რეზონანსი
11.08.2026

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტად 73 წლის იურისტი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია.

ბაკას უნგრეთის ახალ პრეზიდენტად არჩევას 140-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი იყო.

ყოფილმა მმართველმა კოალიციამ „ფიდესმა” წინასწარ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

1991–2008 წლებში ანდრაშ ბაკა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა. შემდეგ, 2009 წელს, ის უნგრეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. საკონსტიტუციო რეფორმის გატარების შემდეგ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თავად ბაკა მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება ვიქტორ ორბანის მთავრობის სასამართლო რეფორმის კრიტიკას უკავშირდებოდა.

18 ივლისს ბაკას წინამორბედმა, ტამაშ შულიოკმა, ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც უნგრეთის პარლამენტმა, რომელშიც კონსტიტუციური უმრავლესობა პეტერ მადიარის პარტია „ტისას“ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, შულიოკს ხუთი დღე ჰქონდა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებისთვის ხელი მოეწერა ან მასზე ვეტო დაედო.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, შეცვლიდა უნგრეთის კონსტიტუციას და თანამდებობებიდან გაათავისუფლებდა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნულ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც იგი ორბანის „მარიონეტებად“ მოიხსენიებს. მათ შორის იყო პრეზიდენტი შულიოკიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×