
მავნებლები და ქვეყნის გამყიდველები მტრულ საქმიანობას აგრძელებენ, ქართველ სამხედროებს ჯერ ომის დანაშაული დააბარალეს, ახლა მათი რუპორი ბარამიძე იმავეს აგრძელებს და საზოგადოებას ატყუებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.
მაჭავარიანის თქმით, გია ბარამიძეს საბოტაჟის მორიგი მცდელობა აქვს.
„ეს მისი მხრიდან წამოცდენა არ იქნება, მგონია, რომ ეს საბოტაჟის მორიგი მცდელობაა. უნდათ, მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ თითქოს ქართველები ასეთი მეთოდებით ვიბრძვით. ამ ყველაფერს ქვეყნის ღალატი აღარ ჰქვია. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კოორდინორებულია, რათა ჩვენი ჯარისკაცების დისკრედიტაცია მოახდინოს და აფხაზეთთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი საქართველოს უფრო დაუმძიმოს. ჩვენ ჩვენი ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს და შემოსარიგებელი გვყავს ჩვენი ძმები და დები. რა გათვლაცაა გაკეთებული, მათი გადმოსახედიდან, ასეთი განცხადებები ამ ყველაფერს ართულებს. რა თქმა უნდა, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი დაგეგმილია, ამის ჩაშლას აპირებენ და ეს პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.