
ენმ-ში არ გამორიცხავენ, რომ პარტიას რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას და ხელისუფლებამ ამის საბაბად პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადება გამოიყენოს, რომელმაც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმურად გამოაცხადა. ამის საპასუხოდ ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიისთვის რეალურ საფრთხეს მისი განცხადებები კი არა, შიდა „იაფფასიანი მანიპულაციები" წარმოადგენს.
ოთხშაბათს, 5 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაა დაგეგმილი, რომელიც პარტიაშ მორიგი სკანდალისა და განხეთქილების ფონზე ჩატარდება. ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ სწორედ ზემოთ ნახსენებ 30 ივლისის სხდომაზე მიიღო.
ყრილობამდე ერთი დღით ადრე პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყრილობის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, სხდომაზე აირჩევენ დროებით მმართველ ორგანოებს, რომლებიც პარტიას 6-თვიან გარდამავალ პერიოდში უხელმძღვანელებენ; შეიქმნება რეფორმირების ბორდი, რომელიც მთლიანად არაპარტიული პირებისგან დაკომპლექტდება. მას სათავეში თავად მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კი იქნება აღმასრულებელი მდივანი.
სააკაშვილის თქმით, ბორდის მიზანი იქნება პარტიაში განსახორციელებელი ცვლილებების შეფასება და რეფორმების რეკომენდაციების მომზადება, სუბიექტური გავლენების გარეშე. დროებითი მმართველობა იმუშავებს მანამ, სანამ ბორდი საბოლოო რეკომენდაციებს წარადგენს. დროებით მმართველობაში კი, სააკაშვილის განცხადებით, უნდა იყვნენ წარმოდგენილი პარტიის მოქმედი ლიდერები სრული შემადგენლობით „მიუხედავად შიდა უთანხმოებებისა".
თუმცაღა, შესაძლოა, ყრილობის გადაწყვეტილებები უკანონიდ ჩაითვალოს. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუ „ნაცმოძრაობის" წესდების თანახმად, ყრილობის თარიღს პოლიტსაბჭო ადგენს და პოლიტსაბჭოზე ქვორუმი არ იყო, მაშინ მის მიერ დადგენილი ყრილობის თარიღიც და ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერად არ ჩაითვლება.
ასევე, თუ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მიღებულია წესდების დარღვევით და ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება რეესტრში გატარებას, მაშინ რეესტრი ამას არ გაატარებს.
ყრილობის დეტალები
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე" წერს, რომ ყრილობა „აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების ბორდი".
„რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან. ამ ბორდს მე ვუდგავარ სათავეში და ნანუკა არის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და არაპარტიული შემადგენლობა გვჭირდება იმისთვის, რათა გვერდიდან დავინახოთ მოძრაობაში განსახორციელებელი ცვლილებები და ზუსტი რეკომენდაციები დავდოთ, სუბიექტური მომენტების გარეშე.
„რაც შეეხება დროებით მმართველობას, ის იფუნქციონირებს 6 თვე, რეფორმათა ბორდის საბოლოოო რეკომენდაციებამდე და მათში წარმოდგენილი უნდა იყოს დღევანდელი ლიდერშიპი სრული შემადგენლობით, მიუხედავად კამათისა და ერთმანეთის მიმართ პიროვნული დამოკიდებულებებისა.
„ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა. ავიღოთ ყველამ მაგალითი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც პირადზე მაღლა ყოველთვის საერთო ბრძოლის ინტერესებს აყენებს. აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პატრიოტი და პოლიტიკოსი.
„ნაციონალური მოძრაობა" ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიის და იდეების დახმარებით (ბევრ რამეში ის ჩემს ადრეულ თავს მაგონებს) მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს და მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე", - წერს სააკაშვილი.
დაპირისპირება პარტიაში
„თუ რაიმე საფრთხეს უქმნის ენმ-ს, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებელი", - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა.
ეს იყო ბოკუჩავას პასუხი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას" ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა" რეგისტრაციაში არ გაატარონ. მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ცისკარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეჭვი აქვს, ქართულ ოცნებას" გაუხარდება „ამ მინიშნებებიდან გამომდინარე, დამატებით იქექონ ჩვენს საბუთებში".
თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებისგან საერთაშორისო წნეხი აკავებს, რომლის შენარჩუნებაშიც ენმ-ის საგარეო გუნდმა, მათ შორის პირადად მან, დიდი როლი ითამაშა და თუ რაიმე საფრთხეს უქმნის ენმ-ს, ეს არის „იაფფასიანი მანიპულაციები".
ენმ-ის პოლიტსაბჭოს 30 ივლისის სხდომაზე ბოკუჩავა არ ესწრებოდა. მან 1-ლ აგვისტოს „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ 30 ივლისს ჩატარებული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო, რადგან პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, სხდომას კი 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, „ქვორუმით მანიპულირება და პოსტ-ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს ქვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ" მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში".
მანამდე, ბოკუჩავა გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ და მის განცხადებებს „თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა" უწოდა.
