
რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების მოლოდინი სულ ოფრო იზრდება. ამაზე მიუთითებს როგორც მედიაში სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობები, ისე რუსეთის ხელისუფლების ზოგიერთი გადაწყვეტილება. ეს კი ნიშნავს, რომ ახლო მომავალში რუსეთიდან შეიძლება ლტოლვილთა ახალი ტალღა დაიძრას, მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც.
არაოფიციალური ინფორმაციით, მობილიზაცია ოფიციალურად 20 სექტემბერს დაგეგმილი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ გამოცხადდება. როგორც დასავლური მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, შემოდგომაზე რუსეთში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მობილიზაცია იგეგმება და ეს დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სურვილთან, რომ წლის ბოლომდე ნებისმიერ ფასად დაიკავოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკი ოლქების მთელი ტერიტორია.
როგორც „უოლ სთრით ჯორნალი" წერს, რუსეთში მობილიზაციის პირველი ტალღა რეზერვისტებსა და სამხედრო გამოცდილების მქონე პირებზე იყო ორიენტირებული, „ახალ ფაზაში კი ჩაერთვებიან ისეთი პირები, ვისაც სამხედრო გამოცდილება საერთოდ არ აქვს, ან აქვს მინიმალური".
გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ „ასეთი გადაწყვეტილების პოლიტიკური რისკები შესაძლოა გაცილებით დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე პოტენციური სამხედრო სარგებელი". ამავე ინფორმაციით, „ზოგიერთი რუსი წინააღმდეგობის გაწევის მზადყოფნასაც კი გამოთქვამს". ერთ-ერთმა პოტენციურმა 53 წლის წვევამდელმა განაცხადა, რომ როგორც კი იარაღს მიიღებს, მათ ესვრის, ვინც მობილიზაცია განახორციელა.
- „მობილიზაციის პირველი ტალღა რეზერვისტებსა და სამხედრო გამოცდილების მქონე პირებზე იყო ორიენტირებული, ახალ ფაზაში კი ჩაერთვებიან ისეთი პირები, ვისაც სამხედრო გამოცდილება საერთოდ არ აქვთ, ან აქვთ მინიმალური".
როგორც რუსი სამხედრო ექსპერტი, ანალიტიკოსი და მოსკოვში მდებარე „სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის" დირექტორი რუსლან პუხოვი ამბობს, თუ „პუტინი დონბასის რეგიონის მთელი ტერიტორიის ხელში ჩაგდებას დაჟინებით მოითხოვს, მას შეიძლება უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩეს, გარდა მობილიზაციის გამოცხადებისა".
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში უკვე სერიოზული მზადებაა, რაც მოსახლეობამაც იცის და უკვე გადიან ლტოლვილთა ნაკადები ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოშიც შესაძლოა შემოვიდნენ, თუმცა ისეთი დიდი ტალღა არა, როგორიც 2022 წლის შემოდგომაზე, რუსეთ-ურაინის ომის დასაწყისში იყო.
ნიშნები, რომლებიც მობილიზაციისთვის მზადებაზე მიუთითებენ
რამდენიმე გარემოება უკვე პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ მობილიზაცია მართლაც იგეგმება. რუსული „ტელეგრამ" არხები წერენ, რომ ფედერალური უძრავი ქონების სააგენტოების ქსელმა „ეტაჟიმ" უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გარიგებამდე კლიენტებისგან რეესტრიდან ამონაწერების მოთხოვნა დაიწყო. სააგენტო ასეთ ამონაწერებს 18-დან 65 წლამდე ასაკის მყიდველებისა და გამყიდველებისგან ითხოვს.
კომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმ რისკს, რომ „როსრეესტრმა" (უძრავი ქონების სახელმწიფო რეგისტრაციის, საკადასტრო აღრიცხვისა და კარტოგრაფიის ფედერალურმა სამსახურმა) შესაძლოა უძრავი ქონების რეგისტრაცია შეაჩეროს, თუ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფმა პირმა უგულებელყო ჯარში გამოძახება და უკვე დაექვემდებარა სამართლებრივ შეზღუდვებს.
კომანიის დირექტორმა სერგეი ჩუჟაკოვმა „კომერსანტთან" განაცხადა, რომ კომპანია მუდმივად აანალიზებს პოტენციურ რისკებს და გარიგებების უსაფრთხოების გასაზრდელად დამატებით შემოწმებებს ნერგავს. მისი თქმით, ამ ახალი მოთხოვნის აუცილებლობა პრაქტიკამაც დაადასტურა - ერთ-ერთ შემთხვევაში „როსრეესტრმა" გარიგების რეგისტრაცია შეაჩერა, რადგან გამყიდველი, გაწვევის უწყების მიუხედავად სამხედრო კომისარიატში არ გამოცხადდა.
