თამთა ჩაჩანიძე
06.08.2026

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებამ, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ, მწვავე დისკუსია და უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით ომის ვეტერნების მხრიდან. ბარამიძე ამტკიცებს, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესში თავად აქტიურად იყო ჩართული, წითელი ჯვრის მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებდა და არაერთი ქართველი ტყვის გათავისუფლებაში მონაწილეობდა.

ბარამიძემ ეს განცხადება ივლისის შუა რიცხვებში გააკეთა „გირჩის" ლიდერის იაგო ხვიჩიას პოდკასტში „საქართველოს დაბადება".

„ჩვენთან არმია საერთოდ იყო მოშლილი, დისციპლინა არ იყო. ეს ვალდებულება მე თვითონ ავიკიდე. არც ფული გვაქვს, არც მანქანა, არც ვერტმფრენი, არც დაფინანსება... გაგრის დაცემისას, ჩვენი პირველი ტყვეები რომ ჩავარდნენ, მეფარიშვილის ბატალიონის ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, უბრალოდ ტყვია-წამალი დამთავრდა და 45 კაცი ტყვედ ჩავარდა ტყვედ. ვიფიქრე, წავალ სოხუმში და იქ იქნება ვიღაცას დავუკავშირდე წითელი ჯვრის მეშვეობით და იქნებ დავიწყოთ ამ ხალხის გამოხსნაზე-მეთქი. ცალკე ისტორიაა ისინი როგორ გამოვიყვანეთ, პირველად როგორ შევედი წითელი ჯვრის დახმარებით... ყველანი გამოვიყვანეთ, მაგრამ ისინი ტყვეებს აღარ გვაძლევდნენ. ჩვენებს ტყვეები არა ჰყავდათ. რატომ? ხვრეტდნენ ჩვენები...

„მეორე მხარე მეუბნებოდა, რომ „კაი, მე 10-ს მოგცემ, მაგრამ შენ ერთი ხო უნდა მომცე?" აი, ასეთი თანაფარდობა იყო დაახლოებით... ტყვე რომ მოგვეპოვებინა და გამეცვალა, უნდა წავსულიყავი წინა ხაზზე, რომ იქ ტყვედ ვინმეს რომ აიყვენდნენ, გადავფარებოდი, რომ არ მოეკლათ და წამომეყვანა. ერთ-ორჯერ კინაღამ მეც მიმახვრიტეს. ოღონდ ისე უნდა გამეკეთებინა, რომ არავის გაეგო, მე რომ ფრონტზე დავდიოდი. რომ გაეგოთ, რომ მე ავტომატი მეჭირა ხელში, აღარ მიმიღებდნენ, როგორც მომლაპარაკებელს. ამიტომ ვიყავი ოჩამჩირის ფრონტზე. ანუ ოჩამჩირის ფრონტი ეჭირა მხედრიონს. ძალიან ბევრი ვაჟკაცები იყვნენ და მეგობრებიც მყავს დღეს მხედრიონელები", - განაცხადა ბარამიძემ.

მის ამ განცხადებას მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანებში, ისე მმართველი პარტიის მხრიდან. „ქართული ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ „გიორგი ბარამიძის განცხადება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ფაქტობრივად ტერაქტის ტოლფასია".

რა როლი ჰქონდა თავად ბარამიძეს ტყვეთა გაცვლის პროცესში, რამდენად შეესაბამება რეალობას მის მიერ მოყვანილი ფაქტები და როგორ ხდებოდა რეალურად მოლაპარაკებები ომის დროს - ამ საკითხებზე „რეზონანსი" კონფლიქტოლოგ და ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს (1992-93 წლებში) აქტიურად მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის სამთავრობო კომისიის მუშაობაში, პირადად იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში, მათ შორის გუდაუთაში, სადაც აწარმოებდა ჰუმანიტარულ მოლაპარაკებებს, ნახულობდა ტყვეებს, მონაწილეობდა მოსახლეობის ევაკუაციასა და დაღუპულთა გადმოსვენებაში.

„რეზონანსი": რეალურად როგორ ხდებოდა ტყვეთა გაცვლა და რამდენად შეესაბამება ბარამიძის მიერ დასახელებული ფაქტები სინამდვილეს?

პაატა ზაქარეიშვილი: ბარამიძემ ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა. ძალიან გული მწყდება, რომ საერთოდ ახლოს არაა რეალობასთან. მას უწევდა სოხუმში ჩამოსვლა, თუმცა ის მუდმივად სოხუმში არ იყო. მე და გია ერთი პერიოდი ვმეგობრობდით კიდეც და სანდრო კავსაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ერთადაც ვმუშაობდით. ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული ეს კომისია ომის დროს შეიქმნა - ეს იყო ტყვეთა გაცვლა, დაღუპულთა გადმოსვენება, დევნილების გამოყვანა და ა.შ.