ქვორუმის არარსებობის სამართლებრივი შედეგები
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ „ნაცმოძრაობის" წესდების თანახმად, ყრილობის თარიღს პოლიტსაბჭო ადგენს და პოლიტსაბჭოზე ქვორუმი არ იყო, მაშინ მის მიერ დადგენილი ყრილობის თარიღიც და ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერად არ ჩაითვლება.
„თუ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ იყო ქვორუმი, მაშინ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებები მიღებულად ვერ ჩაითვლება. არ ვიცი „ნაცმოძრაობაში" როგორ ხდება, მაგრამ თუ პოლიტსაბჭო ნიშნავს ყრილობის თარიღს, მაშინ ეს თარიღი დაწესებულად, დადგენილად ვერ ჩაითვლება. თუ ყრილობის მოწვევის უფლება აქვს სხვასაც, მაგალითად პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს ან ვინმეს, მაშინ იმათ შეეძლებათ მოიწვიონ ყრილობა.
„თუ ყრილობის მოწვევის სხვა წესი არ არსებობს, მაშინ ქვორუმის არმქონე პოლიტსაბჭოს მიერ დანიშნული ყრილობის თარიღი კანონიერად არ ჩაითვლება. ან სხვა წესით უნდა დანიშნონ ყრილობის თარიღი, ან ხელახლა მოიწვიონ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ქვორუმი იქნება და იმან დანიშნოს თარიღი.
- ვახტანგ ხმალაძე: „თუ გადაწყვეტილება მიღებულია წესდების დარღვევით და ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება რეესტრში გატარებას, მაშინ რეესტრი ამას არ გაატარებს".
„თუ გადაწყვეტილება მიღებულია წესდების დარღვევით და ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება რეესტრში გატარებას, მაშინ რეესტრი ამას არ გაატარებს. წესდება დაცული უნდა იქნას, ყველაფერი წესდების დაცვით უნდა გაკეთდეს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფერს თავისი დადგენილი წესი აქვს და თუ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ ქვორუმი არ იყო, ეს შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ პარტია რეგისტრაციაში არ გაატარონ. შესაბამისად, მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ 5 აგვისტოს ყრილობაც და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც არაკანონიერად ჩაითვალოს.
„თუ, ვთქვათ, იუსტიციის სამინისტროში ჩათვალეს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები ლეგიტიმური არაა, გაყალბებულია, ან თვითონ პარტიის წესდებას ეწინააღმდეგება, რომელიც ქვორუმის გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს, როგორ იქნება ლეგიტიმური? თუ ღონისძიებას არ დაესწრო პარტიის წესდებით დადგენილი ქვორუმით გათვალისწინებული რაოდენობა, ეს შესაძლოა გახდეს მიზეზი იმისა, რომ პარტიას რეგისტრაციაში გატარება არ მოხდეს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
რას ნიშნავდა ცისკარიშვილის განცხადება
როგორც ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, ცისკარიშვილის განცხადება პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირეით მოსალოდნელ პრობლემებზე, ჰგავდა „თავის დაძვრენის მცდელობას", რომ თუ პარტია რეგისტრაციაში არ გაატარეს, ეს ბოკუჩავას დაბრალდეს.
„როდესაც ასეთი პოლიტიკური ბრძოლაა დაწყებული, ყველას აქვს თავის ჯიბეში სხვადასხვა არგუმენტები. პეტრე ცისკარიშვილმა სცადა, რომ ბოკუჩავა, ფაქტიურად, „ნაციონალური მოძრაობის" უკვე ჩამოყალიბებულ ოპონენტად და მტრად გამოეყვანა. ანუ მისგან შეექმნა მტრის ხატი, რომ თუ, დავუშვათ, „ნაციონალურ მოძრაობას" რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ეს ბოკუჩავას დაბრალდეს და ამან კიდევ უფრო მეტად შეასუსტოს მისი პოზიციები პარტიაში, რადგან დარწმუნებული ვარ, პეტრე ცისკარიშვილის გარდა მისკენ პარტიაში სხვებიც დაიწყებენ თითის გაშვერას, იმიტომ, რომ ამის ნიადაგი უკვე შექმნილია იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც პარტიის ცალკეულმა ლიდერებმა ბოკუჩავას მისამართით გააკეთეს, მათ ის სერიოზულად გააკრიტიკეს.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ცისკარიშვილმა სცადა ბოკუჩავასგან შეექმნა მტრის ხატი, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას" რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ეს ბოკუჩავას დაბრალდეს"
„ამიტომაც ეს განცხადება იყო, ერთი მხრივ რაღაცნაირად თავის დაძვრენის მცდელობა, რომ თუ პარტიას რეგისტრაციის პრობლემები შეექმნა, ეს თინა ბოკუჩავას განცხადებას დაბრალდეს. მაგრამ, ამას, ჩემის აზრით, მოკლე ფეხები აქვს, რადგან შესაბამის სტრუქტურებს აქვთ ყველა საშუალება, რათა მოიძიონ, მართლა შედგა ქვორუმი თუ არა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.