
სუს-მა უცხოეთიდან მართული ყალბი ანგარიშების მიერ რუსი ტურისტების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უწყება და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ პროცესს საქართველოს ეკონომიკის დაზიანებისკენ მიმართულ კოორდინირებულ კამპანიად აფასებენ, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი რუსეთის სასაეგებლოდ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
მათიცე შეფასებით, კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.
„ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა „იქსზე" რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება. კერძოდ საუბარი იყო, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.
„მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ-მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაცია აგვისტოს დასაწყისში „ტელეგრამ" არხმა „მაშმა" (Mash) გამოაქვეყნა. მასში მოყვანილი „იქსზე" ვინმე ლევანის ისტორია, რომელიც აცხადებდა, რომ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს, სადაც ცოტა ხნის წინ რუს ტურისტებს გაფუჭებული ხორცით ხინკლი მიართვა და თან ფარშში მოშარდა. ასევე, საკვებში აფურთხებდა. ამასთან, სხვა რუსმა ტურისტებმაც გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც ამბობდნენ, რომ საქართველოში მათი სასტუმროს ნომრებს მიზამიმართულად არ ასუფთავებდნენ, რადგან ისინი რუსები იყვნენ.
„მაშმა" ასევე გავრცელა ინფორმაცია, რომ თელავში გამართულ სკანდალური ქორწილში რუსების ცემის შესახებ გახმაურებული ინციდენტის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების ნაკადი, სავარაუდოდ, 4.5%-ით შემცირდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ზოგიერთმა ტურისტულმა სააგენტომ უარი თქვა საქართველოში ტურების განხორციელებაზე.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ეს დაიწყო სწორედ ამ თელავის ინციდენტის შემდეგ. მანამდე ამაზე არ ყოფილა ასეთი რეაქცია. ვფიქრობ, საქმე გვაქვს კარგად კოორდინირებულ კამპანიასთან."
აღსანიშნავია, რომ სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წის უსწრებდა პრემიერ ირაკლი კობახიძის ვრცელი პოსტი „ფეისბუქზე", სადაც „რუსოფობიაზე" საუბრობდა.
„მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია". ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის", - აცხადებს კობახიძე.
მიდის თუ არა მიზანმიმართული კამპანია
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებში ასეთი კამპანია რეალურად მიდის და მისი მიზანია საქართველოს ტურიზმსა და ეკონონიკას ზიანი მიადგეს.
„სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ ამას წინასწარ დაგეგმილი სახე ჰქონდეს, რადგან, ვფიქრობ, აქ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელთა მიზანიც არის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ ხელისუფლებას ყველა სფეროში და მათ შორის ეკონომიკაში. მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყარო, ჩვენ ვცდილობთ, რომ ქვეყანა გავხადოთ ტურისტებისთვის მიმზიდველ დანიშნულებად. შესაბამისად, ურტყამენ ყველაზე მეტად მგრძნობიარე წერტილში, რომ აქ შემცირდეს ტურისტების რაოდენობა, საქართველოს იმიჯი საზღვარგარეთ დაზიანდეს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი სახელმწიფოსი და აქედან გამომდინარე, ამან ასახვა ჰპოვოს ძალიან ბევრ სფეროზე.
„მოგეხსენებათ, აქ არის ძალიან ბევრი სასტუმრო, არის მასპინძლობისა და რესტორნების ბიზნესი, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული სწორედ ტურისტების შემოდინებაზე. თუ ტურისტების რაოდენობა დაიკლებს დრამატულად, ეს იმოქმედებს მათ შემოსავლებზე, გამოიწვევს მათ უკმაყოფილებას. ამას დააბრალებენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას და აგორდება ანტისახელისუფლებო განწყობები. ანუ, ეს არ არის ერთჯერად ეფექტზე გათვლილი ქმედება, ეს არის გათვლილი გრძელვადიან ეფექტზე. შესაბამისად, მათ აქვთ კონკრეტული მიზანი, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ.
- დავით ზურაბიშვილი: „ყველაფერი რუსების გასაგონად არის გაკეთებული - რომ „აი, ჩვენ თქვენი მოქალაქეების ინტერესებს როგორ ვიცავთ". მხოლოდ ამიტომ, თორემ ასეთ სიდებილეზე სერიოზულად გამოძიებას როგორ დაიწყებდნენ?!"