სხვა წყარეობის ცნობით, რუსულ კომპანიებში მენეჯერებმა, ბუღალტრებმა და კადრების განყოფილების უფროსებმა თანამშრომლების მობილიზაციისთვის მზადება დაიწყეს. 2026 წლის ივლისში გამოცემა „ინსაიდერმა" ყურადღება გაამახვილა მასალებზე, სადაც აღნიშნულია, თუ "როგორ უნდა ხდებოდეს რუსულ კომპანიებსა და დაწესებულებებში სამხედრო აღრიცხვა მობილიზაციის პირობებში".
7 ივლისს ინტერნეტ-პორტალმა „ბიზნეს.რუ" გამოაქვეყნა მიმოხილვა სახელწოდებით „მობილიზაციის ბრძანება" მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის", სადაც გაწერილია დეტალური ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გადაამოწმონ დამსაქმებლებმა თანამშრომლების მობილიზაციის ბრძანებები და აკონტროლონ ასეთი დოკუმენტების შესრულება.
რუსულმა ბუღალტერულმა ჟურნალმა „გლავბუხმა3 24 ივლისს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „გაწვევის რიგითობა მობილიზაციის დროს", რომელიც ორგანიზაციებს უხსნის, თუ „როგორ უნდა აკონტროლონ დამსაქმებლებმა მობილიზაცია 2026 წელს".
კიდევ ერთმა რუსულმა ბუღალტერულმა ჟურნალმა „რასიისკი ნალოგოვი კურიერმა" ერთი კვირის წინ გამოსცა გზამკვლევი სახელმწოდებით „მობილიზაციის დროს გაწვევის რიგითობა". ეს ინსტრუქცია ეძლევათ, როგორც კადრების განყოფილების ხელმძღვანელებს, ისე ბუღალტრებს, რათა მეტად იყვნენ ინფორმირებულები, რომ „სწორად აწარმოონ სამხედრო ჩანაწერები, სწორად უპასუხონ თანამშრომლების გამოძახებასა და მობილიზაციის ბრძანებებს და აცნობონ შესაბამის სამსახურებს".
წამოვა თუ არა ლტოლვილთა ტალღა საქართველოსკენ
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუს ლტოლვილთა ნაკადი საქართველოსკენ ნამდვილად მოსალოდნელია, თუმცა არა ისეთი დიდი, როგორიც ომის საწყის პერიოდში იყო და ხელისუფლებამ ეს ტალღა უნდა გაფილტროს.
„ხელისუფლება დიდი ხანია უნდა მოქცეულიყო ისე, რომ სავიზო რეჟიმი შემოეღო. კახეთის ინციდენტმაც კარგად აჩვენა როგორ თავხედურად, უტიფრად იქცევიან რუსი ტურისტები თუ ის ხალხი, ვინც საქართველოში რაღაც თავშესაფარს ეძებს. მაგრამ, მეორე მხრივ, არ მგონია დიდი ტალღა წამოვიდეს.
- პაატა ზაქარეიშვილი: „ახლა იმდენად ვერ ვიგრძნობთ ამ ტალღას, როგორც ადრე, მაგრამ იქნება მეტი მოთხოვნა საქართველოში ჩამოსვლის, რაღაც ბინების ყიდვის, ან დაქირავების და ასე შემდეგ."
„წამოსვლით წამოვიდნენ და ახლა ნელ-ნელა შემოდიან. ყველამ იცის, რომ დუმის სექტემბრის არჩევნების შემდეგ, რუსეთი მობილიზაციას აშკარად გამოაცხადებს. სავიზო რეჟიმი თუ არ შემოიღო (ხელისუფლებამ), ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც იყო. ახლა იმდენად ვერ ვიგრძნობთ ამ ტალღას, როგორც ადრე, მაგრამ იქნება მეტი მოთხოვნა საქართველოში ჩამოსვლის, რაღაც ბინების ყიდვის, ან დაქირავების და ასე შემდეგ. მე ისეთ დიდ ტალღას არ ველოდები, როგორც იყო 2022-23 წლებში, მაგრამ იქნება რაღაც გარკვეული ფორმა.
„საქართველოს ხელისუფლება არაფერს გააკეთებს. მან რაღაცნაირად უნდა გაფილტროს ეს ტალღა. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ აქეთ გზა აღარაა და სხვაგან ეძებონ, თუნდაც ყაზახეთში, ყირგიზეთში და ა.შ. მაგრამ, როცა ხედავენ სავიზო რეჟიმი არაა, ხედავენ აი ამ ხვრელს, რომ შეიძლება აქ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეეტიოს და გაძვრეს, მერე გვიწყობენ ისეთ სპექტაკლებს, როგორც კახეთში ვნახეთ და უამრავ სხვა ადგილზე ვხედავთ ხოლმე.
„რაკი ხედავენ ეკონომიკურ სარგებელს, ბევრ ფულს და ა.შ. ამ ეტაპზე არ ველოდები „ქართული ოცნებიდან" რაღაც გარკვეულ ცვლილებებს ამ მიმართულებით", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.