
რუსეთი აგრძელებს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადებას, რომელიც მხოლოდ ერთი ქალაქით ან თემით არ შემოიფარგლება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე, პავლოგრადსა და ქვეყნის სხვა რეგიონებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს.
მისი ინფორმაციით, ოდესასა და რეგიონში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ენერგეტიკულ სექტორზე სასტიკი დარტყმის შემდეგ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და პორტი.
„სწორედ ასე ებრძვის რუსეთი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას. ამ დროისთვის ცნობილია, რომ რვა ადამიანი დაშავდა", - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ხარკოვში დრონის დარტყმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ოთხი სართული განადგურდა. ათობით ადამიანი დაშავდა და ორი დაიღუპა.
ამასთან, პავლოგრადზე თავდასხმის შედეგად ქალაქში ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. დარტყმები განხორციელდა ჟიტომირის, ნიკოლაევის, კიევის, ხერსონის, სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში.
„რუსეთი აგრძელებს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადებას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქალაქით ან თემით. მხოლოდ ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 61 რაკეტა, მათ შორის 56 ბალისტიკური, 1 560-ზე მეტი დრონი და 1 540 საჰაერო ბომბი გამოიყენეს. ადამიანის სიცოცხლეზე ყოველი ასეთი თავდასხმა მუდმივ შეხსენებას წარმოადგენს - ჩვენ გვჭირდება მეტი ზეწოლა, მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის", - აცხადებს ზელენსკი.