
შოვის ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგაც კი, კურორტის განაშენიანების გეგმა ისევ ძალაშია. სპეციალისტების განცხადებით, დოკუმენტი, რომელიც შოვის ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო, ჯერ არ გაუქმებულა, რაც რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ არაკეთილსინდისიერმა პირებმა კურორტის განაშენიანებისთვის გამოიყენონ.
ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე შოვის განაშენიანების გეგმის გაუქმებას კატეგორიულად ითხოვს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტრაგედიის შემდეგ, გარემოს დაცვის სააგენტოს ინიციატივით შექმნილი კომისიის დასკვნით, ამ ტერიტორიაზე დამატებითი განაშენიანება დაუშვებელია. „რეზონანსთან“ საუბრისას ნინო ჩხობაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შოვის განაშენიანების გეგმა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის დეკემბერში, ანუ ტრაგედიამდე ნახევარი წლით ადრე მიიღო, ჯერ არ გაუქმებულა.
„სამწუხაროდ, კურორტის განაშენიანების გეგმა ჯერ კიდევ არსებობს. ძალიან კარგად მახსოვს, რომ გარემოს დაცვის სააგენტოს ამ გეგმის შეფასება არ გაუკეთებია და სატელევიზიო სიუჟეტებიც კი არსებობს, რა ხდებოდა ონის საკრებულოს სხდომაზე, ზუსტად მისი მიღების დროს.
2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა შოვის ტრაგედია, თუმცა განაშენიანების გეგმა არც ამ ტრაგედიის შემდეგ გაუქმებულა. მოგვიანებით, გარემოს დაცვის სააგენტომ შექმნა კომისია, ამ კომისიის წევრი მეც ვიყავი და მივიღეთ დასკვნა, რომ შოვში არ შეიძლება არანაირი მშენებლობა, რადგან იქ ჯერ კიდევ არის იქ ღვარცოფის ჩამოწოლის საშიშროება. ეს ერთადერთი დოკუმენტია, სადაც მკაფიოდ წერია, რომ არ შეიძლება მშენებლობა და ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
„რეზონანსის“ კითხვაზე, არსებობს თუ არა შოვში განაშენიანების საშიშროება, ანუ ვინმე ხომ არ გეგმავს კურორტის აღდგენას, ჩხობაძემ გვიპასუხა, რომ ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს.
„რამდენადაც ვიცი, ვიღაცები მართლაც გეგმავენ შოვის ტერიტორიაზე განაშენიანებას და ელოდებიან დროს, რომ იქნებ, ვინმემ შეიცვალოს პოზიცია. თუმცა, ეს პოზიცია არ შეიცვლება, რადგან როგორც გითხარით, სპეციალისტებმა საკმაოდ მკაცრი დასკვნა წარმოადგინეს. არ შეიძლება ტერიტორიაზე განაშენიანება იმიტომ, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა. თუ რამ მართლაც უნდა გაკეთდეს, ამისთვის სხვა ადგილი უნდა შეირჩეს, ოღონდ შოვის მიმდებარედ - არა“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძე.
მისი თქმით, უწყება, რომელსაც შეუძლია შოვის განაშენიანების გეგმის გაუქმება, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმა წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო, ახალი მოწვევის საკრებულოს ძველი დოკუმენტების რევიზიის უფლება აქვს.
„ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, გამოითხოვოს ძველი დოკუმენტი მისი რევიზიის მიზნით და ამის შემდეგ მოითხოვოს მისი გაუქმება. თითქოს ჩვეულებრივი ფორმალობაა, მაგრამ ამაში ძალიან სერიოზული საფრთხეა. ზოგადად, ეკონომიკის სამინისტროსაც შეუძლია ამ დოკუმენტის გაუქმება, მაგრამ უმჯობესია, ეს ონის საკრებულომ გააკეთოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ჩხობაძემ.
მართალია, შოვის ტრაგედიის თემაზე არ უმუშავია, მაგრამ როგორც სპეციალისტი, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ მდინარის კალაპოტში განაშენიანება დაუშვებელია.
„მე ამ თემაზე არ მიმუშავია, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - მდინარის კალაპოტში მშენებლობა არ შეიძლება! იმიტომ არის კალაპოტი, რომ ერთხელაც იქნება და ის ადიდდება, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვება.
ფაქტია, რომ თუკი შოვის განაშენიანების გეგმა მართლაც არსებობს, იქ რისკები და საფრთხეც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. მეტიც, განაშენიანების გეგმა საზოგადოების ფართო აუდიტორიის განხილვისა და მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ დათო ჭიპაშვილმა.
განაშენიანების გეგმა რომ ნამდვილად არსებობს და ტრაგედიიდან სამი წლის თავზეც კი არ გაუქმებულა, ამ მოცემულობას გარემოს დაცვის კიდევ ერთი სპეციალისტი, მამუკა გვილავა ადასტურებს.
„2022 წლის 22 დეკემბერს, ანუ შოვის ტრაგედიამდე დაახლოებით ნახევარი წლით ადრე დამტკიცდა შოვის განაშენიანების გეგმა. სხვათა შორის, ის დღესაც ძალაში.
როგორც ვიცით, შოვის ტრაგედიის დროს, გარემოს ეროვნული ანგარიშის თანახმად, 60 ჰექტარი მოწყდა მყინვარს და დაახლოებით 40 ჰექტარი დაფარა. რომ ვნახოთ განაშენიანების გეგმა და მისი მთავარი რუკა, სატელიტებიდან ძალიან კარგად ჩანს და ყველას შეუძლია ამის ნახვა, ზუსტად ერთი-ერთში ემთხვევა ამ ადგილს.
ამაზე არაადეკვატური დაგეგმვა არაფერი მინახავს. ვთქვათ, არ იცოდნენ რა მოხდებოდა, მაგრამ სამი წელი გავიდა და ეს გეგმა არ გაუქმებულა. არადა, ბუნებამ გვაჩვენა, რა შეიძლება მოჰყვეს იქ განაშენიანებას და რატომ არ აშენებდნენ იქ არაფერს ჩვენი წინაპრები.
დოკუმენტსრომ ჩახედოთ, იქ არის რამდენიმე მრავალსართულიანი შენობის გეგმაც კი - 16-მეტრიანი, 18-მეტრიანი. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ათასი საწოლი უნდა იყოს იმ შენობებში და კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" მამუკა გვილავამ.