ნატალია ჯვარიძე
09.08.2026

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" დაფინანსების გამო საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია „შელბითი" დაასანქცირა. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვის მცდელობის კრახად და რეპუტაციულ ზიანად მიიჩნევს. საქართველოს ეროვნულ ბანკშ კი აცხადებენ, რომ კომპანია „შელბითი" არ წარმოადგენს მათ მიერ რეგულირებულ სუბიექტს. ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, დასახელებულ კომპანიას რეგისტრაცია გაუქმებული აქვს.

სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.

დასანქცირებულ პირთა შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელსაც დამატებით გააჩნია დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეობები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. კაივანპური კომპანიების მრავალეროვან ქსელს მართავს, რომელიც მხარს უჭერენ ციფრული ვალუტის უკანონო აქტივობას.

„კაივანპური, საქართველოს რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანია „შპს შელბითის" მეშვეობით „შელბით ექსჩეინჯს" მართავს. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" კუთვნილმა ციფრული ვალუტის მისამართებმა „შელბით ექსჩეინჯის" ციფრული ვალუტის მისამართზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გააგზავნეს. ასევე, „შელბით ექსჩეინჯის" მისამართებიდან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ციფრული ვალუტის მისამართებზე 2 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გადაირიცხა", - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

სებ-ის ცნობით, „შელბითი" არ წარმოადგენს მათ მიერ რეგულირებულ სუბიექტს. ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, დასახელებულ კომპანიას რეგისტრაცია გაუქმებული აქვს.

ეროვნულ ბანკში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა მკაცრად რეგულირებადი სფეროა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ამ ტიპის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რას ამბობენ ოპოზიციაში

ოპოზიციის შეფასებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საბოლოო წერტილი დაესვა „ქართული ოცნების" მცდელობას, აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვას მიაღწიოს.

„საქართველოში ირანული ბიზნესები და კომპანიები ძალიან ბევრია გახსნილი. უფრო სწორად, ფიქტიური კომპანიებია დარეგისტრირებული ისეთ მისამართებზე - მაგალითად, ერთ სოფელში, ერთ ქუჩაზე, სადაც რამდენიმე ასეთი კომპანია ფიქსირდება.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხეს შეიცავს ის, რომ ირანის მხრიდან საფინანსო ინსტიტუტები, რაიმე სახით, ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას ამყარებენ. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ასეთ ქვეყნებთან და რეჟიმებთან თანამშრომლობა, მათი ფინანსური ინტერესების გატარება და ამ გზით ეკონომიკური სტაბილურობის შექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა", - განაცხდა ოპოზიციონერმა ხატია დეკანოიძემ.

  • ჯო უილსონი: „ქართული ოცნება" ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს?"

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სანქციების შემოღება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ რეაგირებს ადეკვატურად.

„დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენება ხდება სანქციების გვერდის ავლისთვის და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ჩვენ გვაქვს სისტემატური გამოწვევა და ცხადია, რომ სანქციების შემოღება ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ რეაგირებს ადეკვატურად. ბიძინა ივანიშვილმა საქართველო, რომელიც იყო დასავლეთის ყველაზე მყარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, აქცია რუსეთის და ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ. თუ არ აღმოიფხვრა სანქციების თავის არიდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით, დასავლეთს შეუძლია სანქცირება გაუკეთოს ყველა კრიპტოსაწარმოს, რომელიც ოპერირებს საქართველოში და მომავალში, არ არის გამორიცხული, ასევე დღის წესრიგში დადგეს ფინანსური სექტორის სანქცირება", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

ქვეყნის რეპუტაციული ზიანზე საუბრობს პოლიტიკოსი, თეონა აქუბარდია. როგორც ის ამბობს, „იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური რეაგირება ასეთ საქმეებზე, ეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცეს".

„ეს არის მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი საქართველოსთვის, რომელიც მიიჩნეოდა დასავლური სამყაროს ნაწილად და სტრატეგიულ პარტნიორად წარსულში. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ადეკვატური რეაგირება ასეთ საქმეებზე, ეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცეს, ისევე როგორც უსაფრთხოების სექტორის და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად აქვს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას", - განაცხადა აქუბარდიამ.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „იმის თქმა, თითქოს ამ ერთი კომპანიის დასანქცირებით მთელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩამოიშალა, გადაჭარბებული შეფასება მგონია."

სანქციების დაწესებას გამოეხმაურა კონგრესმენი ჯო უილსონიც, რომელიც „ოცნების" ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციითაა ცნობილი.

„როგორც ვეჭვობდით, ირანელი ტერორისტები ქართულ კომპანიებს სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ფულის გასათეთრებლად და ამერიკული ინტერესებისთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ. „ქართული ოცნება" ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას, თუმცა მაინც ამერიკას უყენებს მოთხოვნებს?" - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.

როგორ იმოქმედებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს. ურთიერთობების გადატვირთვის პროცესის გაჭიანურებაზე ამბობს, რომ ეს ერთ დღეში არ ხდება და დრო სჭირდება.

„მე არ მგონია, რომ ერთი კრიპტოკომპანიის დასანქცირებამ პოლიტიკურ ურთიერთობებზე იმოქმედოს. თუ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს და გასცემს ამერიკელებისთვის მისაღებ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც მათ წარმოეშვათ ამ კომპანიასთან დაკავშირებით (რაც, სავარაუდოდ, გახდა კიდეც სანქცირების მიზეზი), ვფიქრობ, ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ამოიწურება.

„გასაგებია, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიის დასანქცირება კარგი არ არის, მაგრამ გასარკვევია, ვის ეკუთვნის ეს კომპანია - ქართულია თუ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური კომპანიაა, რა როლს თამაშობდა ის სანქციებისთვის გვერდის ავლაში და ა.შ. ეს ინფორმაცია, ალბათ, ფინანსისტებისა და ეკონომისტების გასარჩევია, მაგრამ გლობალურად იმის თქმა, თითქოს ამ ერთი კომპანიის დასანქცირებით მთელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩამოიშალა, გადაჭარბებული შეფასება მგონია.

„ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელები ყოველდღე საქართველოს საკითხით იყვნენ დაკავებული, მაგრამ ასე არ ხდება. ურთიერთობების გადატვირთვას თავისი ქიმია აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არის დროში გაწელილი პროცესი - ბევრი დეტალია გასარკვევი და შესათანხმებელი, საჭიროა ხალხთან დალაპარაკება და შეხვედრები. ეს დიპლომატიური პროცესია, რომელიც, შესაძლოა, გარედან ასე არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ რთულია და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს.

„ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი უცბად მოხდეს (ზოგ-ზოგიერთებს მაინც), მაგრამ ურთიერთობების გადატვირთვა ასე არ ხდება - ერთ ღამეში, ერთ კვირაში ან თუნდაც ერთ თვეში. აშშ-ში საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა ურთიერთობების ოდნავ გამოსწორებასა და კონტაქტების გარკვეულ დონეზე აღდგენას მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია შეიცვალა. სავარაუდოდ, ეს პროცესი მიმდინარეობს და შედეგებსაც ვნახავთ. არსებობს ყველაფრის გონივრული ვადები და ამ გონივრულ ვადებში მოხდება თუ არ მოხდება გადატვირთვა, ამასაც ვნახავთ და შევაფასებთ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×