რეზონანსი
10.08.2026

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 7 235 ადამიანს შეუწყდა.

კერძოდ, 2026 წლის ივნისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 584 137-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ივლისში 576 902-ს გაუტოლდა. რაც შეეხება ერთწლიან მაჩვენებელს, ამ პერიოდში შემწეობა 130 915 ადამიანს შეუწყდა. კერძოდ, 2025 წლის ივლისში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 707 817 სოციალურად დაუცველი იღებდა.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი მცირდება

რომ გადავხედოთ მიმდინარე წლის თვეების მიხედვით მონაცემებსაც, იანვრიდან ივნისის ჩათვლით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის კლება ყოველთვიურად ფიქსირდება .

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში:

იანვარი - 710 226 ადამიანი;

თებერვალი - 709 458 ადამიანი;

მარტი - 667 793 ადამიანი;

აპრილი - 645 920 ადამიანი;

მაისი - 605 033 ადამიანი;

ივნისი - 584 137 ადამიანი;

ივლისი - 576 902.

შეგახსენებთო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“

ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამის მიზეზია ის, რომ ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×