„მოგეხსენებათ, თელავის ინციდენტი რომ მოხდა, საკმაოდ ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მათ შორის, რუსეთშიც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამაზე საუბარი და შესაბამისად, შეიქმნა ისეთი ნარატივი, თითქოს საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ექცევიან ცუდად. ჩვენ ხომ ვნახეთ ადრე ოპოზიციური ჯგუფების მიერ გავრცელებული ასეთივე მოწოდებები, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, რომ „ჩაუფურთხეთ რუს ტურისტებს საჭმელში", „შეუქმენით დისკომფორტი" და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ვუყურებთ თითქმის ყოველდღე. აგერ, ახლახან მიეჭრნენ სადღაც კაფეში რუს ტურისტებს და ანტირუსული შეძახილებით დისკომფორტს უქმნიდნენ. ეს ყველაფერი გროვდება, გროვდება და შემდეგ შეიძლება, გარკვეულწილად, მართლაც ასახოს იმაზე, რომ ვიღაცებმა აქ ჩამოსვლისგან თავი შეიკავონ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო პრობლემები", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსის, დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ამაზე გამოძიების დაწყება სისულელეა.
„ნუ, ახლა, ეს ისეთი სისულელეა და ამისთანა იდიოტობაზე გამოძიებას სუს-ი იწყებს? პრინციპში, ძალიან უნდათ რუსებს ასიამოვნონ. ისინი ავალებენ ასე და ესენიც აკეთენ - აჩვენებენ, რომ არიან თავგამოდებულები. ყველაფერი რუსების გასაგონად არის გაკეთებული - რომ „აი, ჩვენ თქვენი მოქალაქეების ინტერესებს როგორ ვიცავთ". მხოლოდ ამიტომ, თორემ ასეთ სიდებილეზე სერიოზულად გამოძიებას როგორ დაიწყებდნენ?! მითუმეტეს, როცა ჭორების დონეზეა, რაღაც ფაქტები ხომ არ არსებობს? რუს ტურისტებს ბევრი რომ არ მოექცევა კარგად, ესეც გასაგებია, რადგან ქართველები მათ მაინცდამაინც აღფრთოვანებით არ მიიღებენ. ეს ყველაფერი კი კობახიძის პოსტთან პირდაპირ კავშირშია, შეთანხმებულია", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს
ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ამის უკან გარკვეული ჯგუფები დგანან. მისი შეფასებით, ნაწილობრივ ეს კავშირშია წინა დღეს პრემიერის ვრცელ წერილთან რუსოფობიასთან დაკავშირებით.
„არიან ე.წ. „აქტივისტები", როგორც საკუთარ თავს უწოდებენ, რომლებიც ამით არიან დაკავებული. ეს არის ქსელი, რომლის კოორდინაციასაც აწარმოებენ კონკრეტული ადამიანები, ვინც ხელმძღვანელობს ამ პროცესს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ვარაუდია, შეიძლება ახლა ვერ ვამტკიცებდე და 100%-იანი სიზუსტით ვერ ვამბობ, მაგრამ როგორც მე ვუყურებ, მას ჰყავს თავისი კოორდინატორები, დამგეგმავები, ხელმძღვანელები, რომ ამან ასეთი ვირუსული ხასიათი მიიღო, ვრცელდება და მიმდინარეობს, არ ჩერდება. ეს დაიწყო სწორედ ამ თელავის ინციდენტის შემდეგ. მანამდე ამაზე არ ყოფილა ასეთი რეაქცია. ვფიქრობ, საქმე გვაქვს კარგად კოორდინირებულ კამპანიასთან", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
მისივე შეფასებით, პრემიერ კობახიძის ვრცელი პოსტი რუსოფობიაზე შეიძლება უბრალოდ დროში დაემთხვა სუს-ის გამოძიებას.
„წინა დღეს კობახიძის მიერ რუსოფობიაზე საუბართან ასეთ მთლად პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ, მაგრამ გარკვეულწილად ეს ეხმიანება იმას, რომ რუსეთის მიმართ ყოველთვის არსებობდა ნეგატიური განწყობები, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, იმ ურთიერთობებიდან და იმ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ქართველ ერს აქვს რუსეთთან მიმართებაში.
„თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამ ანტირუსულმა განწყობებმა მიიღო განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი. ანუ, 2008 წლის ომის შემდეგ კი იყო, რა თქმა უნდა, ანტირუსული განწყობები, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ასეთი ინტენსიური გამოვლენა მათ არ ჰქონიათ. ინტენსიური გამოვლენა შეიძინეს სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამაზე იყო აქცენტი ირაკლი კობახიძის წერილშიც და ის ამას უკავშირებდა სწორედ იმ კონკრეტულ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც ტარდებოდა ოპოზიციური ძალების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება დაედანაშაულებინათ პრორუსულ ორიენტაციაში. სწორედ ამ ანტირუსული განწყობების ასეთ უეცარ აფეთქებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყენებდნენ იმისთვის, რომ მათ ეს პროპაგანდისტული ნარატივი რაღაცაზე დაემყარებინათ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".