
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე „ფასეულობების დაცვის" მიზნით ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას გეგმავს. მმართველი გუნდის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პარლამენტს წარედგინება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ჩაიწერება კანონში, თუმცა ხელისუფლება საუბრობს ეკლესიის, რელიგიური კონფესიების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის საკითხებზე და სავარაუდოდ, ანალიტიკოსთა აზრითაც, ეს მთავარი მიმართულებები იქნება.
საზოგადოებაში ახლა მთავარი კითხვებია - რა კონკრეტული შეზღუდვები ან რეგულაციები შეიძლება დაწესდეს და ვის წინააღმდეგ გავრცელდება ისინი.
„ქართული ოცნების" დეპუტატის არჩილ გორდულაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ივანიშვილის პარლამენტს საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება.
„ათწლეულებია გარედან მიზანმიმართულად აფინანსებენ, წარმართავენ და აქებენ იმ პირებს, რომლებიც ამ დაპირისპირებას აღვივებენ, განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე, ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც ჩამოვარდეს შუღლი.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრემიერმინისტრთან და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. მომზადდება შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გასაჯაროვდება შესაბამისი კონსულტაციების დასრულების შემდეგ; და საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება პარლამენტს და მიღებულიც იქნება", - უთხრა გორდულაძემ „ტვ იმედს" მას შემდეგ, რაც „ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ ე.წ. საინიციატივო ჯგუფს პარლამენტში შეხვდა.
- არჩილ გორდულაძე: „განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიაზე, ცდილობენ, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შორისაც ჩამოვარდეს შუღლი."
აქვე აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც „ქართული ოცნებისგან" მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება „ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას". ჯგუფის წევრები მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია არიან.
მანამდე, 27 ივლისს, კიდევ ერთი მსგავსი ჯგუფის შექმნა დაანონსდა. „ემ-ემ-ეის" მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მათი საინიციატივო ჯგუფი „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად", სახალხო მოძრაობას აფუძნებს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ მზად არიან პასუხი აგონ თითოეულ ქმედებაზე და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდნენ.
რა ჩაითვლება ფასეულობებად და რა - მასზე თავდასხმად
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, წინასწარ ძნელი სათქმელია რას ჩათვლის „ქართული ოცნება" ეროვნულ ფასეულობებად.
„ქართული ოცნების" ფასეულობები ზოგადად რა არის, ყველასთვის გასაგებია, მაგრამ რას აწესებს ფასეულობად, მაგის მიხვედრა ნამდვილად გამიჭირდება. უფრო სხვა რამ მგონია - რომ აქ ფასეულობები არაფერ შუაშია. უფრო დეტალური მსჯელობა კანონის მიღების შემდეგ შეიძლება, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც დღეს „ოცნება" ატარებს, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ ეს იყოს არა ფასეულობათა დაცვის, არამედ სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი კიდევ ერთი კანონი.
„არ ვიცი ახლა რას მოიფიქრებენ და რას ჩაწერენ კანონში, მათ ხომ ზუსტად იციან ვის წინააღმდეგ უნდა იქნას მიმართული. ძალიან დიდი ამბავი იყო ატეხილი მეფე ერეკლზე, ალბათ ეს მიმართულებაც იქნება. სხვებზეც იქნება იგივე საუბარი - დავუშვათ, რაც ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით ატყდა კამპანია, თითქოს ვიღაცამ დუმბაძის წინააღმდეგ მართლა რაღაც თქვა და ა.შ. ანუ, კრიტიკის უფლებაც არ გექნება დუმბაძის, სხვა რომელიმე მწერლის, თუ რეჟისორის.
„როცა ლაპარაკია ტრადიციებზე და მათ დაცვაზე, ეს ნელ-ნელა გავრცელდება თანამედროვე, ასე ვთქვათ, ცოცხალ პიროვნებებზეც. მათთვის ხომ ესაა მნიშვნელოვანი და არა ის, თუ ვინ რას იტყვის ერეკლეზე, ოღონდ ერეკლედან თუ გადასვლა იქნება „ქართულ ოცნებაზე", ან ბიძინა ივანიშვილზე, ეს უკვე სხვა თემაა. ეს აწუხებთ. ამიტომ უნდათ ერეკლე მეორეზე აუგად მთქმელი დასაჯონ, რომ შემდეგ ივანიშვილზეც იგივე გავრცელდეს, თუ ვინმე რამეს იტყვის", - განაცხადა ძაბირაძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „როცა ლაპარაკია ტრადიციებზე და მათ დაცვაზე, ეს ნელ-ნელა გავრცელდება თანამედროვე, ასე ვთქვათ, ცოცხალ პიროვნებებზეც. მათთვის ხომ ესაა მნიშვნელოვანი და არა ის, თუ ვინ რას იტყვის ერეკლეზე..."
