
უსაფრთხოების ღვედების გამოყენება შესაძლოა სატრანსპორტო საშუალებების უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდეს.
ამ ვალდებულების შემოღებისა და რეგულირების თაობაზე საუბარია 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების კონტექსტში, უსაფრთხოების ღვედების გამოყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად სიკვდილიანობის და მძიმე ტრავმების თავიდან აცილების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევა.
“კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება.
საზოგადოებაში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მაღალი დონის კულტურისა და გამოყენების მდგრადი მაჩვენებლის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების პროაქტიულად განხორციელება, რაც განაპირობებს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას“, - წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში.