
გია ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლების მიერ სამხედრო ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით ვეტერანები მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებენ.
პროკურატურაში გამოკითხვაზე მყოფი ვეტერანის, ვიქტორ ცაავას შეფასებით, აღნიშნული განცხადება არა მხოლოდ ცილისწამება, არამედ ქართველი ერის გენოციდში დადანაშაულების მცდელობა და ქვეყანაზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა.
"აქ არის ორი ვარიანტი: ან ძალიან სულელია, რაშიც ეჭვი მეპარება, ან მიზანმიმართული, გაკეთებული პროვოკაციაა. ეს ბრალდება არ არის, ეს არის ცილისწამება. ყველა ძალები მოგვისინჯეს ჩვენ ქვეყანაზე ზეწოლის, წარმატებას და შედეგს რომ ვერ მიაღწიეს, ალბათ ესეც სცადეს, რადგან ფაქტობრივად, ეს არის გენოციდში ქართველი ერის დადანაშაულება," - აცხადებს ვიქტორ ცაავა.
ცნობისთვის, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყების კითხვებს ვეტერანები და ომის უშუალო მონაწილეები პასუხობენ. პროკურატურამ გამოძიება გია ბარამიძის განცხადების საფუძველზე დაიწყო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა.