
თემქაზე მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატმა ქეთევან ვარდანაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანის დაკავება არის აბსურდული, რადგან ბერუაშვილს გიგა ავალიანის მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„ბრალი არის აბურდული. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ანასტასია ბერუაშვილის დაკავება, რადგან ბავშვი არაფრის თვითმხილველი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა. ამ დანაშაულთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. დაკავების შესახებ ოქმები და ასე შემდეგ, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია და სასამართლო დავებს გავაგრძელებთ”, - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ანასტასია ბერუაშვილის მიმართ.
„ეკა კუპატაძის მდგომარეობის მესმის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა საჯაროდ, მითუმეტეს ანასტასია ბერუაშვილის მიმართ, სავარაუდოდ ამაზე რეაგირება იქნება. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. ძალიან ცუდია, მაგრამ ქალბატონი იმასაც უნდა აცნობიერებდეს ვის მიმართ, რას ითხოვს. სამწუხაროა, რომ სრულიად უდანაშაულო ბავშვის ცხოვრება დაანგრიეს წუხანდელი დაკავებით. მინდა გითხრათ, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესაძლებელია საბოლოოდ ცუდ შედეგებამდე მივიდეს. სამწუხაროდ, ბავშვს მომავალს უსპობს ეს მიდგომები და დაკავება“, - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა.
ამასთან, როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თავად განჩინებაც არ არის დასაბუთებული.
„ის არის რაღაც ფორმალური სახის, რომელიც არ უნდა გამხდარიყო ბავშვის დაკავების საფუძველი. საუბარია არასრულწლოვან ბავშვზე, არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფლების აღკვეთაზე, ბავშვზე, რომელსაც მომავალს ართმევს სახელმწიფო იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი იყო და ქალბატონი ეკატერინე კუპატაძე ითხოვდა ბავშვების დაკავებას. ბავშვი არის აბსოლუტურად უდანაშაულო“, - განაცხადა ბრალდებულის უფლებადამცველმა.
ქეთევან ვარდანაშვილის განცხადებითვე, ანასტასია ბერუაშვილსა და ნია იმნაძეს მხოლოდ ერთხელ ჰყავთ ერთმანეთი ნანახი.
„ანასტასია ბერუაშვილსა და ნია იმნაძეს ერთმანეთი ერთადერთხელ ჰყავთ ნანახი რამდენიმე წუთით. მათ არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონიათ, არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ“, - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთ ფიგურანტს, ანასტასია ბერუაშვილს აკავებენ. ის აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდადებულ გიორგი რიკაძის შეყვარებულია. საგამოძიებო უწყებამ ის სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.