის დროს დაძაბული ურთიერთობა ფიშერის პიროვნული თვისებების შედეგი იყო. ელჩი ელჩია, ის ჯარისკაცია და ქვეყნის პოლიტიკის მხედართმთავარი. რასაც ქვეყანა ეტყვის, იმას ასრულებს, ზოგი ტექნიკურად ამას უფრო უკეთესად აკეთებს, ზოგი უარესად, მაგრამ ძირითადი ხაზი და მიმართულება მაინც მგონია, რომ ბერლინშია, იქაა მიზეზი",- განაცხადა მან.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ იგივე პოზიცია დაიჭიროს „ქართულ ოცნებასთან" და ის პოლიტიკა გაატაროს, რასაც თავის დროზე ფიშერი აკეთებდა, საყვარელიძემ გვითხრა:

„გამორიცხული არ არის. თუმცა, თვითონ განცხადების შინაარსი მიზეზზე მიგვითითებს - თუ დავაკვირდებით. მან ბრძანა, რომ დაძაბულობა ხელს უშლის გერმანიის და ევროკავშირის ურთიერთობის ნორმალიზაციას საქართველოსთანო. გერმანიისა და ევროკავშირის ერთად მოხსენიება სავარაუდოს ხდის, რომ ამ დაძაბულობის მიზეზი შეიძლება გერმანიაც არ არის იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი. ევროკავშირი უფრო დიდი და რთული სტრუქტურაა და მარტო გერმანია შეიძლება ვერ წყვეტდეს ამ ტიპის საკითხებს",- აცხადებს საყვარელიძე.

რას წერს გერმანიის საელჩო

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ახლად დანიშნული ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს ავრცელებს.

„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება", - აცხადებს ბარბარა ფოსი.

  • ფოსი: „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება"

გარდა კომენტარისა, საელჩო აქვეყნებს ბარბარა ფოსის ბიოგრაფიას:

2026 აგვისტოდან - დანიშნული ელჩი საქართველოში

2023-2026 - გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი

2019-2023 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

2015-2019 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ

2012-2015 - გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი

2009-2012 - გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული

2006-2009 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება

2005-2006 - მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის

1996-2005 - გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში ნიუ იორკში/აშშ

1992-1996 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი

1986-1992 - სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×