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, დიდი ალბათობით, ფასეულობებზე თავდასხმად ჩაითვლება საქართველოს კულტურის, ლიტერატურისა და სარწმუნოების ყველა საკვანძო ფიგურისა და ნაწარმოების საჯარო შეურაცხყოფა.
„ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი ნოდარ დუმბაძის სახელის შეურაცხყოფის მერე გააქტიურდა, ალბათ საქართველოს კულტურისა და ლიტერატურის ყველა საკვანძო ფიგურა და ნაწარმოები ჩაითვლება ისეთ რამედ, რაც დასაცავია. ვიცით, რომ არამატერიალური ძეგლების დაცვის საერთაშორისო ნორმები არსებობს და ალბათ მატერიალური ძეგლებიც მიემატება ამას. გავახსენოთ, ზოგიერთი სტუმრად ჩამოსული ადამიანის საქციელები.
„ალბათ, ერთობლივად, მატერიალური და არამატერიალური ძეგლების, პიროვნებების და ისტორიული წარსულის დაცვა იქნება და ეკლესია იქნება უპირველესი", - განაცხადა საყვარელიძემ.
ვის წინააღმდეგ გამოიყენებს „ოცნება" კანონს
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს კანონი გამოყენებული იყოს ძირითადად ხელისუფლებისთვის არასასურველი პირებისა და ოპონენტების წინააღმდეგ, ვახტანგ ძაბირაძემ გვითხრა, რომ სხვა სცენარს ნამდვილად ვერ ხედავს.
„რა თქმა უნდა, აქ სხვა შანსი ნამდვილად არ არის. „ქართულ ოცნებას" ღირებულებების დაცვა რომ უნდოდეს, გელათი თავზე დაგვენგრა და ხმა არავისგან არ გამიგია და ისტორიული ღირებულებები და ტრადიციები მეტი რა არის, არ ვიცი. ეს იქნება გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული კანონი, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ, ვინც, დავუშვათ, ხელისუფლების ოპონენტია და არა სხვა რამესთვის", - განაცხადა ძაბირაძემ.
- რამაზ საყვარელიძე: „(ოპოზიციის კრიტიკა) ალბათ უფრო ბუნებრივი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ოპოზიციას რომ ჰქონდეს ის რეიტინგი, რომ თუ „ოცნება" მას აკრძალული ხერხებით არ შეებრძოლა, ისე დამარცხდება."
რამაზ საყვარელიძის აზრით, „ოცნების" მიმართ მსგავსი ბრალდებები ლოგიკური არაა, რადგანაც დღეის მოცემულობით მმართველ პარტიას თავის ოპონენტების დასამარცხებლად „აკრძალული ხერხების" გამოყენება არ სჭრდება.
„ამგვარი ინიციატივების დროს ოპოზიცია აყენებს ხოლმე ამ საკითხს, რომ ხელისუფლება იყენებს ამ კანონებს არასასურველი პირების წინააღმდეგო. მაგრამ მათი მხრიდან საკითხის ასე დაყენება ალბათ უფრო ბუნებრივი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ოპოზიციას რომ ჰქონდეს ის რეიტინგი, რომ თუ „ოცნება" მას აკრძალული ხერხებით არ შეებრძოლა, ისე დამარცხდება. არც ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, არც ერთ არჩევნებში ოპოზიციას მცირედი გამარჯვებებიც კი არა აქვს. რაში სჭირდება ხელისუფლებას ოპოზიციასთან ძალისმიერი ბრძოლა?
„რაც შეეხება ღირებულებებისთვის ბრძოლას, ეს სჭირდება იმიტომ, რომ ჯერ კიდევ წარსული გამოცდილებიდან ცნობილია - როცა ერთი ქვეყანა მეორის დაპყრობას ცდილობდა, მისი ერთ-ერთი სამიზნე იყო კულტურული ღირებულებები. ითვლებოდა, რომ თუკი მოურყევ ხალხს კულტურულ საფუძვლებს, ისტორიულ საფუძვლებს და რწმენას, ასეთი ხალხის დამორჩილება ადვილია. აი, ასეთი დამორჩილების, ამ ხერხის წინააღმდეგაა მიმართული ანალოგიური კანონი ჩვენთანაც და სხვაგანაც", - განაცხადა საყვარელიძემ.