
როცა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა, აგვისტოს ომიდან მალე, ამერიკამ რუსეთთან ურთიერთობა გადატვირთა, როცა მოსკოვში აღლუმი იმართებოდა, იქ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ აგენტურას დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი და ისე იქცეოდნენ, როგორიც დავალება იყო.
„მათ უფლება არ აქვთ, რომ სხვანაირად იფიქრონ ან სხვა რიტორიკით გაავრცელონ საკუთარი ნარატივი. რუსებს საზღვარზე ხვდებოდნენ და ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო. მაშინ, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ხმა მისცეს. სამარცხვინო რეზოლუციაც გახსოვთ, როცა ქართველ გმირ სამხედროებს ომის დანაშაულში მონაწილეობა დააბრალეს. როცა დღის წესრიგი შეიცვალა და კონკრეტული ძალებისთვის რუსეთის გაშავება მნიშვნელოვანი გახდა, აგენტურამ სხვა მესიჯბოქსი მიიღო და მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე. აგენტურული ოპოზიცია თავის მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად დამოკიდებულია პატრონების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან და როგორ, ზუსტად იმას აკეთებენ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.