რეზონანსი
05.08.2026

ადვოკატებმა ალექსანდრე ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იურისტების თქმით, საქმის ტერორიზმის მცდელობად კვალიფიკაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დაფუძნებული.

„სააპელაციო ინსტანციასა და შემდგომ ინსტანციებში გვაქვს იმედი, რომ არალოგიკური განაჩენი, რომელიც გამოიტანა პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაუქმდება და შეიცვლება. შეუძლებელია ორი ბოთლი ბენზინით იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ეს საქმე ნათელი დასტურია, რომ ალექსანდრე იდევნება ოპოზიციური, პოლიტიკური შეხედულებების გამო, არის პირადი შურისძიების მსხვერპლი, ფაქტობრივად, რუსული განაჩენის აღსრულება ხდება, ელისაშვილის უკრაინის სასარგებლოდ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის“, - განაცხადა ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. პოლიტიკოსს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად დაწყებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა, შემდეგ ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით შეიცვალა.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე - ერთ-ერთია სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენის საქმე. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან. ამასთან, ელისაშვილს ბრალად ედება სასამართლოს უპატივცემულობა - ბრალდების მხარის ცნობით, ელისაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე პოლიციელს „არაკაცი“ უწოდა. საუბარია შოთა ჭიპაშვილზე, რომელსაც ალეკო ელისაშვილი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×