მეც დავდიოდი და ბარამიძეც, მაგრამ ამასობაში არჩევნები ჩატარდა, ბარამიძე პარლამენტის წევრი გახდა და კომისიის მუშაობიდან ამოვარდა. მე კომისიაში მუშაობას ვაგრძელებდი, ბარამიძე პარლამენტში იყო და ზოგჯერ გვეხმარებოდა. იშვიათად ჩამოდიოდა, როცა ტყვეთა გაცვლა იყო. შეიძლება იყო ფრაგმენტები, მაგრამ ეს არ იყო რეგულარული. მაჩვენოს ერთი პროტოკოლი, სადაც ტყვეთა გაცვლისას ბარამიძის გვარია. ვერ მოიტანს. ყველგან ჩემი გვარია. ამ ყველაფერს მე ვმართავდი.

ბარამიძე იბრძოდა, იარაღი ეჭირა, ფორმა ეცვა, მაგრამ ტყვეთა გაცვლის კონტექსტში უშუალოდ ჩემთან ჰქონდა ურთიერთობები. საიდან მოიტანა, რომ ტყვეებს ვხვრეტდით? ეს აბსურდი და ბოდვაა. თითო-ოროლა შემთხვევა ორივე მხრიდან მართლა იყო, მაგრამ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იყო, ყარყარაშვილი გიჟს ჰგავდა ხოლმე, პროკურატურა საქმეებს აღძრავდა და ამ თემას ძალიან მკაცრად ვუყურებდით.

  • „როცა ამა თუ იმ ბატალიონს აჰყავდა ტყვეები, მალავდნენ და ცენტრალურ ხელისუფლებას არ გვაძლევდნენ, რომ გაგვეცვალა. „ჩვენს ტყვეებს თქვენ სხვებში გაცვლით და როცა ჩვენს ბიჭებს აიყვანენ, აღარ გვეყოლება ტყვეო". ანუ ჭიდაობა იყო არა „დახვრეტა-არდახვრეტაზე", არამედ „მოგვეცი-არ მოგვცემთ"-ზე."

არანაირი მასობრივი ფორმა არ ყოფილა იმისა, რომ ქართველები ხვრეტდნენ და აფხაზები ინარჩუნებდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე ფაქტი აფხაზებთანაც იყო და ჩვენთანაც, რასაც ორივე მხარე მკაცრად მარტო ვგმობდით, ამაზე ჩვენ და აფხაზებს მთელი სისტემა გვქონდა შემუშავებული.

„მხედრიონი" პირიქით, ძალიან მკაცრი იყო. როგორც ყარყარაშვილზე ვთქვი, ძალიან მკაცრი იყო ჯაბა იოსელიანიც, ის ოჩამჩირის ფრონტის მიმართულებას მართავდა. სხვა საკითხია, რომ ისინი ყოველთვის არ გვძლევდნენ ტყვეებს. ეს პრობლემა იყო ქართულ ჯარში - როცა ამა თუ იმ ბატალიონს აჰყავდა ტყვეები, მალავდნენ და ცენტრალურ ხელისუფლებას არ გვაძლევდნენ, რომ გაგვეცვალა. „ჩვენს ტყვეებს თქვენ სხვებში გაცვლით და როცა ჩვენს ბიჭებს აიყვანენ, აღარ გვეყოლება ტყვეო". ანუ ჭიდაობა იყო არა „დახვრეტა-არდახვრეტაზე", არამედ „მოგვეცი-არ მოგვცემთ"-ზე.

ბარამიძისგან განსხვავებით, მე სულ სოხუმში ვიყავი. სოხუმელი არა ვარ, ბინა არ მქონდა და სულ შტაბში მეძინა სამხედროებთან. ნელ-ნელა ამ კომისიამ დაკარგა თავისი ფუნქცია და ადგილობრივი კომისია გახდა, სადაც იყო, მაგალითად, ცნობილი ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე, ასევე ცნობილი ჟურნალისტი და სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, ასევე თავგადადებული სამხედრო მალხაზ თოფურია. ამ ხალხთან ერთად ვიყავი. მანქანა მე არ მყავდა, ბენზინი არ მქონდა, სულ სამხედროები მაძლევდნენ ყველაფერს.

  • „შევარდნაძე სოხუმში რომ ჩამოდიოდა, პირდაპირ შევდიოდი და რაღაც-რაღაცეებს ვუყვებოდი. უკაცრავად, მაგრამ გია არსად არ ჩანდა. როცა გაცვლა ჩატარდებოდა, გია უცებ გამოჩნდებოდა და კამერაში თავს შეყოფდა."

