
თურქეთის დიდი ეროვნული კრების ისტორიაში პირველად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა „აფხაზეთის დეიზოლაციის" საკითხი ერთობლივად წამოჭრეს. მოთხოვნა, რომელიც თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის მიერ დაწყებული კამპანიის გაგრძელებაა, ანკარისგან აფხაზეთთან პირდაპირი საზღვაო და საჰაერო კავშირების აღდგენასა და აფხაზური პასპორტების აღიარებას ითვალისწინებს. თუმცა სხვა საკითხია რამდენად შეუძლია ოპოზიციური დეპუტატების ამ ინიციატივას თურქეთის ოფიციალური პოლიტიკის შეცვლა.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის ინიციატივაა და ისიც მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის და ეროვნული კრების მხარდაჭერის პერსპექტივა არ აქვს, თუმცა, ეს იდეა თბილისისთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს და ანკარას უნდა მიმართოს კიდეც საპარლამენტო დონეზე მაინც.
აქვე აღსანიშნავია, რომ თუ აქამდე თურქეთთან პირდაპირი კავშირების აღდგენის მოთხოვნა ძირითადად აფხაზური დიასპორისა და ცალკეული პოლიტიკოსების დონეზე ისმოდა, ამჯერად ინიციატივას რვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები შეუერთდნენ და ხელისუფლებას ერთობლივი მოთხოვნით მიმართეს.
რა მოხდა თურქეთის პარლამენტში
5 აგვისტოს, თურქეთის დიდი ეროვნული კრების ისტორიაში პირველად, რვა ოპიზიციური პარტიის წევრებმა ოკუპირებული აფხაზეთის დეიზოლაციის საკითხი წამოაყენეს. როგორც აფხაზური მედია წერს, პრესკონფერენცია წარმოადგენდა თურქეთში აფხაზური დისპორის წარმომადგენლების კამპანიის - „დაასრულეთ აფხაზეთის იზოლაცია" გაგრძელებას, რომელიც ითხოვს, რომ ანკარამ აფხაზური პასპორტები აღიაროს, რომლითაც პირს უფლებამოსილება მიენიჭება თურქეთის საზღვარი გადაკვეთოს, ასევე, „თურქეთსა და აფხაზეთს შორის" დაუყოვნებლივ გაიხსნას პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა.
პრესკონფერენციაზე ერთობლივი განცხადების ტექსტი თურქეთის მუშათა პარტიის დეპუტატმა და ჟურნალისტმა აჰმედ შიკმა წაიკითხა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აფხაზეთსა და თურქეთს აქვთ ისტორიული, ოჯახური და სოციალური კავშირები, იმის გათვალისწინებით, რომ მე-19 საუკუნეში კავკასიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, აფხაზების მნიშვნელოვანი რაოდენობა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. დღეს, სხვადასხვა შეფასებით, ქვეყანაში არსებული აფხაზური დიასპორა მნიშვნელოვნად აღემატება თავად აფხაზეთის მოსახლეობას".
აფხაზური მედიის ცნობით, „პრესკონფერენციაზე გამოთქმული იდეები სრულად ემთხვევა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებისა და კამპანიის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს", რომ „არსებული შეზღუდვები აფხაზების გადაადგილების, განათლების, სამედიცინო მომსახურებისა და ოჯახური ურთიერთობების უფლებებს ზღუდავს".
განცხადებაში ასევე მოყვანილია ჩრდილოეთ კვიპროსისა და ტაივანის მაგალითები, რომლებიც ამ ინიციატივის სხვა მონაწილეებმაც არაერთხელ ახსენეს.
თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა 600 წევრისგან შედგება. ყველაზე დიდ ოპოზიციურ 91-დეპუტატიან „ახალ პარტიას" პრესკონფერენციაზე წარმოადგენდა ფრაქციის წევრო ოკან კუნურალპი; 56 წევრისგან შემდგარ „დემოკრატიულ პარტიას" - ოზგულ საკი; 20 წევრიანი „ახალი გზიდან", რომელიც სამ პარტიას აერთიანებს, პრესკონფერენციას ეწრებოდნენ ფრაქციის თავმჯდომარის მიადგილე სელჩუკ ოზდაგი და წევრები - მეჰმეთ ემინ ეკმენი და იდრის შაჰინი.
ასევე, განცხადებას უერთდებიან „ახალი კეთილდღეობის პარტიის" 4 წევრი, „მუშათა პარტიის" სამი და „ლეიბორისტული პარტიის" ორი დეპუტატი.
უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ პარტიებს თურქეთის 600 დეპუტატიან პარლამენტში არც ისე დიდი გავლენა აქვთ, ეს მაქსიმუმ წარმოადგენს 176 დეპუტატს, რაც პარლამენტის წევრების მესამედზე ნაკლებია.
მოსალოდნელი სცენარები
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა თურქეთის ოპოზიციის მხოლოდ ნაწილის პოზიციაა და მას რეალური პერსპექტივა არ აქვს, თუმცა, თავის მხრივ ეს შემაშფოთებელია, რაც საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას საჭიროებს საპარლამენტო დონეზე.
„ეს არაა თურქეთის პარლამენტის პოზიცია, ეს თურქეთის საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის პოზიციაა და რა ფორმითაც მიმართეს, ეს პარლამენტში არ გავა. თუმცა, არ მინდა გავაუბრალოვო, ეს სერიოზული ამბავია. ამ ტიპის განცხადება ამდენ ხანს არ ყოფილა და ახლა არის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აღარ არსებობს. საქართველო არც კი ახსენეს, თურქეთის მთავრობას ისე მიმართავენ - რაღაც აღიარეთ, რაღაც მიიღეთო.
- პაატა ზაქარეიშვილი: „გვყავს საპარლამენტო ჯგუფი თურქეთის მიმათულებით, მათ უნდა მიმართონ და უთხრან - „თქვენ საერთოდ, ბოდიში და ტყემალზე ხომ არ ზიხართ?"
„ეს არ მოხდებოდა ოპოზიციის დონეზეც კი, საქართველოს რომ პრინციპული პოლიტიკა ჰქონოდა, მათ შორის ჰქონოდა თურქეთთან პოლიტიკური ურთიერთობები, გარდა ეკონომიკურისა. მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველო არ ჩანს არანაირ რეალობაში და მათ ჩათვალეს, რომ აფხაზები უპატრონოდ არიან დარჩენილი, საქართველო ბოლომდე რუსეთს მიეკედლა, ან საერთოდ გაქრა. ამ ფონზე ცდილობენ თავისი გაიტანონ და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ.
„დოკუმენტი ძალიან უსუსურია. მთელი კონცეფცია ადამიანის უფლებების დაცვაზეა აგებული. საუბრობენ, რომ აფხაზები იზოლირებული არიან, საშუალება არ აქვთ იმოგზაურონ და ამ დროს, ტექსტში არანაირად არ ამბობენ, რომ უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვს და შეუძლიათ იმოგზაურონ თურქეთში - რუსეთს თურქეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს. თან ინიციატორებს პრეტენზია აქვთ, რომ ჩახედულები არიან საქმეში.
„არაგულწრფელები არიან, ფარისევლობენ და უკვე სხვა რაღაცაა ჩაფიქრებული. არ ჩანს ადამიანის უფლებები - ხმას არ იღებენ გალის რაიონზე, რომლის მოსახლეობასაც წართმეული აქვთ ყველანაირი მოქალაქეობრივი უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე. გალის რაიონში არანაკლები მოსახლეობა ცხოვრობს. ვიღაცამ საიდანღაც რაღაც წინადადება ჩამოაწოდა, ალბათ უფრო მეტად ჩერქეზულმა დიასპორამ, დიდი დიასპორაა. სხვები უფრო მეტნი არიან, ვიდრე აფხაზები და მათ მოინდომეს ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერა ისე, რომ წარმოდგენა არ აქვთ სინამდვილეში რა ხდება.
„ვთვლი, რომ ეს პრობლემაა და საქართველოს საქმეა. საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიმართოს, რომ თქვენ ესა და ეს არ გაითვალისწინეთ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი პარლამენტის დონეზე შევხვდეთ და ამ საკითხებზე ველაპარაკოთ.
„რაკი ეს პარლამენტის დონეზეა, მიმართოს თუნდაც პარლამენტმა. გვყავს საპარლამენტო ჯგუფი თურქეთის მიმათულებით, მათ უნდა მიმართონ და უთხრან - „თქვენ საერთოდ, ბოდიში და ტყემალზე ხომ არ ზიხართ? აზრზე არა ხართ რას ლაპარაკობთ, კეთილი ინებეთ, დავსხდეთ და ველაპარაკოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე აზრით, ამ ინიციატივას თურქეთის პარლამენტის მხარდაჭერის პერსპექტივა ისედაც არ აქვს.