რეზონანსი
12.08.2026

პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

გასული წლის დასაწყისში წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმების საპასუხოდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მარტში მეამბოხეების წინააღმდეგ ავიადარტყმების განხორციელების ნებართვა გასცა.

გამოცემა The Hill-ის მიერ მოპოვებულ 12-გვერდიან ანგარიშში, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს გაეგზავნა, პენტაგონი აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ჩატარებული სამი ოპერაცია „დიდი ალბათობით“ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებით დასრულდა.

პირველი ასეთი ინციდენტი გასული წლის 6 აპრილს სანაში მოხდა - საცხოვრებელ სახლზე აშშ-ის იერიშს 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 25 კი დაშავდა.

მეორე იერიში იმავე წლის 17 აპრილს იემენის რას-ისას პორტზე განხორციელდა, რასაც 80 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 171- დაშავდა. გასული წლის ივნისში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა ომის დანაშაულის მუხლით უნდა გამოძიებულიყო.

2025 წლის 28 აპრილს იემენში, საადის მახლობლად, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ავიადარტყმების შედეგად 47 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 68 კი დაშავდა.

ანგარიშში პენტაგონი აცხადებს, რომ უწყება ამჟამად „ჰუსიტებზე“ განხორციელებულ ავიადარტყმებთან დაკავშირებულ 15 ინციდენტს სწავლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×