მე ვიყავი გარკვეული კოორდინატორი, იმიტომ, რომ თბილისთან მქონდა პირდაპირი კავშირი. შევარდნაძე სოხუმში რომ ჩამოდიოდა, პირდაპირ შევდიოდი და რაღაც-რაღაცეებს ვუყვებოდი. უკაცრავად, მაგრამ გია არსად არ ჩანდა. როცა გაცვლა ჩატარდებოდა, გია უცებ გამოჩნდებოდა და კამერაში თავს შეყოფდა.

„რ.": მაშინ, თქვენი აზრით, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ბარამიძის ასეთი ტიპის განცხადებას?

პ.ზ.: არ ვიცი რაში დასჭირდა. ალბათ უნდა, რომ რაღაც ფორმით გამოჩნდეს. ამავე დროს არ მინდა დავუკარგო რაღაც ღირსებები. გუდაუთაში ჟიული შარტავასთან ერთად ვიყავით და ჩვენი ყოფნის დროს აფხაზებს რამოდენიმე ტყვე უნდა გადმოეცათ. მე გვერდზე გამიყვანეს და მითხრეს, რომ ეს ჯერჯერობით არ გამოდისო და ხვალ-ზეგ გამოგიგზავნითო. გიამ ეს რომ გაიგო - არაო, ვიდრე ტყვეებს არ მოგვცემთ, გუდაუთადან ფეხს არ მოვიცვლიო. ყველას გაგვიკვირდა, ერთმანეთს გადავხედეთ, მაგრამ აფხაზებმა თქვეს - კარგი, ჯანდაბას, დარჩესო. მერე მართლაც ამ ტყვეებთან ერთად ჩამოვიდა.

  • „თავგანწირვა მას (გია ბარამიძეს) აშკარად არ აკლდა ამ მიმართულებით. ის კი არა, თავის პატარა სამხედრო ჯგუფი შეიქმნა, სოხუმის ბოლო დღესაც კი იქ იყო და ნამდვილად ამის დაკარგვა არ შეიძლება, მაგრამ ამავე დროს ისეთ რაღაცას ამბობს, რაც აბსურდია."

ანუ, თავგანწირვა მას აშკარად არ აკლდა ამ მიმართულებით. ის კი არა, თავის პატარა სამხედრო ჯგუფი შეიქმნა, სოხუმის ბოლო დღესაც კი იქ იყო და ნამდვილად ამის დაკარგვა არ შეიძლება, მაგრამ ამავე დროს, ისეთ რაღაცას ამბობს, რაც აბსურდია.

ამდენ ხანს ხმა არ ამოუღია და ახლა საიდან მოიტანა? არ ყოფილა ესეთი ტენდენცია, რომ ჩვენ ყოველთვის ვხვრეტდით და ისინი არა. სხვა საკითხია, რომ მათ მეტი ტყვეები ჰყავდათ, იმიტომ, რომ ისინი იკავებდნენ პოზიციებს და ტყვეები აჰყავდათ - როგორც სამხედრო პირები, ისე მოქალაქეები და ჩვენ კი სულ უკან ვიხევდით, საბოლოო ჯამში სოხუმიდან გამოვედით კიდეც.

ისინი იკავებდნენ სოფლებს, სადაც მოხუცები რჩებოდნენ, ვისაც ეგონა, რომ „მე ხელს არ მახლებენ, მოხუცი ვარო", მაგრამ მაინც აჰყავდათ და თუ მორალზე მიდგა საქმე, აი, ეს ხდებოდა. ჩვენებს არ აჰყავდათ მოხუცები, აფხაზებს აჰყავდათ და მერე უმწეო ადამიანების გამოყვანაზე იყო ჭიდაობა.

ომის შემდეგ, მთელი 90 მშვიდობიანი ადამიანი სოჭიდან გამოვიყვანე ასლან აბაშიძის დახმარებით, რომლებიც ტყუილად ჰყავდათ აფხაზებს აყვანილი. უამრავი ესეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო, გია არ იქცეოდა ცუდად, მაგრამ ახლა რაც თქვა, გამაონაგონებელია. ის მაშინ არა წამყვანი, არამედ მეორადი ფიგურა - იყო, დეპუტატი იყო პარლამენტში, რომელიც ზოგჯერ გვეხმარებოდა კიდეც.

  • „ისინი იკავებდნენ სოფლებს, სადაც მოხუცები რჩებოდნენ, ვისაც ეგონა, რომ „მე ხელს არ მახლებენ, მოხუცი ვარო", მაგრამ მაინც აჰყავდათ და თუ მორალზე მიდგა საქმე, აი, ეს ხდებოდა - ჩვენებს არ აჰყავდათ მოხუცები, აფხაზებს აჰყავდათ და მერე უმწეო ადამიანების გამოყვანაზე იყო ჭიდაობა."

უკაცრავად თუ წავიტრაბახებ, მაგრამ მე, აწ გარდაცვლილი სოსო მარგიშვილი და ეს ზემოთხსენებული ჯგუფი რომ არ ყოფილიყო, ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×